"ვინ არის ციციკორე კუკუმაშვილი, ვინც ბანკიდან "სულს ამოგხდით" გივი თარგამაძეს 745 000 დოლარი გადურიცხა?!" - სახუმარო პოლიტიკა კალაძისგან - კვირის პალიტრა

"ვინ არის ციციკორე კუკუმაშვილი, ვინც ბანკიდან "სულს ამოგხდით" გივი თარგამაძეს 745 000 დოლარი გადურიცხა?!" - სახუმარო პოლიტიკა კალაძისგან

გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ წარმოადგინა გადარიცხვის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი რუსული ბანკის ფილიალიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადმორიცხულია 1 100 000 დოლარი, მიზანში მითითებულია მშენებლობა, ხოლო ფულს რიცხავს ვინმე დავით ქარსელაძე.

თარგამაძის თქმით, ამ შეთანხმების გარანტორად დოკუმენტში მითითებულია ვიცე-პრემიერის კახა კალაძის პირადი ბანკი "კალა კაპიტალი". რაც შეეხება დავით ქარსელაძეს, როგორც გივი თარგამაძემ აღნიშნა, ის არის ცნობილი კრიმინალი მეტსახელად "კალატოზა", რომელიც შევარდნაძის დროს ფლობდა და არეკეტებდა სამარშრუტო ტაქსებს, როგორც თბილისში, ასევე უმეტეს რაიონებში.

მეორე დღეს პარლამენტში მისული ენერგეტიკის მინისტრი

კახა კალაძე დეპუტატ გივი თარგამაძის მიერ გავრცელებულ ბრალდებასაც გამოეხმაურა და მას ხუმრობით ასე უპასუხა:

"გუშინ ღამით მომაწოდეს დოკუმენტაცია, რომელშიც ასახულია თანხების გადარიცხვა რუსეთის ფედერაციიდან. გადარიცხვა ვინმე ციციკორე კუკუმაშვილმა, მეტსახელად "ბუღამ", გააკეთა. ბანკი არის "სულს ამოგხდით", გადმორიცხულია 745 000 დოლარი, ხოლო საქართველოში მიმღები ბანკია "ბოლო გაფრთხილება". თანხა გადმორიცხულია პარლამენტის ანგარიშზე და მითითებულია გივი თარგამაძე. ხოლო თანხის გამოყენების დანიშნულებად მითითებულია მახათების და ალკოჰოლის შეძენა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისთვის".

ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტებს იმიტირებული გადარიცხვის ფურცელიც აჩვენა.

მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შოუს მოწყობა სცადა, მათი განცხადებები მხოლოდ სიცრუეს და დემაგოგიას ეფუძნებოდა.