"მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ..." - ლეგენდად ქცეული სიყვარულის ისტორიები - კვირის პალიტრა

"მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ..." - ლეგენდად ქცეული სიყვარულის ისტორიები

(ფოტოგალერეა)

"შენ წახვედი და ყველაფერი შენთვის დაიტოვე. მე კი ეს ყველაფერი შენში მყვარებია"

"ავად იყო, ვეღარ დადიოდა და… მაინც ვეჭვიანობდი"

"კვირის პალიტრა" გთავაზობთ ფოტოგალერეას შეყვარებულ წყვილებზე, რომელთა სიყვარულზე ლეგენედები დადიოდა და დღესაც დადის.

გალაკტიონი და ოლია ოკუჯავა

„ჩემთვის უბრალოდ შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენ გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკმარისი იყო ჩემთვის. ვიმეორებ, ჩემს გულს საშინლად სწამლავდა შენიანების იქ ყოფნა. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ უცხო, ძალიან უცხო და არასასიამოვნო პირი ვიყავი დედაშენისთვის, მე ვგრძნობდი, რომ ყველა გულში ან დამცინოდა, ანდა კვირობდა ჩემს ხშირ სტუმრობას… მე ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირი სიცივე შემქონდა თქვენს სახლში და მინდოდა მეყვირა, რომ არავინ არ მინდა შევაწუხო, რომ მხოლოდ ოლიასთან ყოფნა მინდა-მეთქი“, - წერდა გალაკტიონი 1914 წლის 6 იანვრით დათარიღებულ წერილში ოლიას.

ოლიას მამას რომანტიკოსი პოეტის სიძობის პერსპექტივა არ ხიბლავდა და შვილს გალაკტიონთან ურთიერთობას უკრძალავდა. ამის გამო, შეყვარებულები ერთმანეთს ფარულად ხვდებოდნენ, თუმცა მალე სტეფანე ოკუჯავას წინააღმდეგობა გატყდა და 1916 წელს ოლიამ და გალაკტიონმა ჯვარი დაიწერეს. ოლია თავგანწირული მეუღლე გამოდგა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ არ აცადა შეყვარებულ წყვილს ბედნიერი ცხოვრება...

ლია ელიავა და ოთარ კობერიძე

ქართული კინოს ორი ლეგენდა არა მხოლოდ სცენაზე იყო გენიალური, მათ სიყვარულის ისტორიაზე დღესაც ლაპარაკობენ.

„ლია ელიავა პირველად „ბაში“ აჩუკის ღამის გადაღებებზე ვნახე და მისმა სილამაზემ დამაბრმავა“, - ასე იხსენებდა ოთარი საყვარელ ქალთან შეხვედრას.

„პირველი უიღბლო ქორწინების შემდგ ოჯახის შექმნაზე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ ოთარმა ისე დაჟინებით და ლამაზად მთხოვა ხელი, რომ უარი ვერ ვუთხარი. როცა „მამლუქი“ ეკრანებზე გამოვიდა, ჩვენ უკვე საყვარელი ქალიშვილი ნანა შეგვეძინა“, - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ლია ელიავა.

როგორც ცნობილია, ლია ელიავას გაცნობისას ოთარს ოჯახი ჰყავდა. ლია კი ქმართან გაშორებული იყო.

მსახიობი დოდო ჭიჭინაძე იხსენებდა: "ძალიან ლამაზი წყვილი იყო, მაგრამ მათ წინაშე დიდი ბარიერი აღიმართა. ეს გახლდათ საზოგადოების აზრი და ყველაზე მთავარი - ოჯახი! თავიდან არც მე ვიყავი მათი ქორწინების მომხრე, ვეუბნებოდი, სხვის უბედურებაზე თქვენს ბედნიერებას ვერ ააგებთ-მეთქი. თუმცა გავიდა დრო და მივხვდი, მათ არ შეეძლოთ ერთმანეთის გარეშე და დიდი დანაშაული იყო მათი ცალ-ცალკე ყოფნა. სწორედ მაშინ ვთქვი ბევრის გასაგონად: როცა ასეთი სიყვარულია, ალბათ ღირს რისკზე წასვლა-მეთქი".

„ლია ჩემი ცხოვრების არსი, ჩემი სუნთქვა იყო“, - ამბობდა წლების შემდეგ გარდაცვლილ მეუღლეზე ოთარ კობერიძე.

გურამ საღარაძე და ტანია ბუჰბინდერი

გურამ საღარაძემ და მისმა მომავალმა მეუღლემ თეატრალური ინსტიტუტიდან გაიცნეს ერთმანეთი, ტანია ამ დროისთვის პირველ მეუღლეს იყო გაშრებული და თბილისში ცხოვრობდა. ისინი მალევე შეუღლდნენ და ბოლო ამოსუნთქვამდე გაგიჟებით უყვარდათ ერთმანეთი...

