"მეუღლე დამცინოდა, მომღერალი მეგონე და მიჩურინი ყოფილხარო"
"ბევრი ოჯახი ამრავლებს და უვლის შინ მცენარეებს, მაგრამ თუ ეზოების, სადარბაზოების გამწვანებაზეც გადავალთ, უკეთესი ქალაქი და გარემო გვექნება"
"სასიამოვნო და თანაც განსხვავებულ თემაზე გვიწევს საუბარი. რა ჯობია, როცა "მზიურითა" და ჩემი ბავშვობით არ ვიწყებთ დიალოგს. ყველა ინტერვიუში ერთსა და იმავეს ვყვები და ამიტომ ინტერვიუებიც ერთმანეთს ემსგავსება. ახლა მცენარეებზე უნდა ვილაპარაკოთ და ძალიან მიხარია", - გვითხრა მომღერალმა მაია ჯაბუამ. მას მცენარეების მოვლა დიდი ხანია იტაცებს და ცდილობს, ქალაქის ცენტრში, მრავალსართულიანი კორპუსის მაღალ სართულზე ლამაზი გარემო შექმნას.
- ბოლო ხანს ჩვენში მცენარეების მოვლა-მოშენების სურვილი ბევრს გაუჩნდა.
- ბევრი მისდევს მებაღეობა-მეყვავილეობას, მაგრამ ვისურვებდი, მეტნი იყვნენ, რადგანაც მცენარეების მოვლით ადამიანი თვითონაც კარგად იგრძნობს თავს, ოჯახის წევრებიც და მათი სტუმარიც. ყოველი გამწვანებული აივანი გარემოს ალამაზებს, ქალაქის სახეა, აჩვენებს, როგორი და რა კულტურის მქონე ხალხი ცხოვრობს. ბევრი ოჯახი ამრავლებს და უვლის შინ მცენარეებს, მაგრამ თუ ეზოების, სადარბაზოების გამწვანებაზეც გადავალთ, უკეთესი ქალაქი და გარემო გვექნება.
- უპირველესად ჩვენ მივიღებთ სიამოვნებას...
- რა თქმა უნდა. თბილისში რამდენიმე აივანი მაქვს ამორჩეული. ერთგან ნუშის ხე ხარობს, გაზაფხულზე განსაცვიფრებლად ლამაზია, აქვე, ჩვენს პარალელურ ქუჩაზეც არის პატარა აივანი, ნამდვილი ბაღნარია, პატრონს არ ვიცნობ, მაგრამ უდიდეს პატივს ვცემ. საერთოდ, მიყვარს ქალაქში სიარული, ძველი სადარბაზოების კარების თვალიერება, ყვავილებიან აივნებსაც ვეძებ.
- თქვენს აივანზე რას გვეტყვით?
- არაჩვეულებრივი ხედი გვქონდა, მთელი ქალაქი ჩანდა, მაგრამ წინ კორპუსი ჩადგეს და... რომ არ მენერვიულა, ჩემმა მეუღლემ კონსტრუქცია შეუკვეთა, რომელიც აივნის მოაჯირს მოვარგეთ, მასზე ხვიარა ვარდები და სურო ავუშვით. თუ ქალაქის ლამაზ ხედს ვერა, ჩემს ლამაზ ყვავილებს მაინც შევხედავ, თან, აივანსაც აცოცხლებს. მცენარეები ყოველთვის მიყვარდა, სულ მქონდა, თუმცა ადრე ხმებოდნენ. ახლა სულ თავს დავტრიალებ და არაჩვეულებრივად ხარობენ. მომაკვდავი მცენარეც გადამირჩენია და მომიბრუნებია, თან ისე, რომ მერე აყვავებულა. ეს დიდი სიამოვნებაა, პატარა გამარჯვებაც - სიცოცხლე სიკვდილისგან იხსენი და მანაც სილამაზით გიპასუხა.
