"ლევი" მანქანები რუსეთიდან!
საქართველოს მოქალაქემ, რომელმაც კანონიერად შეიძინა ავტომობილი, შესაძლოა, უეცრად შეიტყოს, რომ მისი მანქანა საერთაშორისო ძებნაშია(?!)
"საქართველოში რუსულ-ქართული საავტომობილო აფერის აღმოფხვრის ბერკეტი, ფაქტობრივად, არ არსებობს"
ბოლო დროს ავტოდილერები ადგილობრივ ავტობაზარზე მოქმედ თაღლითურ სქემაზე ლაპარაკობენ. მათი ინფორმაციით, საქართველოში მომრავლდა რუსეთიდან ჩამოყვანილი სხვადასხვა მარკის ავტომობილები, რომლებიც საბაზრო ფასზე შედარებით იაფად იყიდება. დილერების განმარტებით, ავტომობილები რუსეთიდან კერძო პირებს ჩამოჰყავთ, მათ შორის იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთში ლეგალურად ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, მანქანა საბანკო კრედიტით შეიძინეს და საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტეს. ისინი ამ ავტომობილებით საქართველოში ჩამოდიან, მანქანას ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან და აღარც რუსეთში აღებულ კრედიტზე დარდობენ, რადგან ისინი უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ. ისიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ავტოსესხის გამო ამ პირებზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს. მოკლედ, საქართველოში "გადმობარგებისას" ზოგიერთი ქართველი "უფასო" მანქანასაც აყოლებს ხელს და აქ რა ფასადაც უნდა გაყიდოს, მაინც დიდი მოგება დარჩება.
ჩვენ საქმეში ჩახედულ რამდენიმე პირს დავუკავშირდით. დეტალების გარკვევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სხვაგვარი თაღლითური სქემაც მოქმედებს - უფრო რთული და ჩახლართული. ისიც ირკვევა, რომ საქართველოში ამ აფერის აღმოფხვრის ბერკეტი, ფაქტობრივად, არ არსებობს. სქემა, რომელიც გავშიფრეთ, ასე მუშაობს: რუსეთის ფედერაციაში რუსეთის მოქალაქე (რომელიც სულაც არ არის აუცილებელი, ქართველი იყოს) კრედიტით, ანუ ლიზინგით ან განვადებით, ახალ ავტომობილს ყიდულობს, შემდეგ მიდის სადაზღვევო კომპანიაში და მანქანას მაქსიმალური ღირებულებით აზღვევს. ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ იწყება. თაღლითური სქემის მონაწილე სუბიექტები კორუფციული გზით ამზადებენ ავტომობილის ტრანზიტულ ნომრებს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას უკვე მეორე პირზე, ე.წ. შუამავალზე, რის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება ამ ავტომობილით საზღვრის გადმოკვეთა. საქმე ის არის, რომ ყალბი საბუთების მფლობელი სააღრიცხვო ბაზებში არ ფიქსირდება.
საქართველოში გადმოყვანისა და გაყიდვის შემდეგ, როცა ახალი მფლობელი მანქანას გადაიფორმებს, შუამავალი რუსეთში აცნობებს მანქანის პირველ მყიდველს, რომ ოპერაცია დასრულებულია. ამის შემდეგ პირი, რომელმაც განვადებით გამოიყვანა ავტომობილი და დაზღვეულიც ჰქონდა, პოლიციაში აცხადებს, რომ მისი მანქანა მოიპარეს. თაღლითებს ისიც გათვლილი აქვთ, რომ რუსეთში პოლიციაში ყოველდღიურად ათასობით შეტყობინება შედის ავტომობილის გატაცებისა და მოპარვის შესახებ, შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებები, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. თუმცა, ცხადია, ავტომობილის გატაცების შემთხვევა რეგისტრირდება და მასზე ძებნაც ცხადდება. ამის შემდეგ პირი, რომელსაც ავტომობილი "მოჰპარეს", სადაზღვევო კომპანიაში წარადგენს საბუთებს, რომ მისი ავტომობილი გატაცებულია, ძებნაც გამოცხადებულია და მზღვეველისგან ფულად კომპენსაციას იღებს, რითაც კრედიტსაც დაფარავს და ავტომობილის რეალიზაციით მიღებულ თანხასაც ჩაიჯიბავს... ამით თაღლითებისთვის ოპერაცია სრულდება, თუმცა მსხვერპლისთვის რისკი ამის შემდეგ ჩნდება - მისი მანქანის გატაცების ინფორმაცია შესაძლოა, ინტერპოლის საერთაშორისო ბაზაში მოხვდეს და პრობლემები შეუქმნას ავტომობილის ბოლო მფლობელს. მართალია, მანქანას ვერავინ ჩამოართმევს, რადგან კანონიერად შეიძინა, მაგრამ გაუძნელდება მისი გაყიდვა, სხვის სახელზე გადაფორმება, საზღვრის გადაკვეთა და ა.შ., რადგან საერთაშორისო ძებნაშია, როგორც მოპარული ნივთი.
ვასო ურუშაძე, "ეკოტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი: "მსგავსი პრობლემის შესახებ ჩვენც არაერთხელ გვსმენია, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ ყველაფრით ზარალდება საქართველოს მომხმარებელი, რომელმაც კანონიერად შეიძინა ავტომობილი. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქე თაღლითობისგან და პრევენციული ზომები მიიღოს... ყველამ ვიცით, რომ რუსეთის ფედერაციაში კორუფციული გზით ნებისმიერი დოკუმენტაციის დამზადებაა შესაძლებელი, შესაბამისად, საქართველომ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ღონისძიებებს უნდა მიმართოს, რათა ჩვენი მოქალაქე არ აღმოჩნდეს თაღლითური სქემის მსხვერპლი, თუმცა ძნელია თქმა, კონკრეტულად რა შეიძლება გაკეთდეს. ვითარებას ისიც ართულებს, რომ სანამ თაღლითები ავტომობილს გაყიდიან, ის არ იმყოფება საერთაშორისო ძებნაში. შესაბამისად, რთულია დადგენა, კონკრეტულად რომელი შემთხვევა შეიძლება გახდეს პოტენციურად თაღლითური".