"ქვევრში მოთავსებული წყალი ჯერ კიდევ VIII საუკუნეში ან უფრო ადრე უნდა ეკურთხებინათ" - აღმოჩენა ყვარელში
"13 საუკუნის გაუხსნელ ქვევრში სრულიად ანკარა, მარგებელი თვისებებით გაჯერებული წყაროს წყალი აღმოჩნდა"
ჟურნალმა "გზამ" 10 მარტის ნომერში გამოაქვეყნა მეტად საინტერესო სტატია, სათაურით, "ტაძრის ნანგრევებში აღმოჩენილი წყლით სავსე ქვევრი V-VIII საუკუნით თარიღდება", რომლიდანაც გთავაზობთ ფრაგმენტებს:
ქალაქი ყვარელი. მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირი, გვიანანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების ეპოქის ნასახლარი - ეს მისამართი მალე ახალ ისტორიულ ძეგლთან მიგიყვანთ. დოლოჭოპის ნასახლარზე (ამ ადგილს ასე ეძახიან) ცოტა ხნის წინ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მკვლევრებმა V საუკუნით დათარიღებული ბაზილიკის ტიპის ტაძრის ნანგრევები აღამოაჩინეს. შესაძლოა, ეს მსოფლიოში ერთადერთი ადგილი აღმოჩნდეს, სადაც ტაძრის შიდა ტერიტორიაზე, საუკუნეების წინანდელი ნაკურთხი წყლით სავსე ქვევრი ინახებოდა.
ნოდარ ბახტაძე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი:
- მშრალ ნიადაგში, სრულიად დაცული თიხის ჭურჭელი აღმოჩნდა V საუკუნის ბაზილიკური ტაძრის ცენტრალურ ნაწილში. ქვევრი ტევადობით დაახლოებით ერთი ტონაა. როდესაც VIII საუკუნეში არაბთა შემოსევის შემდეგ ეკლესია დანგრეულა და კედლები ჩამოშლილა, ნაშალში მოყოლილი ქვევრი ბუნებრივად დაკონსერვებული სახით შემორჩა. არქოლოგიური კვლევებისას, მუშაობის დროს ნელ-ნელა ჩნდებოდა VIII საუკუნისთვის დამახასიათებელი ნივთებიც. 13 საუკუნის გაუხსნელ ქვევრში სრულიად ანკარა, მარგებელი თვისებებით გაჯერებული წყაროს წყალი აღმოჩნდა, რაც ლაბორატორიულმა კვლევამაც დაადასტურა. ახლა ვიცით, რომ ქვევრში მოთავსებული წყალი ჯერ კიდევ VIII საუკუნეში ან უფრო ადრე უნდა ეკურთხებინათ, რაც ბუნებამ ამ დრომდე შემოგვინახა. აქ ისეთი ქანებია, დიდი ძალისხმევის შედეგად ვთხრით ნიადაგს. ქვევრის ირგვლით საერთოდ არ ყოფილა ნესტი, არც თიხის მთლიანობა ყოფილა დარღვეული. დღემდე მოდიან სხვადასხვა ტაძრიდან სასულიერო პირები, მრევლი და წყალი მიაქვთ.