"საჯარო განცხადებებით ერთმანეთთან კამათი, უმწიფარ ხელისუფლებაზე მიანიშნებს" - კვირის პალიტრა

"საჯარო განცხადებებით ერთმანეთთან კამათი, უმწიფარ ხელისუფლებაზე მიანიშნებს"

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე განკარგულება 5 აპრილს გამოსცა, 6 აპრილს კი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა, რომელსაც შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღიანი ვადა ჰქონდა. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაში დიდი რეზონანსი გამოიწვია და ისეთი პირი უჩანს, შესაძლოა დიდი სახელისუფლო დაპირისპირების მიზეზადაც იქცეს.

პრემიერი პრეზიდენტის მიმართვას 14 აპრილს გამოეხმაურა. მან პრეზიდენტს სთხოვა, არჩევნების დაწყებასთან დაკავშირებით განკარგულება 8 ივლისს გამოეცა, რათა წინასაარჩევნო ვადად სამი თქვე იყოს განსაზღვრული.

პრემიერის თხოვნას უკვე გამოეპასუხა პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს. (იხ: პრეზიდენტი პრემიერის წინააღმდეგ - ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისისკენ?!)

აშკარაა, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კონფლიქტი ახალ ფაზაში შედის

ლევან ალაფიშვილი, იურისტი:

"ვერ ვიტყვი, რომ სამთავრობო გუნდი პოლიტიკურად ან ეთიკურად სწორად მოიქცა, როდესაც მხოლოდ პრეზიდენტი გამოიყვანა საზოგადოების თვალში "დამნაშავედ" თუ "ხარვეზის ავტორად". ამის საპასუხოდ, პრეზიდენტმა ძალიან ნათლად გაასაჯაროვა, რომ პრემიერთან და მთავრობასთან ამ გადაწყვეტილების დეტალები გავლილი ჰქონდა, ამიტომ მარტო ის არ არის პასუხისმგებელი 5 აპრილის გადაწყვეტილებაზე. ამას გარდა, პრეზიდენტი პირდაპირ არ ამბობს, რომ მატყუებდნენო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა. ე.წ. 8 აგვისტოს თარიღთან დაკავშირებით საბიუჯეტო საკითხები სულაც არ აღმოჩნდა მთავარი.

თუკი მთავრობა ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება, პოლიტიკურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ახლა პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას სადაც ეწერება, რომ დაინიშნოს მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს, ეს დოკუმენტი მთავრობას კონტრასიგნაციისთვის გაეგზავნება, ხოლო თუ ეს უკანასკნელი ამას არ დაეთანხმება, ეს ნიშნავს ორ რამეს - პირველი, ისინი თარიღს დააყენებენ ეჭქვეშ და მეორე, განკარგულებაზე არ დათანხმებით იტყვიან, რომ მმართველი ძალა არ არის მზად კონკურენტულ პირობებში წინაასაარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის.

პრეზიდენტმა პრემიერთან ერთად დაუშვა შეცდომა".

სოსო ცისკარიშვილი, პოლიტოლოგი:

"ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო, იმდენი შფოთია ჩვენს ქვეყანაში, რომ კიდევ ერთის დამატება თანაც ასეთი თანამდებობის პირებისგან, აბსოლუტურად მოულოდნელია და სახელმწიფოს იმიჯს სიკეთეს ვერ შემატებს. არსებობს კომუნიკაციის უამრავი საშუალება და მედიით საჯარო განცხადებებით ერთმანეთთან კამათი, უმწიფარ ხელისუფლებაზე მიანიშნებს. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ლიდერებს გასავლელი აქვთ გზა და საკუთარი პოზიციების შეჯერება რაიმე სახის დამცირებად მიაჩნიათ, ნაცვლად იმისა, რომ კომუნიკაცია იყოს მუდმივი და თავსებადი.

ჯობდა, ეს საუბარი განვლილი 10 დღის განმავლობაში შემდგარიყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. ფაქტი ის გახლავთ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ეს საკითხი მეასე ხარისხოვანია. სულერთია ჩვენი ხალხისთვის, რომელ რიცხვში დიანიშნება არჩევნები, როდის დაიწყება წინასაარჩევნო ბატალიები და ა.შ. რატომღაც ფიქრობენ, რომ ეს თემა ყველა ოჯახისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ასე არ არის, ხალხს არ სცალია ამაში დრო დაკარგოს. ვფიქრობ, ყველაფერს მოევლება, შეთანხმება შედგება, სირცხვილი იქნება თუ ასეთ გაუგებრობაში ისევ დასავლეთიდან შემოთავაზებული რეცეპტებით ვიხელმღვანელებთ.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)