"თავის დროზე გავრცელებული ვერსია, რომ შესაძლოა შვილს მოეკლა დედა, ერთი წუთით არ დაგვიჯერებია" - კვირის პალიტრა

"თავის დროზე გავრცელებული ვერსია, რომ შესაძლოა შვილს მოეკლა დედა, ერთი წუთით არ დაგვიჯერებია"

სამართალდამცველებმა კოჯორში, მიწაში ჩაფლული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. სახლის ეზოში, სადაც ცხედარი იყო დამარხული, პოლიცია თავად დამნაშავემ მიიყვანა.

ადგილობრივების თქმით, დაახლოებით 27 წლამდე მამაკაცის ცხედარი ჯერ კასრში იყო მოთავსებული, კვალის გაქრობის მიზნით კი მჟავა ჰქონდა მოსხმული. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი შესაძლოა 2014 წელს თბილისის ზღვაზე მდებარე დევნილთა დასახლებიდან გაუჩინარებული გურამ კვეზერელი იყოს. შეგახსენებთ, იმჟამად საზარელი მკვლელობა ამ დასახლებაში მოხდა. გურამ კვეზერელის დედის, 49 წლის ნატო კვეზერელის ცხედარი მათივე ბინაში, სააბაზანოში იპოვეს. მას საძილე არტერია გადაჭრილი ჰქონდა. როგორც გაირკვა, ქალი სამზარეულოში მოკლეს და მკვლელმა ის შემდეგ სააბაზანოში შეათრია. სამზარეულოში მაგიდა ორ კაცზე იყო გაშლილი, საჭმელი და სუფთა თეფშები ელაგა, ვახშმობა ვერ მოესწროთ. შვილის კვალს კი სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებდნენ.

kvirispalitra.ge ესაუბრა კვეზერელების ერთ-ერთ მეზობელს. მისი თქმით, ჯერ დაზუსტებით არ არის ცნობილი, რომ კოჯორში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი ნამდვილად გურამ კვეზერელია: "ოჯახის ახლობლებს ვესუბრე და მითხრეს, რომ მოუწევთ ცხედრის ამოცნობაზე მისვლა. ჩვენ კიდევ იმედი გვქონდა, რომ გურამი ცოცხალი იყო, გავრცელებულმა ინფორმაციამ შეგვძრა. ნატოს და გურამს საოცარი დედაშვილობა ჰქონდათ. თავის დროზე გავრცელებული ვერსია, რომ შესაძლოა შვილს მოეკლა დედა, ერთი წუთით არ დაგვიჯერებია. თუ ეს ნამდვილად გურამი აღმოჩნდება, უკვე ცხადი გახდება, რომ ვიღაც არაადამიანმა დედა-შვილი ასე სასტიკად გაიმეტა".

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კი კვეზერელების ერთ-ერთმა ახლობელმა განაცხადა, რომ კონტაქტი ჰქონდა საქმის გამომძიებელთან, რომელმაც უთხრა, რომ უახლოეს პერიოდში დაუკავშირდებოდა და 2014 წელს მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე გარკვეულ სიახლეებს გააცნობდა.

"ახლა ქალაქიდან ვარ გასული. ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, რომ ცხედარი ამოვიცნო. დამიკავშირდა გამომძიებელი და მითხრა, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეულ სიახლეებს გამაცნობდა, თუმცა ჯერჯერობით ცხედრის ამოსაცნობად არავის დაურეკავს. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით არის თუ არა კოჯორში ნაპოვნი მამაკაცი გურამი", - განაცხადა მან.

"კვირის პალიტრის" არქივი თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ მასალას ინახავს. გთავაზობთ ამონარიდებს 2014 წელს მომხდარი მკვლელობის თაობაზე მომზადებული სტატიიდან. თუმცა შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოჯორში გარდაცვლილი მამაკაცი ნამდვილად გურამ კვეზერელია.

"ქალს საძილე არტერია დანით აქვს გადაჭრილი" - იდუმალებით მოცული მკვლელობა

როგორც ირკვევა, მკვლელობა 14 დეკემბერს მოხდა. დედა-შვილი კახეთიდან იყო, ისინი 21 წელზე მეტია, თბილისის ზღვაზე მდებარე კადეტთა კორპუსში პირველ სართულზე ცხოვრობდნენ. მკვლელობის შემდეგ ბინაში პირველად სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა და სააბაზანოში გურამის დედის, 49 წლის ნატო კვეზერელის ცხედარი იპოვეს.

მარინა დევდარიანი, მეზობელი: - თავიდან ყაჩაღობა გვეგონა, მაგრამ ოქროული არ წაუღიათ, არც ბინაა არეული. იქვე უნახავთ გურამის იარაღები (სანადირო თოფი და პისტოლეტი). ოთახში ტყვიებიც იყო მიმოფანტული. ქალს საძილე არტერია დანით აქვს გადაჭრილი. ყველა ვნატრობთ, გურამი ცოცხალი იყოს. მისი ტელეფონი გათიშულია. ორშაბათს ნატოს ნომერზე მისი ძმისშვილი გოგო რეკავდა, მამიდა უნდა გამყოლოდა რუსთავში მართვის მოწმობის ასაღებად, მაგრამ არ მპასუხობდაო. ნატოს ტელეფონი სახლში იპოვეს.

- შეიძლებოდა მკვლელობა გურამს ჩაედინა?

- ქალმა შვილი მარტომ გაზარდა. მათი სახლიდან ხმამაღალი საუბარი არ გამოსულა.  ნატოს შვილზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. იმას ნატრობდა, როდის შეირთავდა ცოლს. წარმოიდგინეთ, ყოველ დილით აცილებდა სამსახურში. სანამ გურამი მანქანაში ჩაჯდებოდა, დედა პირჯვარს გადასახავდა, აკოცებდა და ისე უშვებდა. გურამი დიდი ხანი თბილისის მერიაში მუშაობდა, სამი თვეა, რაც წამოვიდა სამსახურიდან. ნატოს საოფისე ავეჯის ფირმა ჰქონდა... ტრაგედიის წინადღეს ვიყავი მათთან, ნატომ სუფრა გამიშალა, თქვა, ერთადერთს ვნატრობ, მალე მომიყვანოს გურამმა ცოლიო. ძალიან გაწონასწორებული ადამიანია გურამი - მშრომელი, მისალმებას ვერ დაასწრებ.

ნატოს პატარა ბოსტანი ჰქონდა, ყვავილებსაც უვლიდა. ზაფხულობით საღამოს ეზოში ვსაუბრობდით. არ მინდა დაჯერება, რომ ცოცხალი არ არის. ნატო როცა შინ იყო, სულ ინტერნეტთან იჯდა... გურამის მეგობრები ამბობენ, არასოდეს ყოფილა შემთხვევა, ტელეფონი გაეთიშა, გურამი დღეში რამდენჯერმე გვიკავშირდებოდა და რომ არ გამოჩნდა, ამიტომ ავფორიაქდითო. იუსტიციის სამინისტროში უნდა მისულიყო გასაუბრებაზე, ახალი სამსახური უნდა დაეწყო".

იხილეთ სტატია ვრცლად: "ქალს საძილე არტერია დანით აქვს გადაჭრილი" - იდუმალებით მოცული მკვლელობა

პ.ს. შსს-მ დაადასტურა, რომ ნაპოვნი ცხედარი გურამ კვეზერელისაა. იხილეთ სტატია: წამებით ჯერ შვილი მოკლეს, მერე - დედა - საზარელი მკვლელობა გახსნილია

ვიდეო