"ეს არ არის ჯიჰადი, ეს დიდი ბიზნესია" - რას ჰყვება "ისლამური სახელმწიფოს" ყოფილი მებრძოლი
"რაც სირიაში ვნახე, ამას არც ისლამი და არც სხვა რელიგია არ ქადაგებს".
"ვერბოვშიკები" გამოცდილი ფსიქოლოგები არიან, ირჩევენ იმ ადამიანს, რომელსაც აწუხებს უმუშევრობა, არალეგალურადაა ქვეყანაში, ვერ გახდა საზოგადოების სრულფასოვანი წევრი"
ტაჯიკეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად, სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში უკვე ათასზე მეტი ტაჯიკი იბრძვის. სამართლადამცავთა ინფორმაციით კი, მებრძოლთა შორის, უკვე 200-ზე მეტი ტაჯიკეთის მოქალაქე დაიღუპა.
ტაჯიკი მოქალაქეების გადაბირებას "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები როგორც ქვეყნის საზღვრებში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც ახერხებენ. სირიაში ძირითადად 19-დან 45 წლამდე მამაკაცები მიდიან, არის შემთხვევები, როცა მამაკაცები იქ მეუღლესთან და შვილებთან ერთად წასულან.
"აქ ვნახე პირველად თუ როგორ მოკლეს თურქი ბიჭი, რადგან, როგორც ამტკიცებდნენ, აგენტი იყო"
იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია გამოსწორდეს, ტაჯიკეთის მთავრობამ შეიმუშავა კანონი, რომლის თანახმადაც, მათ, ვინც ჩამოშორდება ტერორისტულ ორგანიზაციას, სრულიად მოეხსნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
წესისამებრ, ქვეყანაში დაბრუნებული ყოფილი მებრძოლი თვეების განმავლობაში იზოლატორში იკითხება, საქმეში ჩართულია უშიშროების სამსახური, გამომძიებლები და სხვა უამრავი უწყება.
მსგავსი პროცედურა უკვე 200-მდე ყოფილმა ჯიჰადისტმა გაიარა. ტაჯიკმა ბობოჯონ კაკაბოევმაც ზუსტად მსგავსი გზა განვლო სახლიდან ჯიჰადამდე და პირიქით. ის სირიაში თურქეთიდან მოხვდა, თურქეთამდე კი რუსეთში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ერთ მშვენიერ დღესაც მისი მგზავრი გადამბირებელი "ისლამური სახემწიფოდან" ე.წ. "ვერბოვშიკი" აღმოჩნდა. მან სირიაში 4 თვე დაჰყო, ხოლო პირველი ადგილი, სადაც ის მოხვდა პალმირას უძველესი ისტორიული ქალაქი აღმოჩნდა.
"2015 წლის ზაფხულში, 150 "ახალწვეულთან" ერთად სამი ავტობუსით წაგვიყვანეს პალმირას ისტორიული ქალაქისკენ. იმ დროს ტერიტორია "ისლამურ სახელმწიფოს" ჰქონდა დაკავებული, ქალაქის მახლობლად იყო გაშენებული საწვრთნელი ბაზა და ბანაკიც, სწორედ აქ იყო ტერორისტთა სპეცრაზმიც.
აქამდე ბევრი არაფერი ვიცოდი პალმირას შესახებ, თუმცა მისი ნახვით მოვიხიბლე, აქ იყო საუცხოო თაღი, სვეტები, პალმები, იქაურობა განსაკუთრებულად მომხიბვლელი იყო.
თუმცა ირგვლივ ყველაფერი დაანგრიეს, ჩემს არაბ ინსტრუქტორს ვკითხე, რატომ დაანგრიეს ისტორიული ნაწილი - მეთქი, მან მიპასუხა: "რაც შეუთავსებელია ჩვენს რელიგიასთან და ცოდვადაა მიჩნეული, ყველაფერი უნდა დაინგრეს"!
თუმცა, შემდეგ შევამჩნიე, რომ მხოლოდ ის იყო დანგრეული რისი გაყიდვაც ტერორისტებს არ შეეძლოთ, ძვირადღირებული ნივთები კი უკვე კარგა ხანია გაყიდული ჰქონდათ.
ეს ხალხი ისლამის სახელით მოქმედებს, თუმცა მე რაც სირიაში ვნახე, ამას არც ისლამი და არც სხვა რელიგია არ ქადაგებს".
"მებრალებიან ის ბიჭები, ვისაც კიდევ სჯერა, რომ ეს ყველაფერი სარწმუნოების გამო ხდება, ეს მხოლოდ შირმაა..."
