"შოუბიზნესი ბნელი რამაა"- ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიაზე
"გამარჯვების შანსი რომ საშუალოზე ნაკლები გვაქვს, ამას ყველა ხვდება. ჩვენ ხალხში არაპოპულარულები ვართ"
"ყველა ამბობს, რომ გამარჯვების დიდი შანსი აქვს რუსეთის წარმომადგენელ სერგეი ლაზარევს. მის კლიპზე მილიონებია დახარჯული. ჩვენი მუსიკა არ არის ფართო მასებისთვის. ჩვენი ბეგრაუნდი როკ-ენ-როლია, მაგრამ ვცდილობთ, ახალი ელემენტებიც შევძინოთ. არ ვაღიარებთ ჩარჩოებს, მიგვაჩნია, რომ ჩარჩოები მუსიკისთვის დამღუპველია".
2016 წელს ევროვიზიის რიგით 61-ე სიმღერის კონკურსი შვედეთში, ქალაქ სტოკჰოლმში გაიმართება. გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს. ამჯერად კონკურსში 43 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ნახევარფინალი 10 და 12 მაისს ჩატარდება, ფინალი კი - 14 მაისს. წელს ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენენ ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz სიმღერით Midnight Gold. "კვირის პალიტრა" ნიკა კოჩაროვს გაესაუბრა:
- ევროვიზიის კონკურსისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება. მუსიკალურად ყველაფერი რიგზეა, ახლა კოსტიუმებს გვიკერავენ. ჩვენი საკონკურსო ნომრის სცენოგრაფიაზე შვედი რეჟისორი, საშა ჟან-ბაპტისტი ზრუნავს. კონკურსი Globe Arena-ს უზარმაზარი ეკრანებით გაფორმებულ დიდ სცენაზე წარიმართება, ძალიან საინტერესო გრაფიკით, პირდაპირ ეთერში ვიდეოეფექტებიც გადაიცემა.
- ევროვიზიის ფესტივალზე აქამდე გასული სხვა ნომრებიდან, რით განსხვავდება თქვენი ნომერი?
- სტილით. ჩვენნაირი მუსიკა ჯერ არ მოუსმენიათ ევროვიზიის ფესტივალზე. შესაძლოა, ეს არც ისე კარგია, მაგრამ ევროვიზიის ქართველი პარტნიორების თამამი ექსპერიმენტია.
- ელოდით, რომ თქვენ წარმოადგენდით საქართველოს?
- არა. როდესაც დამირეკეს და მაუწყეს, კარგა ხანი დამჭირდა, დავრწმუნებულიყავი, რომ არ ხუმრობდნენ. თვითმიზანი არასდროს ყოფილა ევროვიზიაზე გასვლა. ჩვენ სულ სხვა სცენისკენ მივილტვით, მაგრამ, როდესაც შემოგვთავაზეს, ვიფიქრეთ, რატომაც არა-მეთქი.
- საქართველო არ არის გათამამებული ევროვიზიაზე მოპოვებული წარმატებებით.
- ჩვენზე არაფერია დამოკიდებული. ევროვიზია ისეთი კონკურსია, ვერ გათვლი. იქ 60 ათასი ჟურნალისტი დაგვხვდება, ერთადერთი, რაც თავის კარგად წარმოსაჩენად შეგიძლია გააკეთო, ჟურნალისტებს კარგად გააცნო თავი. ევროვიზიას მუსიკალური კონკურსი ჰქვია, მაგრამ ხალხს იშვიათად ამახსოვრდება სიმღერა. გახსოვთ სიმღერა, რომელმაც შარშან ან იმის წინ გაიმარჯვა? დარწმუნებული ვარ - არა.
- ბევრს მიაჩნია, რომ ევროვიზია პოლიტიკური კონკურსია. ეთანხმებით?
- მეც მსმენია ამგვარი მოსაზრება. სინამდვილეში რა ხდება, კაცმა არ იცის. კონკურსანტს ხალხი აძლევს ხმას და პლუს ჟიური. შარშანდელი გამარჯვებული, ხალხის ხმებით, მესამე ადგილზე იყო, თუმცა ჟიურიმ პირველ ადგილზე გაიყვანა. ვერ გაიგებ, შოუბიზნესი ხომ ბნელი რამაა.
- ამ ეტაპზე ვის რა შანსი აქვს?
- ყველა ამბობს, რომ გამარჯვების დიდი შანსი აქვს რუსეთის წარმომადგენელ სერგეი ლაზარევს. მის კლიპზე მილიონებია დახარჯული. თუმცა არავინ იცის, ფინალში რა მოხდება... გამარჯვების შანსი რომ საშუალოზე ნაკლები გვაქვს, ამას ყველა ხვდება. ჩვენ ხალხში არაპოპულარულები ვართ. ჩვენი მუსიკა არ არის ფართო მასებისთვის. ჩვენი ბეგრაუნდი როკ-ენ-როლია, მაგრამ ვცდილობთ, ახალი ელემენტებიც შევძინოთ. არ ვაღიარებთ ჩარჩოებს, მიგვაჩნია, რომ ჩარჩოები მუსიკისთვის დამღუპველია.
- საქართველოს გარდა, რომელ ქვეყანას გულშემატკივრობთ?
- მხოლოდ საქართველოს!.. სხვა მონაწილეთაგან არც ერთი სიმღერა არ მომეწონა. ერთხელ მოვუსმინე და არ გამჩენია მეორედ მოსმენის სურვილი.
საქართველო ევროვიზიაზე...
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირველად 1956 წელს შვეიცარიაში ჩატარდა და მასში მხოლოდ 7 ქვეყანა მონაწილეობდა: შვეიცარია, ნიდერლანდები, ბელგია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და იტალია. დროთა განმავლობაში კონკურსში ათობით სხვა ქვეყანა ჩაერთო.
საქართველოს დებიუტი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 2007 წელს შედგა და მას სოფო ხალვაში წარმოადგენდა სიმღერით Visionary Dream. დაიმსახურა მე-12 ადგილი.
2008 წელს დიანა ღურწკაია სიმღერით Peace Will Come მე-11 ადგილზე გავიდა; 2009 წელს ჯგუფი სტეფანე და 3 G, სიმღერით We don't wanna PUT IN უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა მათ დატოვეს კონკურსი, რადგან არ შეცვალეს სიმღერის ტექსტი; 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ სიმღერით Shine მე-9 ადგილი დაიმსახურა: 2011 წელს ჯგუფი Eldrine სიმღერით One more day მე-9 ადგილზე გავიდა; 2012 წელს ანრი ჯოხაძე, სიმღერით I'm A Joker კონკურსს ნახევარფინალურ ტურს გამოეთიშა; 2013 წელს სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი სიმღერით Waterfall მე-15 ადგილზე მოხვდნენ; 2014 წელს ჯგუფი The Shin & მარიკო (ებრალიძე) სიმღერით Three Minutes To Earth კონკურსს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშნენ; 2015 წელს ნინა სუბლატი სიმღერით Warrior მე-11ადგილზე გავიდა.
ეკა სალაღაია