"პრეზიდენტმა პირადად შემომთავაზა"
როგორც kvirispalitra.ge უკვე წერდა, პრეზიდენტის პრესსპიკერი ჟურნალისტი ეკა მიშველაძე იქნება. (იხილეთ: პრეზიდენტი პრესსპიკერად ეკა მიშველაძეს წარადგენს?!)
ახალი პრესსპიკერი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გიორგი აბაშიშვილმა წარადგინა. მან აღნიშნა, რომ ეკა მიშველაძეს აქვს სახელმწიფო სექტორში მუშაობისა და ჟურნალისტიკაში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება. აბაშიშვილის თქმით, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია.
kvirispalitra.ge ეკა მიშველაძეს ესაუბრა.
- როდის შემოგთავაზეს ეს თანამდებობა?
- სულ რამდენიმე დღის ამბავია.
- ვინ შემოგთავაზათ, თავად პრეზიდენტმა?
- რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებებს იღებს პრეზიდენტი თავის გუნდთან შეთანხმებით. მე და ბატონ პრეზიდენტს გვქონდა პირადი საუბარი, მან პირადად შემომთავაზა პრესსპიკერობა. ვფიქრობ ეს არის ძალიან საინტერესო და კარგი პოზიცია, ნამდვილად სასიხარულო ამბავი იყო და მადლობელი ვარ ამ ნდობისთვის, რომელიც პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ გამომიცხადა.
- პოლიტიკოსის ცოლი ბრძანდებით და ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ პრეზიდენტი თანაუგრძნობს "თავისუფალ დემოკრატებს", არის თუ არა ამის საფრთხე?
- პრეზიდენტი თანაუგრძნობს ყველა პარტიას ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ის არის ყველას პრეზიდენტი, დაწყებული ყველა ოპოზიცური პარტიიდან დასრულებული სახელისუფლებო გუნდით იმიტომ, რომ ის არის დემოკრატიის გარანტი ქვეყენაში, ის არის ყველას პრეზიდენტი და შესაბამისად, ამ თემაზე საუბარი ცოტა უხერხულია.
თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)