ბი-ბი-სის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ასწავლიდნენ ტერორისტები ბაზაზე, ყოფილმა ტაჯიკმა მებრძოლმა უპასუხა, რომ მნიშვნელოვანს არაფერს. ეს უფრო გამოსაცდელ პერიოდს ჰგავდა:
"ისინი გვაკვირდებოდნენ იდეოლოგიურად რამდენად ძლიერები ვიყავით, დღეში გვაძლევდნენ 7 ფინიკსა და ბოთლ წყალს. ხან ვიღაც უფროსი მოდიოდა კარგი მანქანით, შეამოწმებდა სიტუაციას და ისევ მიდიოდა. 150 კაციდან მხოლოდ სამნი ვიყავით ტაჯიკეთიდან. დანარჩენი ყველა არაბი იყო და ერთი თარჯიმანი იემენიდან.
სირიაში მოხვედრილთა ძირითად პრობლემას ცრუ დაპირებები წარმოადგენდა. მე, როგორც სხვა დანარჩენი, მომატყუა სამსახურის, სამართლიანი სახელმწიფოს და უკეთესი მომავლის არსებობის იმედმა და დაპირებამ.
ჩემი გადამბირებელი, რომელიც რუსეთში აბდურაჰმამად გამეცნო ტაჯიკი იყო, რამდენჯერმე მივიყვანე მისთვის სასურველ ადგილას. სულ მესაუბრებოდა სირიაზე, უსამართლობაზე ტაჯიკეთსა და რუსეთში და სხვადასხვა ვიდეოებს მაყურებინებდა.
მაშინ ბევრი არაფერი ვიცოდი სირიის და "ისლამური სახელმწიფოს" შესახებ, მხოლოდ რამდენიმე ინფორმაცია მქონდა მოსმენილი ტელევიზიით, ჩემმა თანამგზავრმა კი ამიხსნა, რომ სირიაში არ იყო ომი. იმ ადგილებში, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" ტერიტორიაში შედიოდა, მუშაობდა ფაბრიკა-ქარხნები და მე შევძლებდი მუშაობის დაწყებას, თუ არ მომეწონებოდა ისევ უკან დავბრუნდებოდი და არანაირი პრობლემა არ შემექმნებოდა".
"ვერბოვშიკები" გამოცდილი ფსიქოლოგები არიან, ირჩევენ იმ ადამიანს, რომელსაც აწუხებს უმუშევრობა, არალეგალურადაა ქვეყანაში, ვერ გახდა საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ავიწროებენ სკინჰედები და სხვა. ისინი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ და შენც მხოლოდ მაშინ მოდიხარ აზრზე, როცა უკვე უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. მათ აქვთ სპეციალური დავალებები, ესაუბრებიან და ცდილობენ გადაიბირონ ყველა, ვინც მცირეოდენ ინტერესს მაინც გამოიჩენს, აქვთ სოციალური გვერდები, ჩემი გადამბირებლები რუსეთში შემთხვევით სულაც არ აღმოჩენილან, ეს მათი ერთ-ერთი დავალება იყო".
ერთხელაც შევძელი და სირიიდან ჩემს გადამბირებელს დავურეკე, რომელმაც სიცილით მიპასუხა, რომ ჩემი მსგავსი, მან სირიაში უამრავი გამოუშვა. მე ვარ მხოლოდ დაქირავებული ჯარისკაცი და მალე მომკლავენ, რომ ჩვენ არავის ვჭირდებით და ჩვენი ბედი დიდების გარეშე სიკვდილია.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ ჩავიდა ის სირიაში, საიდან იშოვა ამდენი ფული, ყოფილმა ექსტრემისტმა უპასუხა, რომ მას ყველაფერი აუნაზღაურეს.
"ეკომონიკური მდგომარეობის გამო, სირიაში წასასვლელი თანხა არ მქონდა, თუმცა ეს პრობლემა არ აღმოჩნდა. მათ მიყიდეს ბილეთი და აანაზღაურეს მთლიანი გზა თურქეთ-სირიის საზღვრამდე. სტამბულიდან წავედით გაზიატეპში, სირიის საზღვრიდან მანქანამ წაგვიყვანა, იქ დაღესტნელი ბიჭი შეგვხვდა, რომელიც რუსულად საუბრობდა. მან ჩამოგვართვა პასპორტები და ტელეფონები. არ მომეწონა სიტუაცია და დაღესტნელს ვუთხარი, რომ უკან დაბრუნებას ვაპირებდი და არ მომწონდა ეს სიტუაცია, რაზეც მან დამცინავად მიპასუხა, "ძმაო, აქედა უკან წასასვლელი გზა არ არსებობს", სწორედ მაშინ მივხვდი რა საფრთხეში ჩავიგდე თავი. ჩემთან ერთად საზღვარი რამდენიმე ადამიანმა გადმოკვეთა.
