"9 აპრილს რუსებმა მეგობარი ამიჩეხეს" - ფეხმძიმე გოგონასა და სხვათა გმირობა
9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 27 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. მართალია, საბჭოთა პროპაგანდა მიზანმიმართულად ცდილობდა სიცრუის გავრცელებას, თითქოს იმ ღამით მანიფესტანტები რუსის არმიამ კი არ აჩეხა, არამედ მიტინგზე წარმოქმნილ ჭყლეტაში მოჰყვნენ, თუმცა, მსოფლიომ სიმართლე მეორე დღესვე შეიტყო და ყველასთვის ცნობილი გახდა, 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე, სასაკლაო როგორ მოაწყო. ამ ბარბაროსობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ასობით მოიწამლა, დაშავდა და დასახიჩრდა. 9 აპრილის ღამეს გარდაცვლილთა შორის იყვნენ: ფეხმძიმე ელისო ჭიპაშვილი, არასრულწლოვანი გოგონები: ეკა ბეჟანიშვილი, თამარ ჭოველიძე და ნათია ბაშალეიშვილი...
ეს მხოლოდ 21 ადამიანის ოჯახების ტრაგედია არ ყოფილა, 9 აპრილი მთელი ერის ტრაგედიაა.
დაღუპულთა ოჯახებისთვის ამ ტრაგედიაზე ლაპარაკი მტკივნეულია, მათთან საუბრისას რწმუნდები, რომ დრო მკურნალი სულაც არ ყოფილა და მათ იარებს ხოლო ყოველი 9 აპრილის დადგომა აახლებს…
24 წლის ელისო ჭიპაშვილი ექვსი თვის ფეხმძიმე გახლდათ, როდესაც რუსული "სპეცნაზის" მიერ ჰაერში გაშვებულმა მომწამვლელმა აირმა გაგუდა. მისი ძმა ვახტანგ ჭიპაშვილი იხსენებს:
ელისო ჭიპაშვილი - ელისო ჩემზე ხუთი წლით უმცროსი იყო. ვერცხლისწყალივით გოგო გახლდათ, ვერაფრით გააჩერებდი. ბავშვობაშიც ძალიან ცელქი იყო, მე კი პირიქით - წყნარი და მორჩილი. მომხადრი 9 აპრილის დილას გავიგე. შინ დამირეკეს, - მგონი, მუცელი მოეშალა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში წევსო. მეც იქ გავიქეცი, მის სიკვდილზე არც ვფიქრობდი. საავადმყოფოს კედლებზე დაღუპულთა და დაშავებულთა სიები იყო გაკრული, მაგრამ ვერ გავეკარე. მერე იქაური თანამშრომელი ქალების ლაპარაკს მოვკარი ყური, ელისოს სახელი და გვარი ახსენეს. მივვარდი, - რა მოხდა-მეთქი? წამში შემომეფანტნენ. მაშინ კი ვიეჭვე, რაღაც უბედურებაა ჩვენს თავს-მეთქი. ამასობაში, ჩემი მეგობრებიც მოცვივდნენ. ამის შემდეგ ახალი სატანჯველი დაიწყო - გვამს ვერ ვპოულობდით;
ბოლოს და ბოლოს, "არამიანცის" მორგში მივაკვლიეთ. ძლივს ვიცანი, რადგან ჩემს დას მოგრძო სახე ჰქონდა და მომწამვლელი აირისგან სულ გასიებოდა, დამრგვალებოდა. დაჩეხესო, - ასეთი ინფორმაციაც გაავრცელეს, მაგრამ ჭრილობა საერთოდ არ ჰქონია, აირით იყო გაგუდული. ელისო შაბათს უნდა დაგვესაფლავებინა და წინადღეს დედა გარდაიცვალა - ამ ტრაგედიას ვეღარ გაუძლო... შინ ორი მიცვალებული გვესვენა...
