"ფორუმელი" "სპლიყვი" გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
11 აპრილს სულხან წულაძემ, რომელიც თბილისის ფორუმზე ცნობილია, როგორც იუზერი "სპლიყვი", გახსნა სახუმარო თემა, სადაც ამერიკის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წერდა. მომხდართან დაკავშირებით, სამართალმადცველმა ორგანოებმა მოახდინეს რეაგირება, დააკავეს სულხანი და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დღეს სულხან წულაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს” მისმა ძმამ, გიორგი წულაძემ განუცხადა, სასამართლომ მიიღო სულხან წულაძის ადვოკატების შუამდგომლობა აღმკვეთის ღონისძიების, პატიმრობის 10 000 ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე, რასაც სახელმწიფო ბრალმდებელი არ შეწინააღმდგებია. სასამართლომ მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გიორგი წულაძის თქმით, ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მას შემდეგ მიმართეს, რაც ახალი გარემოება, ექსპერტიზის დასკვნა დაიდო. ექსპერტიზამ შეამოწმა სულხან წულაძის სატელეფონო და კომპიუტერული ჩანაწერები და დადგინდა, რომ შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნები არ გამოვლენილა.
იხილეთ ასევე: ტერორისტად შერაცხილი "სპლიყვი"?!