"ივანიშვილი უკვე მეორედ ცდილობს, პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდეს!.."
"მინდა, გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო საქმიანობასთან ერთად, პოლიტიკურ პროცესებშიც აქტიურად ჩაერთოს"
"არ უნდა შეიქმნას ქვეყანაში კრიზისი, რომ ივანიშვილს კვლავ პოლიტიკაში დაბრუნებამ მოუწიოს, ეს პოლიტიკური პროცესისთვის დამანგრეველი იქნება"
"არჩევნების შემდეგ ვისაუბროთ, ვისთან მიგვესვლება და ვის მოესვლება ჩვენთან"
საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. თუმცა პოლიტიკური აჟიოტაჟი არჩევნების თარიღმა კი არა, იმან გამოიწვია, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თარიღის დასახელებასთან ერთად არჩევნების დანიშვნის ოფიციალური აქტი გამოსცა. კანონით კი, არჩევნების დანიშვნის აქტის ძალაში შესვლის დღიდან ქვეყანაში იწყება წინასაარჩევნო კამპანია თავის ამკრძალავ თუ შემზღუდავ რეგულაციებიანად. გამოდის, ქვეყანას 7 თვე ამ რეჟიმში უნდა ეცხოვრა. ეს ხარვეზი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გვიან აღმოაჩინეს და ასეთი გამოსავალი იპოვეს - ახალი ბრძანებულებით პრეზიდენტის საარჩევნო აქტი ძალაში 8 აგვისტოს უნდა შესულიყო. ამის შესახებ ახალი აჟიოტაჟი ატყდა - არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილის მტკიცებით, ზემოხსენებული დამატებითი ბრძანებულება კანონს ეწინააღმდეგება. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
- ბატონო დავით, თქვენი აზრით, პრეზიდენტმა უნდა გაიწვიოს უკან აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ, თუ პრემიერ-მინისტრმა არ უნდა მოაწეროს ხელი მარგველაშვილის ბრძანებას და უკან შენიშვნებით დაუბრუნოს?
- პირველ რიგში, მისასალმებელია, რომ არჩევნების თარიღი პრემიერისა და პრეზიდენტის შეთანხმების შედეგად გახდა ცნობილი. თუმცა, მეორე მხრივ, საარჩევნო კოდექსში გაწერილია, რომ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება. შვიდი თვით ადრე კამპანიის დაწყება ქვეყანაში გარკვეულ უხერხულობას შექმნიდა და, როგორც ჩანს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში 8 აგვისტოც სწორედ ამიტომ გაჩნდა.
- საზოგადოების დიდი ნაწილიც სწორედ ამას კითხულობს - ამ "უხერხულობაზე" პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურისტები ინფორმირებული არ უნდა ყოფილიყვნენ?
- არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო და ვერც მისი ადმინისტრაციის ბრალეულობაზე ვისაუბრებ. მის კეთილ ზრახვებში ეჭვი არ მეპარება, თუმცა ასეთ ვითარებაში ყველა ნიუანსია გასათვალისწინებელი. არჩევნების თარიღის გამოცხადება პოლიტიკურად სწორია, სამართლებრივ საკითხებზე კი, იმედია, პრემიერი და პრეზიდენტი შეთანხმდებიან.
ხშირად დემოკრატიულ სისტემაში, როდესაც ერთ საკითხზე რამდენიმე ადამიანი მსჯელობს, კარგი მიზნებიც კი, შესაძლოა, არასწორად დაიგეგმოს.
- ის, რომ კოალიციაში შემავალი პარტიები არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებდნენ მონაწილეობას, საზოგადოებისთვის დიდწილად მოულოდნელი იყო. კერძოდ, თქვენი და პრემიერის რამდენიმე კვირისწინანდელ შეხვედრაზე საუბრობდით "ქართულ ოცნებასა" და რესპუბლიკელებს შორის ორპარტიული შეთანხმების გაფორმებაზე, ცოტა ხნის შემდეგ კი გაირკვა, რომ არჩევნების წინ პარტიების გზები გაიყო. დროის ამ შუალედში რა იყო ყველაზე გადამწყვეტი მოვლენა, რომელმაც ორპარტიული შეთანხმებაც ჩაშალა და არჩევნებში კოალიციის სახით მონაწილეობის გეგმებიც?
