ვინ დაესხა თავს ალექსი პეტრიაშვილს? - შსს-მ თავდასხმაში ბრალდებული დააკავა - კვირის პალიტრა

ვინ დაესხა თავს ალექსი პეტრიაშვილს? - შსს-მ თავდასხმაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სამართალდამცავებმა აღნიშნულ ფაქტზე 1975 წელს დაბადებული ლევან მ. დააკავეს. მისი აყვანა ბორჯომში მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხა. ლევან მ-მ, თანამზრახველთან ერთად, ალექსი პეტრიაშვილს თავის არეში ჩაქუჩით დაზიანებები, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. თავდამსხმელები მიიმალნენ. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილთან ახლოს დანაშაულის ჩადენის იარაღი – ჩაქუჩი და ბრალდებულის ქუდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ ლევან მ. მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბორჯომში დააკავა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქუდის შიდა ზედაპირიდან აღებული და დანაშაულის ჩადენის იარაღის – ჩაქუჩის ტარზე არსებული გენეტიკური პროფილების დნმ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი ლევან მ-ს გენეტიკური პროფილის იდენტურია. ასევე, ჩაქუჩზე არსებული ადამიანის სისხლის გენეტიკური პროფილის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ იგი ალექსი პეტრიაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ქვედა კიდურების და წელის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეომა სტაბილურია. "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში დაკითხეს.

იხილეთ ასევე: რა მოხდა ხუთი თვის შემდეგ?! - ვის ასახელებენ შემკვეთად პეტრიაშვილის ახლობლები?!