"შესაძლოა ნერვიულობაზე სპაზმიც განუვითარდა და ვერც კი დაიკივლა, რომ ვინმეს იმ ველურებისგან ეხსნა"
"თავის დარტყმის შედეგად ადგილზე გარდაცვლილა. არც შიშველი უნახავთ, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია."
"ვიდრე მის ცხედარს არ ვნახავ, ალბათ ვერ დავიჯერებ, რომ ნინი ცოცხალი აღარ არის... სიცოცხლით სავსე გოგო იყო. პრობლემების მიუხედავად, ყოველი დღის გათენება უხაროდა. იშვიათად მინახავს ასეთი პოზიტიური ადამიანი, შეეძლო ნებისმიერი სირთულისთვის იუმორით შეეხედა... ასეთი იყო ნინი..." - ამბობს დუბაიში დაღუპული 25 წლის ნინი სამანიშვილის მეგობარი. მისივე თქმით, ნინი არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაიში სამუშაოდ ადრეც იყო. ამჯერად კი, სულ რამდენიმე დღის წასული იყო. "ბავშვს ძალიან უჭირდა მის გარეშე, მაგრამ მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ და როგორღაც ძლებდა დედის ჩამოსვლამდე. 6 წლის ულამაზესი გოგონა ჰყავს, რომელსაც რაც შეეძლო არაფერს აკლებდა, ოჯახს იქიდან ეხმარებოდა", - მიყვება ნინის აცრემლებული მეგობარი მარი.
- დუბაიში პირველად რამდენიმე წლის წინ წავიდა. ენა იცოდა და საერთოდაც, ისეთი ცეცხლივით გოგო იყო, არსად დაიკარგებოდა, აქტიური, მხიარული, დაუზარელი. დუბაიში, კლუბში მუშაობდა. ხადანხან რაღაც დროით ისვენებდა და ამ დროს საქართველოში გამორბოდა, რომ შვილი ენახა... 6 წლის გოგონა დარჩა. ქმარს რამდენიმე წლის წინ დაშორდა და ბავშვს მშობლები უზრდიდნენ.
- რა მოხდა რეალურად, რა ვერსია აქვს ოჯახს?
- როგორც გვითხრეს, ნინი ქუჩაში იყო მეგობარ გოგონასთან ერთად, ავტობუსის გაჩერებასთან არაბ ბიჭებს ეკამათნენ, რაც ჩხუბში გადაიზარდა... არაბს ხელი უკრავს, ნინი დაცემულა და თავი დაურტყამს... როგორც ირკვევა, ამ დროს სხვები მის მეგობარს გაუსწორდნენ, რომელიც სასტიკად არის ნაცემი. მე არ ვიცნობ იმ გოგოს, მგონი იქ, დუბაიში გაიცნეს ერთმანეთი და დამეგობრდნენ...
თავიდან ნინიზე ითქვა, გაუპატიურებულიაო, რაც შემდეგ უარყვეს, თავის დარტყმის შედეგად ადგილზევე გარდაცვლილა... არც შიშველი ყოფილა, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია. შემდეგ დააზუსტეს ეს დეტალები... ნინი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაცვლილა, თუმცა მაინც წაუყვანიათ უახლოეს კლინიკაში. სისხლში ცურავდა თურმე, გვითხრეს, თავის ქალა აქვს ჩატეხილიო...
ულამაზესი გოგო იყო. ყოველთვის გამორჩეულად, გემოვნებით და თავისუფლად იცვამდა. მეგობრები სულ ვამბობდით, რომ ინოვატორი იყო, - სიახლეს ყველაზე თამამად ნინი ნერგავდა. თავდაუზოგავად შრომობდა, შვილს არაფერს აკლებდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მწვავე ფორმის ასთმა ჰქონდა და მუდმივად მედიკამენტი სჭირდებოდა. იმ ღამეს, შესაძლოა, ნერვიულობაზე სპაზმიც განუვითარდა და ვერც კი დაიკივლა, რომ დახმარება ეთხოვა და ვინმეს იმ ველურებისგან ეხსნა. არც კი ვიცით, რას შეეწირა 25 წლის გოგო... გეგმები ჰქონდა, ამბობდა, შვილს კარგი განათლება უნდა მივცეო... ძალიან მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი, ძალიან თბილი დედა და მზრუნველი შვილი იყო. ახალგაზრდა დედ-მამა ჰყავს. მამამისი მთელი ეს ღამეები მის ფოტოებს ათვალიერებს, - დედა პატარა შვილიშვილის გამო თავს იმაგრებს, ცდილობს, ყოჩაღად იყოს, მაგრამ ხომ ვიცით, რამხელა ტკივილს ატარებს...
- ოჯახთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა?
- დიახ, ამ საბედისწერო შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე უსაუბრია ოჯახის წევრებთან, სავარაუდოდ, სამსახურში მისვლამდე, - ყველაფერი კარგად არისო, უთქვამს... შემდეგ მეგობარ გოგონასთან, კიდევ ერთი მეგობრის სანახავად წასულა...
- მეგობარი გოგონას შეხახებ რა იცით?
- ისიც ქართველია, თუმცა ჩვენ არ ვიცნობთ. ისიც საშინლადაა ნაცემი და ადგილობრივ გამოძიებასთან თანამშრომლობს. როგორც გვითხრეს, მან მოახერხა პოლიციისა და სასწრაფო დახმარების გამოძახება.
იმედია, საქმეს დროულად გამოიძიებენ და დამნაშავეებს დასჯიან. ოჯახი პირველ რიგში, შვილის ცხედრის რაც შეიძლება მალე ჩამოსვენებას ითხოვს... ჩვენ, ნინის ახლობლები თითქმის ყველა კომენტარს ვკითხულობთ, რაც კი ამ ტრაგედიის შესახებ იწერება, გამაოგნა ხალხის დამოკიდებულებამ, - რა უნდოდა დუბაიში კლუბში სამუშაოდო, - ნინის პატარა შვილი ჰყავდა, რომლის რჩენა და აღზრდა თავად გადაწყვიტა... როგორ შეუძლიათ ადამიანებს ასე სასტიკად იმსჯელონ ადამიანზე, რომელსაც არც იცნობდნენ და არ იციან, შვილის გამო ეს პატარა გოგო რაზე იყო წამსვლელი. აქ რომ ვერაფერს გახდა, 200-300 ლარი რომ არაფერში ჰყოფნიდა მის ოჯახს იმიტომაც წავიდა დუბაიში და არ მინდა ვინმეს ვუსურვო, იგივე განიცადოს, რასაც ნინი განიცდიდა, როდესაც ატირებული იკრავდა შვილს დამშვიდობებისას...
ცნობილია, რომ დუბაიში გარდაცვლილი ქართველი გოგონას საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენებას საგარეო უწყება უზრუნველყოფს.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, უკვე დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც, დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთი არაბი მამაკაცი, რომელიც უკვე დაიკითხა.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)