- არა მხოლოდ პრემიერთან შეხვედრაზე, მანამდეც ბევრჯერ ღიად დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი და სურვილი - მოახლოვდა არჩევნები, ამიტომ უნდა ჩამოვყალიბდეთ, საერთო კანდიდატებითა და პროგრამით წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე თუ დამოუკიდებლად. "ქართული ოცნება" გვეთანხმებოდა, რომ ეს საკითხი გადასაწყვეტია, მაგრამ შიდაპარტიული ცვლილებების გამო დრო ისე გადიოდა, კონკრეტულ პასუხს ვერ ვიღებდით. პარტიების ნაწილი იმაზეც კი უკმაყოფილოა, რომ ექვსი თვით ადრე საარჩევნო თარიღი დასახელდა და რესპუბლიკელები ხალხი არა ვართ? ჩვენც გვაქვს პარტიული დღის წესრიგი და ამოცანები. პრემიერთან თქვენ მიერ ნახსენები შეხვედრის შემდეგაც არაერთხელ ვისაუბრეთ ამ თემაზე, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის პირადი მოსაზრებების მიუხედავად, მას პარტიის დანარჩენი წევრების დამოკიდებულებაც უნდა გაეთვალისწინებინა. ბოლო შეხვედრაზე კი პრემიერს ღიად ვუთხარით, რომ რესპუბლიკურ პარტიაში არჩევნებზე ცალკე გასვლის აზრი მომწიფდა. შეხვედრაზევე გაირკვა, რომ იგივე აზრი ჰქონდათ "ქართულ ოცნებაში". ეს თვალსაჩინო განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც კოალიციის ერთ-ერთ სუბიექტსა და რესპუბლიკური პარტიის წევრებს შორის იდეური კონფლიქტი დაიწყო.
ეს საკითხი წყალგამყოფი აღმოჩნდა, რადგან ამ შემთხვევაში საქმე პიროვნულ დავასთან არ გვქონდა. ამას მოჰყვა იმავე სუბიექტისგან ბრალდება არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე. აბსოლუტურად არასწორი პოზიცია იყო საუბარი იმაზე, რომ თურმე ეს მხოლოდ ორპარტიული კონფლიქტია და პოლიტიკოსები ერთმანეთში უნდა მოვრიგდეთ. ამ ყველაფერმა დაგვარწმუნა, რომ ერთობის საარჩევნოდ შენარჩუნება შეუძლებელი იყო. მოკლედ, კოალიციაში ე.წ. მშვიდობიან, ევროპულ გაყრამდე მივედით. არსებობს გაყრა, როდესაც პარტნიორს ჩხუბის შემდეგ მიატოვებენ ხოლმე, რითაც საერთო სიკეთე ზარალდება, ჩვენ კი განსხვავებული გზა ავირჩიეთ და ვთქვით - კოალიციასთან ურთიერთობის მტრულ რეჟიმში გადაყვანა ქვეყანას დააზიანებს, ამიტომ კონკურენტები ვიქნებით სამომავლო ხედვებში და არა იმაზე, გუშინ ვინ რა გავაკეთეთ. ეს პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში აუცილებლად უნდა დაინერგოს. დემოკრატიულ ქვეყნებში მრავალპარტიული ხელისუფლების წევრები არჩევნებზე დამოუკიდებლად გადიან, მაგრამ მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას არ ანგრევენ.
ქვეყანაში ასეთი კრიზისის შექმნა დაუშვებელია.
- თქვენ "მიტოვება" ახსენეთ... რჩება შთაბეჭდილება, რომ კოალიციის სხვა წევრებმა თავი "მიტოვებულად" იგრძნეს და მათთვის მოულოდნელი იყო გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებლად მოუწევდათ არჩევნებში მონაწილეობა. იყვნენ ისინი ინფორმირებული, რომ საქმე აქამდე მიდიოდა? აქვე შეგახსენებთ, რომ "ეროვნულმა ფორუმმა" კოალიციაც დატოვა და უმრავლესობაც.
- წლების განმავლობაში კოალიციაში გაერთიანებულ პარტიებთან ურთიერთობას ყოველთვის სიფრთხილით ვეკიდებოდი და მომავალშიც ასე იქნება. სხვები რამდენად დაიცავენ ამ ეთიკურ ნორმებს, მათი საქმეა. რესპუბლიკელებმა დიდი რესურსი დავხარჯეთ ერთიანობის შესანარჩუნებლად და სხვათა შორის, არაერთ კრიტიკულ ვითარებაში მისი გადარჩენა მოვახერხეთ. სამწუხაროდ, ეს "თავისუფალი დემოკრატების" შემთხვევაში არ გამოგვივიდა.
