"როგორ გაიმეტეს ტყვიისთვის"?! - მორიგი სასტიკი მკვლელობა
"22 წლის ბიჭს რა უნდა მოემოქმედებინა ისეთი, რომ ტყვია ესროლათ"?!
სოფელ გლდანში, 4 მარტს, გამთენიისას მომხდარმა დანაშულმა 22 წლის თორნიკე ვარდანაშვილის სიცოცხლე შეიწირა, 20 წლის ლევან ხოკელაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. მკვლელობაზე საქმე განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ ტარება-შენახვის მუხლებითაა აღძრული. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ბიჭი მისივე თანატოლმა შეიწირა, რომლიც სოფელში სტუმრად იმყოფებოდა და მას თორნიკე არც იცნობდა.
მეზობლები ამბობენ, რომ თორნიკე გარდაცვალების წინა დღეს განსაკუთრებულად ღიმილიანი და თბილი დაამახსოვრდათ:
- თბილი და საყვარელი ბიჭი იყო თორნიკე - კარგი შვილი, შევნატროდით მის მშობლებს. ისეთი ხალისიანი და იმედიანი იყო, რომ მის გვერდით შენც გიხაროდა სიცოცხლე. კარგი დედ-მამა ჰყავს, ძნელია მათი სანუგეშო სიტყვის მოძებნა. თორნიკე სწავლობდა და მუშაობასაც ახერხებდა. აი, ასეთი კარგი ბიჭი მოგვიკლეს, არ ვიცი, როგორ გაიმეტეს ტყვიისთვის. ვერ წარმოგვიდგენია, 22 წლის ბიჭს რა უნდა მოემოქმედებინა ისეთი, რომ ტყვია ესროლათ! თანაც, მარტო თორნიკეს კი არ ესროლეს, მის გვერდით ლევან ხოკელაშვილიც ჩაცხრილეს; საბედნიეროდ, ლევანი გადარჩა, მისი დედა მაინც არ გაუბედურდა.
- ამ უბედურებამდე როგორ მივიდა საქმე, რომ სროლა ატყდა?
- წინა ღამეს სოფლის ბიჭებმა ფული შეკრიბეს, საქეიფოდ. გვიან ღამემდე ქეიფობდნენ, მაგრამ მაგათი ხმაური არავის გაგვიგონია. ასე, დაახლოებით, 4 საათზე სიგარეტი გათავებიათ და საყიდლად გასულან სახლიდან ასე 150 მეტრში. სწორედ იქ მოხდა ეს უბედურება, სადაც სიგარეტის საყიდლად მივიდნენ. იქვე, ახლოს ერთს დაბადების დღე ჰქონდა და იმ ოჯახის მთვრალი სტუმრებიც გამოვიდნენ ქუჩაში, ეს ნასვამი ხალხი რომ ერთმანეთს შეხვდა, აი, იმ დროს შელაპარაკდნენ...
- შელაპარაკების მიზეზი რა გახდა?
- როგორც ამბობენ, სიგარეტის თემაზე წაკამათდნენ და სწორედ ამ დროს ატეხა იმ სტუმარმა სროლა. ჯერ თორნიკეს დაახალა 4 ტყვია, მერე ლევანს... მერე კი გაიქცა. თორნიკე იქვე გარდაიცვალა, სასწრაფო დახმარების მანქანა რომ მოვიდა, მის წაყვანას აზრი აღარ ჰქონდა. ლევანს კი მოუსწრეს. კიდევ კარგი, თორნიკეს ძმა არ შეეწირა იმ ტყვიას, არადა, მოსალოდნელი იყო. საბედნიეროდ, გადარჩა. თორნიკეს მშობლებს ის ერთადერთი შვილიღა დარჩათ.
სოფელ გლდანის მაცხოვრებლების თქმით, მკვლელობაში ბრალდებული თიანეთის მკვიდრი, ასევე 22 წლის ახალგაზრდაა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მკვლელობის დღის ბოლოს სწორედ თიანეთში, კიდევ ერთ ახალგაზრდასთან ერთად, დააკავეს. ჩვენ შევეცადეთ, მის შესახებაც გაგვერკვია რაიმე. როგორც თიანეთში გვიპასუხეს, მკვლელობაში ბრალდებული სტუდენტია და არ არის ნასამართლევი; მათივე თქმით, ახალგაზრდისთვის აქამდე დანაშაულისაკენ მიდრეკილება არ შეუტყვიათ. თუ როგორ მოხდა მის ხელში მაკაროვის სისტემის იარაღი, რომლითაც თანატოლი მოკლა, მათთვის უცნობია.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)