"ოდეერი" ყოველთვის უნდა არსებობდეს" - ვინ არის "ოდეერი"?! - კვირის პალიტრა

"ოდეერი" ყოველთვის უნდა არსებობდეს" - ვინ არის "ოდეერი"?!

ბოლო დღეებში თსუ-ში დაპირისპირებული სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, უნივერსიტეტიდან "ოდეერების" წასვლა იყო. რა არის "ოდეერი", როდის გაჩნდა და რატომ არსებობს ეს ინსტიტუტი, ამ და სხვა კითხვებზე კომენტარი უშიშროების გენერალს ანზორ მაისურაძეს ვთხოვეთ:

- ოდეერი ეს არის რუსული სიტყვების აბრევიატურა (ОДР Офицер действующего резерва), ხოლო ქართულად ეს ნიშნავს - მოქმედი რეზერვის ოფიცერი. მოქმედი რეზერვის ოფიცრებს უნივერსიტეტებში ნიშნავდნენ იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მომუშავე ჩვენს თანამშრომლებს თავშესაფარი ჰქონოდათ. ადამიანი გაფორმებული იყო, პირობითად რომ ვთქვათ, რომელიმე უნივერისტეტში დეკანის მოადგილედ და თუ ეს ადამიანი საზღვარგარეთ წავიდოდა სამუშაოდ, მას ჰქონდა ნიღაბი, რომ ის იყო დეკანის მოადგილე. საელჩოს თანამშრომელი ხომ ვერ იყვირებდა - მე დაზვერვის თანამშრომელი ვარო, სწორედ ამისთვის ის გაფორმებული იყო სასწავლებელში ან რაიმე სხვა დაწესებულებაში. ეს ინსტიტუტი შეიქმნა იმისათვის, რომ ჩვენ სამსახურს ჰქონოდა სათანადო "კრიშა" შემდგომი მუშაობისათვის.

უშიშროების სამსახურის მთავარი მიზანია ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების დაცვა და თუ "ოდეერი" არ იქნება უნივერსიტეტში, ან სხვა ნებისმიერ დაწესებულებაში და იქ ჩამოვა რომელიმე უცხოელი პროფესორი, როგორ უნდა გაიგო, ის მართლა პროფესორია, თუ შენიღბული აგენტი, ან თუნდაც ტერორისტი."ოდეერი" არ არის იმისთვის, რომ ადგილობრივ კადრებს უთვალთვალოს, მას ევალება ქვეყნის მტრის გამოვლენა.

- მსოფლიოს სხვა ქვეყნებში თუა ეს ინტიტუტი გავრცელებული, თუ მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გვხდება?

- რა თქმა უნდა, ინგლისში ვერ გაიგებ ვინ დაზვერვის თანამშრომელია და ვინ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ასეა აშშ-ში, საფრანგეთში და მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში.

- რა კრიტერიუმებით ხდებოდა თანამშრომლების შერჩევა?

- ხდებოდა გადამზადებები კადრებისა, რომელებიც აკმაყოფილებდნენ იმ პირობებს, რაც უშიშროების თანამშრომლებს ევალებოდათ. საკმაოდ მძიმე სამუშაოა და მყარი ფსიქიკის მქონე უნდა იყოს ადამიანი, ვინც "ოდეერი" უნდა გახდეს. პირადად მე, როცა უცხოეთში წავედი და თუ ვინმე ჩემი ბიოგრაფიით დაინტერესდებოდა, იმას ხომ არ ვეტყოდი უშიშროებაში ვმუშაობდი, ამიტომ ვამბობდი, რომ უნივერსიტეტში ვმუშაობ-მეთქი და მართლაც ვიყავი გაფორმებული, როგორც ინგლისური ენის სპეციალსტი, სინამდვილეში კი უნივერსიტეტში ხელფასიც კი არ ამიღია. კითხვის გაგრძელება