ქალაქში შესვლისას ჩვენ ძირითადად სარდაფებში ვიყავით. იქ მკაცრი დისციპლინაა. სწორედ აქ ვნახე პირველად თუ როგორ მოკლეს თურქი ბიჭი, რადგან, როგორც ამტკიცებდნენ, აგენტი იყო. ვერ ეგუებოდნენ კრიტიკასა და ზედმეტ კითხვებს, ან მოგკლავდნენ ან ციხეში ჩაგსვამდნენ.
ქალაქი რაქადან პატარა ქალაქ თაბჰაში მოგვიწია გადასვლა, აქ რუსულენოვან ახალწვეულთა ბანაკი იყო, გაგვატარეს სამხედრო მომზადების მცირე კურსი, ხელფასი არ მოუციათ, დღეში მხოლოდ ერთხელ გვაჭმევდნენ.
ბანაკში პანიკა სუფევდა, ყველა ნანობდა რომ სირიაში ჩამოვიდა. ერთ-ერთს ვკითხე როგორ მოხვდი "ისლამურ სახელმწიფოში" - მეთქი, მითხრა, რომ ბანკის ვალი ჰქონდა და ვერ იხდიდა, გადამბირებელმა პირობა მისცა, თუ სირიში წამოვიდოდა ბანკის კრედიტს დაუფარავდა. საბოლოო ჯამში, ის მოკლეს და დარჩა ორი შვილი, ბანკის კრედიტი კი ისევ გადაუხდელია. იქ შენ არაფერს წარმოადგენ, მხოლოდ სასიკვდილოდ ხარ განწირული".
"ქალაქ თაბჰაში, სადაც მე ვიყავი, სრული ქაოსია, შუა ქუჩაში კლავენ და თავს კვეთენ მოქალაქეებს, ხალხი შეეჩვია სისხლს, ძალადობასა და სიკვდილს. მოსახლეობა ცდილობს არ გამოვიდეს სახლიდან, განსაკუთრებით კი ქალები, ბავშვები სპეციალურ სამხედრო სკოლებში დაჰყავთ, მინახავს 3-4 წლის ბავშვებს იარაღის გამოყენებას როგორ ასწავლიან.
სირიიდან თავის დაღწევაზე იქ ჩასვლისთანავე ვფიქრობდი, თუმცა ამ აზრს არავის ვუმხელდი, იქ მოსახლეობასაც ვერ მიმართავ, ვერ იტანენ "ისლამური სახელმწიფოს" წევრებს, მათ დაანგრიეს და გაანადგურეს ქალაქები.
ერთადერთ შეტაკებაში მივიღე მონაწილეობა, იარაღი არც გვისვრია ისე მოვხვდით ომის ეპიცენტრში, ცოცხალი ფარი აღმოვჩნდით, თითქმის ყველა დაიღუპა, არ ვიცი, როგორ გადავრჩი...
ერთ დღესაც ქუჩაში გასულმა ტაქსი დავინახე, სწრაფად ჩავჯექი და ვუთხარი რომ საზღვრამდე წავეყვანე, მძღოლსა და საგუშაგოების მორიგეებს სპეციალურ საბუთს ვაჩვენებდი, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოში" მომცეს, უპრობლემოდ გამატარეს, იფიქრეს, რომ ახალი ნაკადი უნდა ჩამომეყვანა. პატარა დასახლებულ პუნქტს რომ მივაღწიე, მოსახლეობას ვთხოვე პოლიციისთვის დაერეკათ, მათ ვუთხარი, რომ სირიაში მივდიოდი და გადავიფიქრე, ტაჯიკეთს გადმომცეს. სამართალდამცავებთან თანამშრობლობის შემდეგ, ტაჯიკეთის ხელისუფლებამ პირობა შეასრულა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამარიდა.
თავს დამნაშავედ ვგრძნობ, როგორც ოჯახის, ასევე ხალხის წინაშე. მინდა ახალი ცხოვრება დავიწყო, თუმცა ყველაფრის დავიწყება რთულია. ძველმა მეგობრებმა უარი თქვეს ჩემთან ურთიერთობის გაგრძელებაზე, ქუჩაში რომ მივდივარ ხალხი ზურგს მაქცევს.
სირიაში რაც ხდება ეს არ არის ჯიჰადი, ეს დიდი ბიზნესია, ვიღაცის ინტერესი. ეს არ არის ისლამი, მათ რელიგია სძულთ, მათ მხოლოდ ის იციან როგორ მოკლან ადამიანები. მებრალებიან ის ახალგაზრდები, ვისაც კიდევ სჯერა, რომ ეს ყველაფერი სარწმუნოების გამო ხდება, ეს მხოლოდ შირმაა...
გამიმართლა და თავი დავაღწიე სირიას, არ მინდა ჩემი შეცდომა სხვამ გაიმეოროს. იქ ბიჭები ისე კვდებიან, ვერც აცნობიერებენ სად მოხვდნენ და როგორი დიდი ტკივილი მიაყენეს ოჯახის წევრებს."
მოამზადა ეკა გადახაბაძემ