კუკიის სასაფლაოს საოცარი ამბები და უკუღმა დამარხული სიდედრი
"ყველაზე მეტად იმ დღის გადატანა მიჭირს, როცა ჩვილ ბავშვს ასაფლავებენ..."
"უამრავი ქანდაკება გაქრა. ზოგი მოიპარეს, ზოგმაც დროს ვერ გაუძლო, მაგრამ უძველესი, თეთრ მარმარილოში გამოკვეთილი ქანდაკებები კიდევ არის შემორჩენილი. თეთრი მარმარილო საქართველოში არ მოიპოვება და ქანდაკებებს იტალიასა და საფრანგეთში უკვეთდნენ იქაურ ოსტატებს"
კუკია თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანია და სასაფლაოებითა და კრიმინალური ამბებით არის ცნობილი. სასაფლაოს უზარმაზარი ტერიტორია უკავია და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ის ყველაზე ძველი სასაფლაოა (ოთხ საუკუნეს ითვლის), წარმოიდგინეთ, რამდენი სიყვარული და ტკივილია აქ დამარხული. შესასვლელთან წმინდა ნინოს სახელობის რუსული ეკლესია იყო, რომელიც, ძირითადად, რუსი გენერლების შემოწირულობებით აშენდა. 90-იან წლებში მისი გუმბათი ქართულით შეიცვალა. ახლა იქ მოქმედი ქართული ეკლესიაა.
შესასვლელიდან არც ისე შორს მომცრო ნაგებობაა. ეს 1943 წელს სამამულო ომში დაღუპული დავით ვაშაკიძის საფლავია. როდესაც დედისთვის შვილის დაღუპვის ცნობა მოუტანიათ, მას სახლი გაუყიდია, შვილის ცხედარი ჩამოუსვენებია, კუკიაზე დაუკრძალავს და თვითონაც იქ დაუდვია ბინა. კედელზე დაჭრილი, მწოლიარე ჯარისკაცია გამოსახული, რომელსაც ჭრილობიდან სისხლი სდის. დედას საფლავზე სინათლეც გაუყვანია... მიცვალებული მინით დახურულ აკლდამაში იწვა, სადაც კიბეც ჩადიოდა. ყოველ ექვს თვეში ერთხელ დედას ექიმი მოჰყავდა და ცხედარს ხელახლა უკეთებდა ბალზამირებას. იქვე კი ტახტი იდგა, სადაც დედა იძინებდა. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. როდესაც დედაც გარდაიცვალა, შვილის გულზე დამარხეს და საფლავი მიწით ამოავსეს. გარდაცვლილ ქალბატონს ჭირისუფალი არ ჰყოლია. ის სასაფლაოს თანამშრომლებმა გააპატიოსნეს და მიწას მიაბარეს.
პეტრე (ბიჭიკო) მინასიანი: - სასაფლაოსთან ახლოს ვცხოვრობ, ბავშვობიდან ვარ შეჩვეული ამ ადგილს. აქ ვმუშაობდი 20 წელი. ახლა თანამშრომელი აღარ ვარ, მაგრამ საფლავებს მაინც ვუვლი. ახლა რომ რამდენიმე კილომეტრის იქითაც ჩანს საფლავები, წინათ ასე არ იყო. გაუვალ ტყეში ვერავინ შედიოდა, მაგრამ 90-იან წლებში გაიჩეხა - ხალხს შეშა დასჭირდა. აქ ყომარბაზები იკრიბებოდნენ, ქურდები საქმის გასარჩევად ამოდიოდნენ. ძალიან საშიში ადგილი იყო.
- აქ ბევრი საოცარი ქანდაკება ვნახე...
- უამრავი ქანდაკება გაქრა. ზოგი მოიპარეს, ზოგმაც დროს ვერ გაუძლო, მაგრამ უძველესი, თეთრ მარმარილოში გამოკვეთილი ქანდაკებები კიდევ არის შემორჩენილი. თეთრი მარმარილო საქართველოში არ მოიპოვება და ქანდაკებებს იტალიასა და საფრანგეთში უკვეთდნენ იქაურ ოსტატებს. აქ სტალინის პირველი მეუღლე, ეკატერინეა დაკრძალული. ასევე, იტალიელი ფონტანა როსი, რომელმაც ფუნიკულიორი ააშენა, კიდევ - ადოლფ როლოფი, ის ბოტანიკური ბაღის დირექტორი გახლდათ. საინტერესო საფლავი აქვს ნორვეგიელ დაგნი პშიბიშევსკას.