საგურამოში სახლს ვაშენებთ, მაგრამ ეზოს მოწყობა უკვე დავიწყე - რაღაცები დავრგე. შარშან კვიპაროსები და ცაცხვები ჩავრგეთ, რამდენიმე დღის წინ სურო და ულამაზესი კლიმატისი. აპრილში ვარდებს გავაშენებ. ბევრ კარგ რამეს ვგეგმავ.
- ზოგი ხელს აიქნევს, - სად მაქვს მაგის დრო და ნერვებიო...
- ერთხელ სინჯონ, რთულად გასაზრდელი და მოსავლელი მცენარით ნუ დაიწყებენ. როგორ დავიჯერო, რომ ერთი ყვავილი მაინც არ მოსწონებიათ და მისი შეძენის სურვილი არ გასჩენიათ? შეიძინონ, დაიწყონ და მიხვდებიან, რა სიამოვნებაა. თან ამ საქმეს არც ისე დიდი დრო მიაქვს. ყოველდღიურად რამდენიმე წუთი, როგორც სახლს უნდა ხელის შევლება, ასევე ყვავილებს - მორწყვა, ზოგჯერ გასხვლა და სხვა.
როცა თბილისიდან მივდივარ და შინ შვილები რჩებიან, ვთხოვ, ყვავილებს მიხედონ. უვლიან კიდეც და ასე გამოხატავენ ჩემ მიმართ პატივისცემას.
- თვითონ არ უყვართ მცენარეები?
- არ გიჟდებიან, მაგრამ თუ შემთხვევით რომელიმე ყვავილი რაღაც მიზეზით გაფუჭდა, გული ყველას გვწყდება. ისე, მცენარეები უფრო უმცროს ბიჭს, ნიკოლოზს უყვარს.
ერთხელ კონცერტის დროს, საგრიმიოროში, პატარა ქოთანში ჩარგული გამხმარ-გაყვითლებული მცენარე ვიპოვე, მიწაც კი გამომშრალი ჰქონდა. წამოვიღე შინ, კარგად მოვუარე და ნელ-ნელა მოსულიერდა, ულამაზესი წითელი ყვავილი გამოიტანა. სხვათა შორის, ბებიაჩემს ჰქონდა ასეთი ხელი, მასთან ყველა მცენარე მშვენივრად ხარობდა. სულ ვამბობდით, ბებომ ფანქარი რომ ჩაარჭოს მიწაში, აყვავდებაო. განსაკუთრებულს არაფერს აკეთებდა, გულით უვლიდა და მცენარეც ხარობდა.
- ბევრი მოყვარული მებაღე მეყვავილე მცენარეებს ელაპარაკება, თქვენ?
- ჩემი ლამაზი გოგოები, ნახე, როგორ იპრანჭებიან-მეთქი, - მითქვამს. მივფერებივარ კიდეც - რა ლამაზი ხარ, როგორ ხარ-მეთქი. მათ მოწყენაც იციან.
თავიდან ჩემი მეუღლე დამცინოდა, არ ვიცოდი, თუ ასეთი მებაღე და მიჩურინი იყავი, მომღერალი მეგონეო, მაგრამ სურვილს ყოველთვის მისრულებდა, ხან ქოთანი მოჰქონდა, ხან რომელიმე მცენარე. ახლაც ხელს მიწყობს. ხანდახან მცენარეების მიხედვაც მითხოვია. თავიდან ჩემი ხათრით აკეთებდა, მერე შევატყვე, რომ ეს საქმიანობა თვითონაც სიამოვნებს.
- ეს რა მცენარეა?
- ეს ულამაზესი ბუთქუნა ხემცენარე ორანჟერეაში ხარობს, ღია გრუნტში ვერ ძლებს. სამების ტაძრის ორანჟერეაში დედებმა მაჩუქეს. კი გახმა, მაგრამ წელიწადზე მეტია ასეა და ფერს არ იცვლის. ულამაზესი ვარდისფერი ყვავილები აქვს. ძალიან მიყვარს ციტრუსი, სულ მინდოდა, შინ ლიმონი გამეხარებინა. ბავშვობაში ოჯახებში მინახავს მსხმოიარე ლიმონის ხე. მისი გახარება ერთ-ორჯერ ამაოდ ვცადე, ეს კი მესამეა და იმედია, გამიმართლებს - უკვე იყვავილა და ნაყოფიც გამოიკვანძა.