მას შემდეგ იმდენი ომი და უბედურება გადაიტანა საქართველომ, რა გასაკვირია, 9 აპრილი აღარ ახსოვდეთ. რას ვიზამთ? ჩემი დის გმირობაზე ლაპარაკს ვერავის მოვთხოვ - ეს ჩემი უბედურება და ჩემი მიცვალებულია. (იხილეთ სრულად)
ქეთი, 25 წლის ნინო თოიძის და:
- ნინო დილით ამდგარა და ბიძაშვილისთვის უთქვამს, საშინელი სიზმარი ვნახე და დღეს მიტინგზე არ წავალო. თუმცა, საღამოსკენ აზამ (ადამია - ავტ.) დაურეკა და ჩქარა წამოდი, მიტინგზე რა ხდება ნახეო და გაქცეულა, აღარც ის საშინელი სიზმარი გახსენებია…
როცა უკვე ცხადი გახდა, რომ არმია მათ გადაუვლიდა, თავს უშველეს და გაიქცნენ... უცებ, ნინოს უკან მიუხედავს და წაქცეული აზა დაუნახავს, რომელსაც რუსის ჯარისკაცი უმოწყალოდ უსწორდებოდა, საშველად მივარდა, უნდოდა წამოეყენებინა, მაგრამ... ნინო მეგობარს ზედ დააკლეს. ნიჩაბი კეფაში ჰქონდა მოხვედრილი. ფუძის ძვალი გატეხილი ჰქონდა, საავადმყოფოში როცა მიიყვანეს ჯერ კიდევ სუნთქავდა, მაგრამ ექიმების ცდა ამაო გამოდგა...
დედამ თავის მოკვლა სამჯერ სცადა, ნინოს საფლავზე ათენებდ -აღამებდა. იქაურობას არ სცილდებოდა... ლოგინად ჩავარდა და აღარც ამდგარა, მალე მამაც მიჰყვა...
მაია, 29 წლის ნატო გიორგაძის და:
- მშობლებმა ისე გაგვზარდეს, რომ სამშობლოს სიყვარული ჩაგვინერგეს, ჩემი ძმა აფხაზთის ომის მონაწილეა, მეც ეროვნული მოძრაობაში ვიყავი ჩართული. ნატოც ასეთი იყო, სამშობლოზე შეყვარებული, უკან არ დაუხევია და თავიც გასწირა. ჩვენ გურიიდან ვართ, ამიტომ, მაშინ ამდენი კომუნიკაციის საშუალება არ იყო. მომხდარის შესახებ მეორე დღეს შევიტყვეთ. საავადმყოფოში ნატო გარდაცვლილი მიუყვანიათ, რადგან საბუთები დაკრგული იყო, არამიანცის მორგში როგორც უსახელო მიცვალებული ისე მიიყვანეს. შემდეგ ვიპოვეთ და... არანაირი ჭრილობა არ ჰქონდა, ერთი ნაკაწრიც კი, მაგრამ გაზით მოწამლული სახეზე ისეთი შეშუპებული იყო, რომ ვერ ვიცანით... მე ვთვლი, რომ ჩემი დის და დანარჩენების თაგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია და საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა...
კობა, 22 წლის აზა ადამიას ძმა:
- ვიცოდით, რომ აზა მიტინგებზე დადიოდა, მაგრამ ოჯახში არავინ უშლიდა იქ სიარულს. აზას ნიჩაბი საფეთქელთან მოხვედრია, სულ გატეხილი ჰქონდა საფეთქლის ძვალი, ადგილზევე გარდაცვლილა... მეტი სხვა არაფერი ვიცით. მადლობელი ვარ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომ 9 აპრილს დაღუპულები გმირებად აღიარა. ეს არც ერთ ხელისუფულებას არ გაუკეთებია, რაც გულდასაწყვეტი იყო. ამ ადამიანებმა თავი პირად კეთილდღეობას კი არა, სამშობლოს შესწირეს... მოგეხსენებათ, რომ მარტვილის მე-2 საჯარო სკოლა აზა ადამიას სახელობისაა.
ლეილა კვირიკაშვილი, 28 წლის თამუნა დოლიძის მეგობარი:
- მე გმირი მეგობარი - თამუნა (თათია) დოლიძე მყავდა!
9 აპრილს რუსებმა მეგობარი ამიჩეხეს. იმ უმძიმეს დღეებში, ბატონი მუხრან მაჭავარიანი ცდილობდა, 9 აპრილის მსხვერპლნი ერთ ადგილზე, სკვერში ან პანთეონში დაეკრძალათ, რათა თაობებს შემორჩენოდა თავისუფლებასშეწირული ადამიანების ვინაობა. იმდროინდელმა ხელისუფლებამ ეს არ დაუშვა. ვიცი, 9 ბევრი პოლიტიკოსი თუ თანამდებობის პირი მიაშურებს რუსთაველის პროსპექტს. მიტანილ გვირგვინებს ლენტებს "სათუთად" გაუსწორებენ. საფლავებზე მიდით, იქ მიაგეთ პატივი, ბატონებო! თამუნა დოლიძე ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული. მისი დედა, მერი დეიდაც დიდი ხნის გარდაცვლილია. (წყარო)
ანა გიორგაძე