ბევრი გვთხოვს, წინაპრის დაკარგული საფლავი ვაპოვნინოთ. მაგალითად, თბილისის ყოფილ მერს, ნიკო ლეკიშვილს ბებია-ბაბუის საფლავი ვაპოვნინეთ.
აქ 1773 წელს რუსეთ-ოსმალეთისა და 1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებიც არის.
- ამბობენ, ფიროსმანის საფლავიც აქ არის.
- ამბობენ, რომ აქ არის დაკრძალული, მაგრამ არა მგონია, მისი პოვნა ოდესმე ვინმემ შეძლოს. ოფიციალურ დოკუმენტში მითითებულია, რომ "მიხეილის საავადმყოფოდან" გამოასვენეს და უახლოეს სასაფლაოზე დაკრძალეს. უახლოესი ან კუკია გახლავთ, ან - პეტრე-პავლეს სასაფლაო, თუმცა, კუკია უფრო ახლოსაა.
უთვისტომოებს სასაფლაოს ღობის ძირას ასაფლავებდნენ და არც წარწერას უკეთებდნენ. სადაც მაშინდელი სასაფლაოს ღობე იყო, ახლა იქ მოსახლეობა ცხოვრობს. ალბათ, რომელიღაც სახლის ქვეშ არის მოყოლილი.
- ღამითაც ნამყოფი იქნებით აქ... საშიშია?
- არა, ღამით აქ ყოფნა სულაც არ არის საშიში. გეშინოდეთ ცოცხალი ადამიანების, თორემ მკვდრები საშიში არ არიან. მოჩვენებასაც შიშის გამო ხედავენ, თორემ მე თუ მკითხავთ, ისინი საერთოდ არ არსებობენ. ზაფხულში აქ დასასვენებელი პარკი გეგონებათ, იმდენი ხალხი იყრის თავს. უბნის ბავშვებიც ხშირად მოდიან სათამაშოდ. დილის 6 საათზე უნდა მოხვიდეთ და ჩიტების ჭიკჭიკს მოუსმინოთ... სამოთხე გეგონებათ აქაურობა. თუმცა, ყველა ახალ თანამშრომელს კარგა ხანს ღამით სასაფლაო და მიცვალებულები ესიზმრება. ყველაზე მეტად იმ დღის გადატანა მიჭირს, როცა ჩვილ ბავშვს ასაფლავებენ...
- ამბობენ, ჯადოს გასაკეთებლად სასაფლაო ზედგამოჭრილი ადგილიაო...
- ერთხელ ასაკოვანი ქალი იყო მოსული, რომელმაც კუბოს ჟანგიანი ლურსმანი მთხოვა. \ადრე ადამიანის ძვლებსაც დაეძებდნენ. არც ისე დიდი ხნის წინ ახალგაზრდა კაცი იყო მოსული, სამედიცინოს სტუდენტი. ჩონჩხს აწყობდა თურმე და რამდენიმე ძვალი აკლდებოდა. გვთხოვა, როდესაც საფლავს გახსნით, შემატყობინეთო.
- საფლავის გახსნასაც დასწრებიხართ?
- ხშირად. ეს პროცესი ძალიან მძიმეა. თუ მიცვალებული ერთ წელზე ნაკლები ხნის დამარხულია, საშინელი, მომწამლავი სუნი დგება. თუ ექსჰუმაციისთვის იხსნება საფლავი, პროცესს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები ესწრებიან და მათ სპეციალური პირბადეები აქვთ, მესაფლავეებს კი - არა...
ძალიან დიდი ხნის საფლავის გახსნისას ტანისამოსი, ფეხსაცმელი, სხვადასხვა ნივთი გახრწნილი არ არის ხოლმე. ერთი საფლავის გახსნისას ვნახეთ, რომ ქალბატონს კაპრონის "ჩულქი" სცმია, რომელიც არ გახრწნილა და მასში მხოლოდ ძვლებიღა იყო დარჩენილი. ასევე გადაასვენეს... სხვა სასაფლაოდან აქ გადმოასვენეს ცნობილი მსახიობი ქალი ნატო გაბუნია, რომელიც 1910 წელს გარდაიცვალა. საბუთში სიკვდილის მიზეზად შავი ჭირი იყო დასახელებული და როდესაც საფლავს ხსნიდნენ, ამბობდნენ, შავი ჭირის გავრცელების საშიშროება გაჩნდებაო, მაგრამ არაფერი მომხდარა. ერთი მესაფლავე გვყავს, უკრაინელი ალექსანდრე პასტუხი, რომელსაც შიშის გრძნობა არ გააჩნია - საფლავს რომ გახსნის, გადაალაჯებს კუბოს, მოხვევს მკლავებს მიცვალებულს, ჩაიხუტებს და ამოჰყავს.
