ვინ არიან "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრები
14 მაისს, სპორტის სასახლეში პარტია ”ქართული ოცნების” რიგით მე-4 ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე პარტიის წევრებმა ახალ თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი აირჩიეს.
პოლიტსაბჭოს შემადგენლობა პარტიამ დღევანდელ ყრილობაზე დაამტკიცა.
”ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოში რჩებიან პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე და ნოდარ ხადური, ასევე პოლიტიკურ საბჭოს უერთდება პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
რაც შეეხება პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს, ესენი იქნებიან: დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე და ზვიად გონაძე.
დავით ბაქრაძე - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი;
დავით კოღუაშვილი - აშშ–ის სამართლის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხის მფლობელი; ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მთავარი მრჩეველი; ამერიკის სახელმწიფო ხაზინის მრჩეველი საბაჟო რეფორმების საკითხებში; ამერიკის კონგრესის სპეციალური ჯილდოს მფლობელი დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია ,,ახალი მემარჯვენეების" დამფუძნებელი;
მამუკა მდინარაძე - იურისტი, სამართლის დოქტორი. ორგანიზაცია "ადვოკატთა ალიანსის" თავმჯდომარე;
ირინე ფრუიძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი ინტელექტუალურ კლუბის "რა? სად? როდის?" წევრი;
რომან კაკულია - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ამჟამად ევროკავშირის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი;
სოფიო კილაძე - საერთაშორისო საჯარო სამართლის სპეციალისტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი;
აკაკი ზოიძე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი მკვლევარი;
ზვიად გონაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მაგისტრი;
”მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ერთობა, განახლებული გუნდი, განახლებული ენერგია, კონკრეტული გეგმები და მკაფიო ხედვა, რომელსაც ენდობა ჩვენი ხალხი და ეჭვი არ შეაქვს, რომ ,,ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს ემსახურება. ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზანს და ქვეყნის სტაბილური განვითარებით მოვუტანთ კეთილდღეობას ყველას. როგორც პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მე დარწმუნებული ვარ, ,,ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ამით ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს”, - განაცხადა პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
იხილეთ ასევე: გიორგი კვირიკაშვილი პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარედ აირჩიეს