"რესპუბლიკელებთან ურთიერთობა დიდი ხნის წინ შევწყვიტეთ"
"ქართული ოცნებისთვის" შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - არჩევნებში დამოუკიდებლად ჩვენ გავიმარჯვებთ"
"ჩვენ მალევე მივხვდით, რომ კოალიციასთან ურთიერთობა წარმოუდგენელი იყო, ბევრი ამ დასკვნამდე გვიან მივიდა"
კოალიცია "ქართულ ოცნებაში" განვითარებული მოვლენების შემდეგ, მთავარ კითხვად რჩება, შექმნიან თუ არა "ქართული ოცნებიდან" წამოსული პარტიები ახალ საარჩევნო ბლოკს. სავარაუდო კონფიგურაციაზე პარტია" "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს, ირაკლი ალასანიას ვესაუბრეთ:
- კოალიციაში მიმდინარე დაპირისპირება თუ რღვევა "თავისუფალი დემოკრატებისთვის" ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩვენ საკუთარი პარტიის დღის წესრიგს მივყვებით, რაზეც კოალიციის დაშლა გავლენას ვერ მოახდენს. რაც შეეხება პოლიტიკურ პროგნოზს, გაერთიანებაში პროცესები იმდენად ქაოსურად მიმდინარეობდა, რომ, პრინციპში, ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა - კოალიცია დაშლილია, რამაც პოლიტიკურ ასპარეზზე არსებული კონფიგურაციაც შეცვალა.
- თუ კოალიციის დაშლა ლოგიკური პროცესი იყო, მოულოდნელი აღმოჩნდა ურთიერთობის ფორმატი, რომელზეც "ქართული ოცნება" და რესპუბლიკელები შეთანხმდნენ. როგორ წარმოგიდგენიათ წინასაარჩევნოდ ორ კონკურენტ პარტიას შორის დაანონსებული პარტნიორობა?
- უცნაური ვითარებაა, გაუგებარია, რა პრინციპით უნდა წარმართონ რესპუბლიკელებმა წინასაარჩევნო კამპანია დამოუკიდებლად, თუ მთავრობაში მაღალ თანამდებობებს შეინარჩუნებენ, თუმცა, ვფიქრობ, ეს დროებითი მოვლენაა.
- დაანონსდა ისიც, რომ "თავისუფალი დემოკრატები" რესპუბლიკელებთან გაერთიანდებით.
- მათთან ურთიერთობა დიდი ხნის წინ შევწყვიტეთ. მთავარი პრიორიტეტი ხალხთან ურთიერთობაა. ჩვენს პარტიას მზარდი მხარდაჭერა აქვს, "ქართული ოცნებისთვის" კი შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - არჩევნებში დამოუკიდებლად ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს ნათელი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც კოალიციამ ზურგში დანა ჩაგვარტყა. თუ მაშინ ვიღაცები გვეუბნებოდნენ, რომ გაერთიანებიდან წამოსვლა ნაჩქარევად გადავწყვიტეთ, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ სწორი რეაქცია გვქონდა. თუ ჩვენ მალევე მივხვდით, რომ კოალიციასთან ურთიერთობა წარმოუდგენელი იყო, ბევრი ამ დასკვნამდე გვიან მივიდა.
- რესპუბლიკელებზე მიანიშნებთ?
- არავის დავაკონკრეტებ და წარსულზე ჰიპოთეზურადაც არ ვილაპარაკებ. მაშინ ყველაზე დიდი იმედგაცურება ის იყო, რომ "ქართული ოცნება" სააკაშვილის ხაზის გამგრძელებლად იქცა და პროკურატურის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება დაიწყო. საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ დღეს ხელში მურუსიძის სასამართლო და შოთაძის პროკურატურა შეგვრჩა.
რას გადაწყვეტენ რესპუბლიკური პარტია და კოალიციიდან წამოსული სხვა პოლიტიკური ძალები, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ფაქტია, თავის დროზე მათთვის ის პროცესები არ გახდა მიუღებელი, რაც ჩვენი პარტიის პრინციპებს რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა.
- თუ კოალიციიდან წამოსულმა პარტიებმა იდეოლოგიურად იდენტური საარჩევნო ბლოკები შექმნეს, არჩევნებზე დამოუკიდებლად გასასვლელად საკმარისი რესურსი გექნებათ?
- ყველა პარტია საკუთარ გადაწყვეტილებაზე თავად არის პასუხისმგებელი, ჩვენ კი არჩევნებზე ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ მმართველობას საბოლოოდ დავასრულებთ. ამომრჩეველს, პრაქტიკულად, ყოველდღიურად ვხვდებით და მისი განწყობა კარგად არის ცნობილი - მომავალ მთავრობას პროფესიონალებით დავაკომპლექტებთ. დღეს "ქართული ოცნების" მთავარი რესურსი ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მდგომარეობაა, სხვა მხრივ, მათ საზოგადოებაში ყოველგვარი ნდობა დაკარგეს.
- კოალიციიდან წასვლის წინ აცხადებდით, რომ ქვეყნის საგარეო კურსი საფრთხეშია. რესპუბლიკელების წასვლით ეს საფრთხე ისევ აქტუალური გახდა?
- კითხვები ჩნდება, თუმცა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზიდან ვერავინ გადაახვევინებს. მმართველი პარტიები საითაც უნდა გადაიხარონ, ხალხი ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევას არ დაუშვებს. თუ ხელისუფლებამ დიდი სისულელე არ ჩაიდინა, ამ სიკეთეს უახლოეს მომავალში მივიღებთ.
- უკანონო ვიდეოჩანაწერების გავრცელება რა გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე?
- რომელიღაც ჯგუფს არ სურს, ქვეყნის პროგრესზე ლაპარაკის შესაძლებლობა დაგვიტოვოს. დღეს ფარული ჩანაწერების ნაცვლად, პრობლემების გადაჭრის გზებზე უნდა ვლაპარაკობდეთ, თუმცა მავანი საარჩევნო კამპანიის ამ კალაპოტიდან ამოგდებას ცდილობს.
- საქართველოში FBI-ს წარმომადგენელი უკვე ჩამოვიდა. შესაძლებელია დადგენა, თუ ვის ინტერესებშია ამ ჩანაწერების გავრცელება?
- სანამ არ მიაგნებენ, ვინ ბედავს ჩანაწერების გავრცელებას, ვერაფერს ვიტყვი. ეს პროცესი, პირველ რიგში, მიანიშნებს, რომ მთავრობა უსუსურია და მოქალაქეების პირადი ცხოვრების დაცვას ვერ ახერხებს. ფარული მიყურადების უკანონო სისტემა სააკაშვილმა შექმნა, თუმცა ამ ხელისუფლებამ წინამორბედის მემკვიდრეობა წარმატებით განავითარა. არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმემ ცხოვრების წესი შეიცვალოს და თავდაცვის რეჟიმში გადაგვიყვანონ. ამ ყველაფერზე ერთი პასუხი უნდა გვქონდეს - არ გვეშინია!"
რუსუდან შელია