"თუ ეს ხანძარი არ იყო შემთხვევითი აალება, ე.ი ვიღაც ჭკვიანი პროვოკატორი ოსტატურად ხლართავს ხლართებს" - რა მოხდა სამებაში?!
"დახლეჩილი და გაბოროტებული საზოგადოების ნაწილები თუ ერთმანეთის ჭამას დავიწყებთ, ამით მოგებული რომ ისევ ჩვენი მტერი - ქართველთყლაპია გამოვა"
20 მარტს, დაახლოებით 14.00 საათისთვის სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 15 სახანძრო-სამაშველო ერთეული და 100 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარის მოადგილის, არქიმანდრიტ ილია ნასიძის განმარტებით, ცეცხლი საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე, საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა, დამწვარია 1 200 კვადრატული მეტრი ფართობი.

სასულიერო პირები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ელექტროკაბელებს გაუჩნდა. არის ვერსიაც, თითქოს ხანძარი სამების საკათედრო ტაძარში სტამბიდან გაჩნდა.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების ტაძარში განთავსებული სტამბა დაათვალიერა და ხანძრის შედეგებს ადგილზე გაეცნო. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გამოძიება მუშაობს ხანძრის მიზეზების დასადგენად. მისივე თქმით, ხელისუფლება ყოველ ღონეს იხმარს, რათა ხანძრის შედეგები დროულად აღმოიფხრას.
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შესვლა ჯერ კიდევ შეუძლებელია. პატრიარქის გადაწყვეტილებით, სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე არსებული შეზღუდვები კვლავ გრძელდება და სამების ტაძრის ტერიტორიაზე არსებული 13 ტაძრიდან წირვა-ლოცვა მხოლოდ 4 ტაძარში გაგრძელდება. მოსახლეობას მოუწოდებენ რომ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ სამებაში მისვლისგან.
ექიმმა და პუბლიცისტმა ზვიად კირტავამ, რომელიც სოციალურ ქსელებში ცნობილია, როგორც სოლომონ ტერნალელი, "ფეისბუკში" საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"რა თქმა უნდა, სტამბაში გაჩენილი ხანძარი შეიძლება შემთხვევითი აალება ყოფილიყო. მაგრამ თუ ეს ხანძარი სულ არ იყო შემთხვევითი აალება, ესეიგი, ვიღაც ძალიან ჭკვიანი გამოცდილი პროვოკატორი, ძალიან, ძალიან ოსტატურად ხლართავს ხლართებს - ჯერ იმ ამაზრზენი ვიდეოებით მუქარა, და მერე - საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე - ახლა უკვე ეკლესიის სარდაფში ნასროლი ჩირაღდანი...
ორმაგი დარტყმა და ორმაგი გათვლა - რომ ცნობადი სახეების მიმართ მიმართულ შანტაჟს მრევლიდან ბევრი, სამწუხაროდ, სულაც არ ჩათვლიდა საშინლად და მიუღებლად, ხოლო ეკლესიის ხანძარზე კი უკვე ზედმეტად "პრაძვინუტი სასტავიდან" დაიწყებდა ბევრი ქილიკს!
ჭკუით ქართველებო, ჭკუით!
ხანძრის დანთება და სამოქალაქო დაპირისპირების დაწყება ადვილია, და ჩაქრობა, ვაითუ, - ისევ შეუძლებელი აღმოჩნდეს!
დავფიქრდეთ იმაზე, დახლეჩილი და გაბოროტებული საზოგადოების ნაწილები თუ ერთმანეთის ჭამას დავიწყებთ, ამით მოგებული რომ ისევ ჩვენი მტერი - ქართველთყლაპია გამოვა!", - წერს ზვიად კირტავა.