წითელი და თეთრი ფერის ჯუჯა ვარდებიც სამების ეკლესიის სანერგიდან მოვიტანე, ულამაზესი ყვავილები აქვს, ზამთრამდე ყვავილობს, საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზეც. ძალიან გამძლეა. იორდასალამიც ულამაზესია, ვარდისფერია და საოცრად სურნელოვანი, ოღონდ, ჯერ ძალიან პატარებია. როზმარინს მშვენიერი ცისფერი ყვავილები აქვს და თან სანელებლად ვიყენებ, მაგალითად, თევზის, ხორცის შეწვისას. სურო შემოდგომით ფერს იცვლის, ყვითელ-წითელი ხდება და ბოლოს ცვივა. ხვიარა ვარდი გერმანიიდან გამოვიწერე. გამორჩეული წითელი ყვავილი აქვს ჩინურ ვარდს, 10 წელზე მეტია, რაც მაქვს, მთელი ზაფხული ყრის და ყრის ლამაზ ყვავილებს.
გლიცინია ძლიერი მცენარეა, რომ იზრდება, ირგვლივ ყველაფერს ედება და ფარავს. აივანზე უნდა გავუშვა, მეუბნებიან, აივნისთვის ცოდვააო, მაგრამ მე მომწონს. ამ ვარდს წლების წინ ერთი კარგი ბაბუა ყიდდა, ნერგიც მომეწონა, ბაბუაც და შევიძინე. 10 წელია, აქ არის, განსხვავებული ფერი აქვს.
- მცენარეების მოვლის თქვენეულ მეთოდზე ვილაპარაკოთ...
- საერთოდ, ყველასა და ყველაფერს სიყვარული და ყურადღება სჭირდება, ეს არის და ეს. მერე მცენარე გიჩვენებს, რა უნდა, ზოგს მზე უხდება, ზოგს - შუქი, ჩრდილი, ზოგი პირიქითაა. ამ ყველაფერს კი თანდათან სწავლობ.
- ბუნებას თქვენს ოჯახში რომ აფასებთ, ამაზე არა მარტო მცენარეები, ეს თუთიყუშიც მეტყველებს.
- ნიკუშას ოცნებაა, ჰყავდეს ძაღლი, რაზეც ჯერჯერობით ვერ ვთანხმდებით, ამიტომ თუთიყუშზე შევჩერდით და მამამ დაბადების დღეზე 4 წლის წინ კოკო უყიდა. არ ლაპარაკობს, ხმასაც არ იღებს, ოღონდ, ტელერეკლამებს ვერ იტანს და როცა ისინი გადის, კივის. მუსიკის მასწავლებელსაც, რომელიც ნიკუშასთან მოდიოდა, გაკვეთილის ჩატარებაში უშლიდა ხელს, უზნეოდ იქცეოდა, უდროოდ კიოდა, მაგრამ ნიკუშას კოკო ძალიან უყვარს.
- რას ვეტყოდით ადამიანებს, ვისაც ჯერ არ დაუწყია მცენარის მოვლა?
- უპირველესად, ეს ყველაფერი ჩვენ გვსიამოვნებს, გვამშვიდებს, რადგან შედეგად დიდ სილამაზეს ვიღებთ. კმაყოფილი ხარ და ამაყობ, რომ შენი დამსახურებაა ამ სილამაზის შექმნა. ევროპაში პაწია აივანსაც ვერ ნახავთ მცენარის გარეშე. ჩვენც ხომ შეგვიძლია ქალაქის, ქუჩის, ეზოს, აივნის გალამაზება.
ლალი ფაცია