"წყლის პატარა მილი და ორმო რამით რომ დაეფარათ, ეს არ მოხდებოდა" - ბაგებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

"წყლის პატარა მილი და ორმო რამით რომ დაეფარათ, ეს არ მოხდებოდა" - ბაგებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბაგებში, წყლით სავსე ორმოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შუახნის მამაკაცის ცხედარს დღეს დილით მიაკვლიეს.

აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრმა, მამუკა კუდავამ ამ ფაქტის შესახებ "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა. "ვაკეში, პატარა გუბეში, ამ ღამეს ჩემი ბავშვობის ნაცნობი დაიხრჩო. ძალიან ნასვამი კი ყოფილა, მაგრამ წყლის პატარა მილი და ორმო რომ რამით დაეფარა წყლის კომპანიას, ეს არ მოხდებოდა". კუდავას ინფორმაციით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამუშაოებს აწარმოებდა, რის გამოც ორმო იყო ამოთხრილი და ტერიტორია არ იყო მონიშნული.

(წყარო)

თუმცა, როგორც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" განაცხადეს, ბაგებში აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლის კომპანია სამუშაოებს არ აწარმოებდა. მათივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია კერძოა და შესაბამისად სამუშაოებს კერძო კომპანია აწარმოებდა.