ალექსანდრე პასტუხი: - ერთხელ ასეთი შემთხვევა იყო: მიცვალებული მეექვსე სართულიდან უნდა ჩამოესვენებინათ, მაგრამ საწყალი, ძალიან მაღალი კაცი ყოფილა, ცარიელი კუბო შინ გვერდულად შეუტანიათ, მაგრამ გამოსვენებისასაც ასე ხომ ვერ გამოიტანდნენ? ვერა და ვერ მოახერხეს სადარბაზოში გამოყვანა და დარეკეს ჩვენთან - ეგებ გვიშველოთო. ორი მესაფლავე წავედით. ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ. მერე ჭირისუფალს ვთხოვეთ, სახლიდან ყველა გასულიყო. მიცვალებული ამოვასვენეთ და ჯერ ცარიელი კუბო ჩავიტანეთ პირველ სართულზე და სადარბაზოში დავდგით, შემდეგ კი მიცვალებული შუაში ჩავიყენეთ, აქეთ-იქიდან შევუდექით, "თავისი ფეხით" ჩავიყვანეთ კიბეზე და კუბოში ჩავასვენეთ.
ბიჭიკო მინასიანი: - ერთი ამბავი გამახსენდა: მოასვენეს ასაკოვანი ქალი, ჭირისუფალმა დაიტირა, თითო მუჭა მიწაც მიაყარეს და წასვლა დააპირეს. სწორედ ამ დროს ერთი კაცი მოგვიბრუნდა და ჩუმად გვითხრა - მიწა არ მიაყაროთ, სანამ არ დავბრუნდებიო. ჭირისუფალი რომ გააცილა, მობრუნდა და გვითხრა, ამოიღეთ კუბო და მიცვალებულს თავი მეორე მხარეს მოუქციეთო. შევეკამათეთ - ქრისტიანული წესით, მიცვალებული აღმოსავლეთს უნდა "უყურებდესო". რასაც გეუბნებით, ის გააკეთეთო, დაიჟინა.
ეს ქალი ჩემი სიდედრი იყო და ცხოვრება გამიმწარა, აქედან აღმოსავლეთით ვაზისუბანია, სადაც მე ვცხოვრობ და აქედანაც უნდა მიყუროს? უკუღმა დამარხეთ, ფუნიკულიორს უყუროსო. თავისი მაინც გაიტანა და მიცვალებული უკუღმაა დაგვამარხვინა.
რიტუალის ჩასატარებლად თოჯინა კუკის იყენებდნენ
სახელწოდება "კუკიის" წარმოშობის ისტორია თელეთელი გლეხების ძველ რიტუალს უკავშირდება. წარმატებული მიწათმოქმედებისთვის ისინი სხვადასხვა რიტუალს ატარებდნენ და ამ დროს თოჯინა კუკის იყენებდნენ. იქაურ მცხოვრებლებს ამის გამო კუკიელებს უწოდებდნენ. ოფიციალურ დოკუმენტებში სახელი კუკია 1772 წელსაა მოხსენიებული. სოფელი ღარიბი გლეხებით იყო დასახლებული და ის ვახუშტი ბატონიშვილის მეუღლეს, დარეჯანს მზითევში მოჰყოლია. ადრე აქ ციხესიმაგრეც ყოფილა. 1818 წელს კუკიის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ვიუტენბერგიდან გადმოსული გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ. მიდამო ბაღებითა და ბოსტნებით დაიფარა. გასული საუკუნის 30-იან წლებში აქ არსებული ვიწრო გზა თანდათან ქუჩის სახეს იღებს. გასული საუკუნის მეორე ნახევარში კუკიაზე მართლმადიდებელთა და კათოლიკური ეკლესიები აშენდა.
მარი ჯაფარიძე