მეტს აღარ დავაკონკრეტებ... თუ ჩვენს გადაწყვეტილებასთან ვინმეს კითხვა გაუჩნდა და მაინც აწუხებს, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, მზად ვარ, ვესაუბრო და ავუხსნა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო. პირდაპირ გეტყვით, სამთავრობო პასუხისმგებლობა რომ არ გვქონდეს, შესაძლოა, უფრო მარტივად გვესაუბრა უმრავლესობაში დარჩენისა თუ წასვლის საკითხზე, მაგრამ გააზრებული გვაქვს, რომ ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლებას არ ნიშნავს. კვირიკაშვილს ჩვენი ნდობა აქვს და ვიცი, რომ მას ქვეყნისთვის სიკეთე უნდა, შესაბამისად, ვრჩები მის გულშემატკივრად. მინდა, გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო საქმიანობასთან ერთად, პოლიტიკურ პროცესებშიც აქტიურად ჩაერთოს.
- ქართულ პოლიტიკურ რეალობაში მიღწევადია, რომ ორმა პარტიამ, რომლებიც არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობენ, არჩევნებამდე მშვიდად შეძლონ ხელისუფლებაში გვერდიგვერდ თანამშრომლობა?
- ვერ გეტყვით, ჩვენი სურვილების რეალობაში განხორციელება რამდენად გამოგვივა, ეს როგორც საზოგადოებისთვის, ისე რესპუბლიკელებისთვისაც გაუკვალავი გზაა. არ გამოვრიცხავ, ერთი ან ორი თვე, ან თუნდაც რაღაც ეტაპამდე, პოზიციები შევინარჩუნოთ. თუმცა რესპუბლიკელ მინისტრებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტენ, თანამდებობიდან გადადგომა საარჩევნო კოდექსის გათვალისწინებით აუცილებლად მოუწევთ. თუ თანაცხოვრება მაინც ვერ მოხერხდა, მაშინ ამომრჩეველს ვეტყვით, რომ რესპუბლიკელებმა ამის აღმოსაფხვრელად ყველაფერი გავაკეთეთ.
- როგორ განვითარდება მოვლენები, თუ თქვენსა და "ქართულ ოცნებას" შორის ოპონირება ბევრად მკვეთრი გახდება და კრიზისის პრევენცია ვერ მოხერხდება?
- ჩვენი ამოცანა არც "ქართულ ოცნებასთან" მეგობრობა ყოფილა და არც ამ პარტიასთან ოპონირება იქნება. ჩვენი მიზანია, ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავწიოთ. ამ ოთხი წლის განმავლობაში საქართველომ რამდენიმე მართლაც სერიოზული ნაბიჯი გადადგა. მთავარია, უკან არ დავცურდეთ და რაც მოვიპოვეთ, არ დავკარგოთ. ოპოზიციაში ვიქნებით თუ სადმე სხვაგან, ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის ეს იქნება. ბევრჯერ მსმენია, რესპუბლიკელები პრინციპულები არ არიან და გარკვეულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენო... რა თქმა უნდა, კოალიციაში ყოფნა ყოველთვის თვითშეზღუდვას ნიშნავს, თანაც ჩვენთან ერთად მაგიდასთან სხვა პარტიებიც ისხდნენ - თუ მათ პოზიციებს ანგარიშს არ გავუწევ, ჩემ მიმართაც ანალოგიური დამოკიდებულება ექნებათ. ამ კინკლაობაში კი შედეგს ვერასოდეს მივიღებთ. სწორედ ამიტომ გარკვეულ საკითხებზე ზოგჯერ ერთი ტონით დაბლა, ზოგჯერ მოგუდულად და, რიგ შემთხვევებში საერთოდ არ ვსაუბრობდით. დღეს ვითარება იცვლება და რესპუბლიკელებიც და სხვებიც ჩვენს პრიორიტეტებზე თამამად ვისაუბრებთ. საბოლოოდ კი ყველა პოლიტიკურ ძალას კუთვნილ ადგილს ამომრჩეველი მიუჩენს და შემდეგ დავდებთ ისევ კოალიციურ შეთანხმებას, რაში ვთანხმდებით და რაში - ვერა.
