"დაზუსტებით ვერ ვიტყვი, შავგვრემნები მომწონს, თუ - ქერები" - კვირის პალიტრა

"დაზუსტებით ვერ ვიტყვი, შავგვრემნები მომწონს, თუ - ქერები"

"ქერჩი იყო ჩემი პირველი სერიოზული ფართომასშტაბიანი სერიალი, სადაც ლევან დაბრუნდაშვილმა მომცა საშუალება მიმეღო ფილმში მუშაობის გამოცდილება"

24 წლის ერეკლე გეწაძე მსახიობთა ოჯახში დაიბადა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მას ბავშვობიდანვე უწევდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ერეკლე იმ ახალგაზრდა მსახიობთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც მაყურებლის სიყვარული მალევე დაიმსახურეს.

- ერეკლე, თქვენ მსახიობების ოჯახში დაიბადეთ. განაპირობა თუ არა ამან თქვენი პროფესიის არჩევა?

- რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ჩემი მშობლები მსახიობები არიან, ბაბუა - კინორეჟისორი, ხოლო დიდი ბებია მსახიობი გახლდათ.

- რას ამბობენ მშობლები თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე?

- მშობლები, ჩემს მიმართ, ძალიან ობიექტურები არიან. თუ შენიშვნა აქვთ მოსაცემი პირდაპირ მეუბნებიან, და პირიქით, თუ მოწონთ რაღაც, ამასაც აღნიშნავენ.

- ასეთი პრეცედენტი იშვიათია, როდესაც თეატრში მშობლების კოლეგა ხართ. რამდენად კომფორტულია ეს თქვენთვის?

- როდესაც თავდაპირველად მომიწია მამასთან, როგორც რეჟისორთან მუშაობა, მქონდა სირთულეები, რადგან გამიჭირდა მისი რეჟისორად აღქმა და უფრო მამა-შვილური ურთიერთობა მქონდა. შემდეგ, თანდათან შევეჩვიე და ისიც ისე მეურთიერთებოდა, როგორც რიგით მსახიობს. რაც შეეხება დედას, მისი პარტნიორობა ორ სპექტაკლში მომიწია. თავიდან მასთანაც დაძაბული ვიყავი, რადგან გამოვარჩევდი სხვა მსახიობებისგან, მას ხომ ყველაზე კარგად ვიცნობ, თუმცა ბოლოს გადავლახე ეს ბარიერიც.

- მოღვაწეობთ თეატრშიც და კინოშიც. სად უფრო უკეთ გრძნობთ თავს სცენაზე, თუ გადასაღებ მოედანზე?

- ორივე ადგილას გადასარევად ვგრძნობ თავს. ორივეს თავისი სპეციფიკა აქვს და რთულია განასხვაო. კინოში არის ახლო ხედი, სადაც სახის მიმიკის ზედმეტმა მოძრაობამ შეიძლება წყალში ჩაყაროს ყველაფერი, ხოლო თეატრში უფრო გამომსახველობაა საჭირო, რადგან მეოცე რიგიდან შეიძლება ვიღაცამ ვერ დაინახოს შენი თვალის თამაში და ა.შ. ამიტომაა, რომ თეატრსა და კინოში სხვადასხვა სპეციფიკით მუშაობენ. ყველაფერი, მაინც, რეჟისორზეა დამოკიდებული.

- თქვენ მრავალ სპექტაკლში გაქვთ მონაწილეობა მიღებული, თუმცა სპექტაკლ "ცხოველების ფერმაში" სამი როლის შესრულება მოგიწიათ...

- დიახ, თუმანიშვილის თეატრის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა მსახიობი და რეჟისორი გაი მასტერსონი. მის კასტინგზე ხუთი ცხოველი განვასახიერე. ცხოველიდან ცხოველზე სწრაფად გადავდიოდი და ცოტა გაუკვირდა კიდეც. მგონი, ამის გამო მომცა სპექტაკლში სამი როლი, როგორც მახსოვს ერთი ადამიანის - ფერმერის, მეორე ძაღლის, ხოლო მესამე ცხენის როლს განვასახიერებდი. ფიზიკურად ძალიან დამღლელი იყო, რადგან სხვადასხვა პლასტიკით უნდა მეთამაშა. რეჟისორი მოითხოვდა, რომ მკვეთრი განსხვავება ყოფილიყო მსახიობის მიერ შესრულებულ პერსონაჟებს შორის და არ ყოფილიყო ძაღლი და ღორი დაახლოებით ერთნაირი.

- რას გვეტყოდით სერიალის "ქერჩი-დაკარგული გმირების" შესახებ?

- "ქერჩი" იყო ჩემი პირველი სერიოზული ფართომასშტაბიანი სერიალი, სადაც ლევან დაბრუნდაშვილმა მომცა საშუალება მიმეღო ფილმში მუშაობის გამოცდილება. თვითონ სერიალი ძალიან მომწონს, იმიტომ არა, რომ ვმონაწილეობ, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო პირველი სერია. მინდა, მთელი გადამღები ჯგუფი შევაქო გაწეული შრომისათვის.

- როგორც ვიცით, მუსიკალური განათლებაც გაქვთ...

- შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით დავამთავრე და შემდეგ გადავედი დასარტყამ ინსტრუმენტზე. შემდეგ გავიარე მუსიკალური კომპოზიციის შექმნის ონლაინკურსები. როგორც ინსტრუმენტალისტი დიდი არაფერი ვარ, მაგრამ მუსიკას სერიოზულად მივუდექი და ახლა ვმუშაობთ ახალ სპექტაკლზე, რომელსაც მუსიკალურად მე გავაფორმებ. გარდა სცენაზე დგომისა, აღმოვაჩინე, რომ მუსიკის შექმნაც შემძლებია.

- პოპულარობას მოჰყვება ხოლმე აქტიურობა გოგონების მხრიდან. ხშირად ამბობენ, რომ სასურველი სასიძო ხართ. თავად როგორი გოგონები მოგწონთ?

- დაზუსტებით ვერ ვიტყვი შავგვრემნები გოგოები მომწონს, თუ - ქერები, რადგან ყველა ადამიანში შეიძლება დაინახო კარგიც და ცუდიც. მთავარია როგორ მოერგები იმ ადამიანს. განსაკუთრებით სოციალურ ქსელში აქტიურობენ გოგოები, რომლებიც მეგობრობას მთავაზობენ, მწერენ და ა.შ. მაგრამ ფიზიკურად ვერ ვახერხებ ყველასთვის პასუხის დაბრუნებას, თუმცა მე მათი მადლიერი ვარ, ასეთ ყურადღებას რომ მაქცევენ. ჩემს პოპულარობას, რაც შეეხება, ეს ალბათ ტელევიზიის დამსახურებაცაა. სატელევიზიო ეთერი სრულიად განსხვავდება სცენისა და გადასაღები მოედნისგან. თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ჩემი პარტნიორის დახმარებით მგონი შევძელი.

- რას გვეტყვით სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით?

- სამომავლოდ ჯერ ისეთს არაფერს ვგეგმავ, გარდა იმისა, რაც უკვე წეღან ვახსენე, რომ ახალ სპექტაკლზე ვმუშაობთ, რომელსაც მუსიკალურად მე გავაფორმებ. იდეაში არის რამდენიმე კინო პროექტი, რომელშიც შეიძლება მივიღო მონაწილეობა.

მარიამ კაპანაძე (სპეციალურად საიტისთვის)