"ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ თათია სამხარაძეს აქვს კომპრომატი" - რას პასუხობს ტელეკომპანია "იმედი" შალვა რამიშვილს? - კვირის პალიტრა

"ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ თათია სამხარაძეს აქვს კომპრომატი" - რას პასუხობს ტელეკომპანია "იმედი" შალვა რამიშვილს?

მას შემდეგ, რაც "იმედის" დატოვების შესახებ ტელეწამყვანმა შალვა რამიშვილმა საზოგადოებას თავადვე ამცნო, ტელეკომპანიამ საპასუხო განცხადება გაავრცელა.

"იმედიდან" წამოსვლის მიზეზად შალვა რამიშვილმა ხელშეკრულების შეწყვეტა დაასახელა, თუმცა როგორც ის ამბობდა, ხელშეკრულების შეჩერების მიზეზი მისთვის უცნობი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რამიშვილის "იმედიდან" გამოშვების მიზეზი თათია სამხარაძე, იგივე ტასო ბარნოვაა, რომელთანაც ტელეწამყვანს რამდენიმე დღის წინ პირად საკითხზე კონფლიქტი მოუვიდა.

იხილეთ ასევე: გრიგოლიას შემდეგ "იმედიდან" რამიშვილიც გაუშვეს

გავრცელებული ინფორმაცით, შალვა რამიშვილმა თათია სამხარაძესთან ინტიმური ურთიერთობის დამყარება სცადა. სამხარაძემ ფარული ჩანაწერი გააკეთა, რის შესახებაც ინფორმაცია ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამდე მივიდა. ამბობენ, რამიშვილთან თანამშრომლობის გაწყვეტა ამის შემდეგ გადაწყდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სანამ "იმედი" შალვა რამიშვილთან კონტრაქტს გააუქმებდა, ორი დღით ადრე თავად რამიშვილმა სამსახურიდან გაუშვა თათია სამხარაძე. თუმცა, რა გახდა მათი თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი და რა ფარულ ჩანაწერს ფლობს, ამაზე თათია სამხარაძე კომენტარს არ აკეთებს. შალვა რამიშვილის განცხადებით კი, მან უკვე მიმართა პროკურატურას. ამის შესახებ რამიშვილმა ambebi.ge-სთან განაცხადა, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

შალვა რამიშვილი:

- ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ თათია სამხარაძეს აქვს კომპრომატი ან სისხლის სამართლის დანაშაულის დამამტკიცებელი ჩანაწერი, ამიტომ მე უკვე მივმართე პროკურატურას და გავაკეთე საჯარო განცხადება. მე კანონმოშიში ადამიანი ვარ, მინდა გავიგო სიმართლე, ამიტომ მივმართე პროკურატურას.

- ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ სცადეთ სექსუალური ურთიერთობის დამყარება თათიასთან, რომელმაც ეს გადაიღო და სწორედ ეს გახდა თქვენთან თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი...

- არ ვიცი, ამას დავადგენ. თუ არსებობს რაიმე ჩანაწერი, სადაც რაიმეში ვარ მხილებული, ვინც ეს მოისმინა, ვალდებულია განაცხადოს პროკურატურაში. ამის საჯაროდ გავრცელება არავის არ შეუძლია. თუ ის ჩემი რეპუტაციის შემლახველია, აუცილებლად ვიჩივლებ. პროკურატურა დაადგენს ჭეშმარიტებას. მე ვმუშაობ მედიაში, ვიღებ სხვადასხვა სახის ხუმრობებსდა სკეტჩებს. თათია მე გამოვზარდე შოუბიზნესში და ვაქციე ამ ფიგურად, რაც არის. ჩემს ახლობლებში შეიძლება რაღაცას ვლაყბობ, მაგრამ თუ იძულებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ეს გამორიცხულია. რა ჩანაწერზეა საუბარი, რაც არ ვიცი, ის როგორ ვამტკიცო?

(იხილეთ ინტერვიუ სრულად)

რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედის" განცხადებას, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შპს "ტელეიმედმა" შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან გაწყვიტა საქმიანი ურთიერთობა.

"შპს "ტელეიმედმა" შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან გაწყვიტა საქმიანი ურთიერთობა. რაც შეეხება იმ სატელევიზიო პროდუქტებს, რომლებსაც ხსენებული კონტრაქტორი კომპანია "ტელეიმედისათვის" ამზადებდა და გადიოდა ეთერში, ვაცხადებთ, რომ არხი ინარჩუნებს ამ გადაცემებს და აპირებ თანამშრომლობის გაგრძელებას შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებთან", - ნათქვამია განცხადებაში.