- ანუ მიიჩნევთ, რომ შესაძლოა, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თქვენ "ქართულ ოცნებასთან" ან სხვა პოლიტიკურ ძალასთან ახალი კოალიცია შექმნათ?
- ჩვენ ვაცხადებთ, რომ საერთო არაფერი გვექნება იმ ადამიანებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნატოსთან ურთიერთობის გაწყვეტით, რუსეთი საქართველოსადმი დამოკიდებულებას შეიცვლის. ასევე, თანამშრომლობას გამოვრიცხავთ წინა ხელისუფლებასთან, რომელიც ძველ ლიდერთან და შეხედულებებთან დღემდე დარჩა. დანარჩენზე არჩევნების შემდეგ ვისაუბროთ, ვისთან მიგვესვლება და ვის მოესვლება ჩვენთან. არ ვფიქრობ, რომ მომავალი ხელისუფლება ერთპარტიული იქნება. შესაბამისად, პარტიებს ერთმანეთის ძებნა მოუწევთ.
- საინტერესოა, არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლა-არგასვლის თემაზე შიდაკოალიციურ კონსულტაციებში რა როლს თამაშობდა ბიძინა ივანიშვილი?
- როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაზე უარი განაცხადა, მიმაჩნდა, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მის მიერ შექმნილ სისტემას, საჯარო ინსტიტუტებსა და მისსავე ახალშექმნილ პარტიას მეტი გამაგრება სჭირდებოდა. ვხედავ, რომ კვირიკაშვილის პრემიერად არჩევის შემდეგ, პოლიტიკურ პროცესებზე ივანიშვილის როლი მინიმალურზე მინიმალურია.
- ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას ეს როლი დიდი იყო?
- კვირიკაშვილის პრემიერად არჩევის შემდეგ ეს განსაკუთრებით თვალში საცემია. როგორც ჩანს, ეს ივანიშვილის უკვე მეორე მცდელობაა, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდეს. ეს, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა. ფაქტია, როდესაც თავის დროზე პოლიტიკიდან წავიდა, გარემოებებმა ამის საშუალება ბოლომდე არ მისცა - ის საჯარო განცხადებებს აკეთებდა და პოზიციებსაც აფიქსირებდა. არ უნდა შეიქმნას ქვეყანაში კრიზისი, რომ ივანიშვილს კვლავ პოლიტიკაში დაბრუნებამ მოუწიოს, ეს პოლიტიკური პროცესისთვის დამანგრეველი იქნება. კითხვაზე, წავიდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან, ერთადერთი ეფექტური პასუხი დემოკრატიულად აწყობილი პარტია "ქართული ოცნება" იქნება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ პარტიაში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიმღები ლიდერები არიან, რომლებიც წარმატებასაც და წარუმატებლობასაც ერთნაირად უმკლავდებიან ეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ მოახერხა, რაც მათთვისვე გახდა დიდი პრობლემა და ცუდი იქნება, თუ "ქართული ოცნებაც" ვერ მოახერხებს. "ქართულმა ოცნებამ" უნდა დაგვარწმუნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მართლა წავიდა, დანარჩენი საუბარი არაფრის მომტანია.
- ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილმა სწორედ თქვენ შემოგთავაზათ, წამოსულიყავით რესპუბლიკური პარტიიდან და დაგეკავებინათ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტი. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებაში" თქვენს გადაბირებას კიდევ შეეცდებიან.
- ბიძინა ივანიშვილი არაორდინარული ფიგურაა. მას ხშირად მოვლენების განვითარება ისე წარმოუდგენია, როგორზეც ჩვენ ვერც კი ვიფიქრებდით. მაგალითად, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილის არჩევნების გზით შეცვლა შესაძლებელი იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ეს მიზანი დაისახა და მიაღწია კიდეც. დიახ, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სურვილი, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გავმხდარიყავი, მაგრამ თავადვე მიხვდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ასე არ ხდება, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც, მაგალითად, "მერსედეს ბენცის" მენეჯერი რამდენიმე წელიწადში, შესაძლოა, "ეფლის" დირექტორი გახდეს.
- ანუ პოლიტიკა ბიზნესი არ არის?
- ეს ჩემი აკვიატება არ არის, უბრალოდ, შეუძლებელია, თუ ვიღაცამ ერთ პარტიაში კარგი მენეჯერული უნარები გამოავლინა, მან სხვა პარტიასაც უხელმძღვანელოს.
- პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სკანდალზეც მინდა გკითხოთ და იმაზე, რომ საზოგადოება უსწრაფესად ითხოვს ხელისუფლებისგან ამ საქმეზე წერტილის დასმას. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ 11 მარტს, როდესაც კადრები გავრცელდა, ხელისუფლების ზოგიერთმა წევრმა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური რეაქცია გამოავლინა. კერძოდ, თეა წულუკიანმა, გიორგი მარგველაშვილმა და თინათინ ხიდაშელმა აღიარებული შეცდომის გამო ბოიკოტი გამოუცხადეს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს". პრეცედენტი, რომ თავისუფალ მედიასაშუალებას ბოიკოტს უცხადებდეს პრეზიდენტი ან იუსტიციის მინისტრი, ალბათ, არ დაფიქსირებულა დემოკრატიულ ქვეყნებში. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მოგვიანებით თინათინ ხიდაშელმა თბილი ფეისბუკპოსტი მიუძღვნა სააგენტოს და საბოლოო ჯამში, მასთან თანამშრომლობა გააგრძელა.
- 11 მარტს შოკის მომგვრელი ვითარება შეიქმნა. შესაბამისად, ჩემი აზრით, მინისტრებმა და პრეზიდენტმაც პოლიტიკურად აფექტურ მდგომარეობაში მიიღეს გადაწყვეტილება. ამ საკითხზე მეორე დღეს პრემიერთან გვქონდა საუბარი, არც ის იყო აღფრთოვანებული ამ გადაწყვეტილებებით, მაგრამ მასაც ესმოდა, რომ ცხელ გულზე გააკეთეს ამ ტიპის განცხადებები. რა თქმა უნდა, მინისტრი მაღალი რანგის პოლიტიკოსია და მას უფრო მეტი მოეთხოვება, მაგრამ დღეს აღმოჩნდა, რომ მედიასაც არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე მინისტრს ან პარლამენტის თავმჯდომარეს. საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა არ არის მთავრობის ექსკლუზივი. მაგალითად, შესაძლოა, ჩემს განცხადებას იმდენად დიდი ნდობა არ ჰქონდეს საზოგადოებაში, როგორიც "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამიტომ ყველაფერი დეტალურად უნდა ავწონ-დავწონოთ.
- როგორ ფიქრობთ, შეძლებს ეს ხელისუფლება ფარული ჩანაწერების საქმის ბოლომდე მიყვანას?
- მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე იდგა, 2008 წელს მოხდა ომი და ეკონომიკური მდგომარეობაც არასახარბიელო იყო, საქართველოსთვის ფარული ჩანაწერები ამ საუკუნის ყველაზე დიდი ლაქაა.
რა არ მოუფიქრებიათ ტირანებს, დიქტატორებს - ადამიანების წამება, მკვლელობა, მაგრამ არც ერთი რეჟიმი არ მისულა იქამდე, რომ საწოლებში ჩამწერები დაემონტაჟებინა,
ინსცენირებისთვის მსახიობები დაექირავებინა და პოლიტიკოსებზე არასწორი ინფორმაცია ამ გზით შეეგროვებინა. რა თქმა უნდა, შანტაჟი ყოველთვის იყო, მაგრამ იმ მასშტაბის, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში იყო - არასოდეს. ათასობით ფაილის არსებობა ნიშნავს, რომ ათასობით კამერა, ასობით ადამიანი და ათეულობით მათი ხელმძღვანელი მუშაობდა. ამ "ინდუსტრიის" გამოძიება სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად უნდა იქცეს. თუ კოალიციამ საამისოდ ცოტა გააკეთა, მომავალ მმართველს გაცილებით მეტი მუშაობა მოუწევს, რომ ჩანაწერების შემქმნელები და დამკვეთები ბოლომდე გამოააშკარაოს. შესაძლოა, ქუჩაში ყოველდღიურად ვხვდებით ადამიანს, რომელიც ამ სისტემის ნაწილი იყო და ამის შესახებ არც კი ვიცოდეთ. ეს დაუშვებელია!
მისასალმებელია, რომ პრემიერის აქტიურობის შედეგად, საქმეში ამერიკული მხარე ჩაერთო, მეტიც, ევროპელებიც მნიშვნელოვან დახმარებას დაგვპირდნენ.
გიორგი კვიტაშვილი
რუსუდან შელია