გურამ საღარაძის შვილი მარინა საღარაძე იხსენებს: “უკვე 17 წელზე მეტი გავიდა ტანიას გარდაცვალების შემდეგ და მამას ერთი დღეც არ ავიწყდებოდა ტანიაზე რომ არ ესაუბრა და ელოცა... მამა ახლა ნამდვილად მასთან წავიდა...“

რუსთაველის თეატრის გასტროლებზე ყოფნისას ტანია ყოველთვის თან ახლდა მის მეუღლეს.. ტანიას გული აწუხებდა, ერთხელ გურამს დაურეკა და უთხრა ცუდად ვარო, სახლში დაბრუნებულ მსახიობს მეუღლე გარდაცვლილი დახვდა...

რამაზ ჩხიკვაძე და ნატაშა ჩხიკვაძე

ქართული თეატრის ერთ-ერთ წამყვანი მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძისა და მისი მეუღლის ნატალია ჩხიკვაძის სიყვარულის ისტორიაც ისეთივე გენიალური გახლდათ, როგორი გენიალურიც ის თეატრის სცენაზე იყო.

„გემზე გავიცანი ნატაშა. იმ გემზე რომ არ ვყოფილიყავი, ხომ არ შევხვდებოდი. მე და გურამ საღარაძე მივდიოდით ოდესაში. იალტაში შემოვიდა ნატაშა. რომ დავინახე, უზომოდ მომეწონა და ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე ცოლის შერთვაზე, ასეთ ქალს შევირთავდი-მეთქი. ცხოვრებაში სხვა არავისზე მიფიქრია...“ - იხსენებდა თავად მაესტრო.

რამაზ ჩხიკვაძე ამბობდა, რომ ნატაშას დიდი დამსახურება იყო მისი წარმატება, ამიტომ ის დარჩა საყვარელი ქალისა და ხელოვნების ერთგულად.

სიცოცხლის ბოლო პერიობში ისინი ერთმანეთს ერთი წუთითაც კი არ ტოვებდნენ, თუმცა მხოლოდ 56 დღე გაძლო რამაზ ჩხიკვაძემ ერთგული მეუღლისა და მეგობრის გარეშე და 2011 წლის 17 ოქტომბერს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეზო თაბუკაშილი და მედეა ჯაფარიძე

„ჩემო მედიკო, ამ დიდ წიგნში ყველაფერი შენ გეკუთვნის, ყოველი სტრიქონი შენითაა ნაკარნახევი, მაგრამ არ ვიცი, შენსავით მშვენიერია თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობდი, დამემსგავსებინა შენთვის “, – რეზო თაბუკაშვილი.

ქართული კინოს მშვენებამ მომავალი მეუღლე მოსკოვში გაიცნო, იქ ედეა ჯაფარიძე სამხატვრო თეატრის სტუდიაში სასწავლებლად გაემგზავრა.

„რეზო 1947 წელს გავიცანი. მზეჭაბუკივით ვაჟკაცი იყო და გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ვხვდებოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი გრძნობის წინაშე დამაყენებდა და ინსტინქტურად ვუფრთხოდი მას“, – მედეა ჯაფარიძე.

„თუ დამიჯერებ, მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე 20 წლის წინათ“, - ეს სიტყვები ფილმში „მზე შემოდგომისა“ მწერალმა და დრამატურგმა რეზო თაბუკაშვილმა თავისი სცენარის მთავარ გმირს, მხატვარ ვახტანგს ათქმევინა, რომლის პროტოტიპი თავად იყო, ამ სიტყვებისადრესატი კი მედეა ჯაფარიძე გახლდათ.

შეყვარებული რეზო მედეას წერდა:

"ჩემო მედიკო!

კი არ მაგონდები, მელანდები, რამდენიმეჯერ გამოვეკიდე კიდეც უცნობებს. გელოდები ქუჩებში, მეტროსთან, შენს სტუდიასთან და დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა მეპოვნე. შემოვიარე ის ადგილები, სადაც მე და შენ ხშირად დავდიოდით და გვიყვარდა. ყველაფერი დამხვდა ძველებურად, ისევ ის ქუჩები, ის სახლები, თითქოს ვიტრინებშიაც არაფერი შეცვლილა და ვგრძნობდი მაინც, რომ აღარ იყო აღარც ის ქუჩები, აღარც ის სახეები, აღარც ის სახლები. შენ წახვედი და ყველაფერი შენთვის დაიტოვე. მე კი ეს ყველაფერი შენში მყვარებია, საშინელებაა ცარიელ ქალაქში ცხოვრება, ისეთი გრძნობაა, თითქოს გადმოგაგდეს გაქანებული ვაგონიდან, მატარებელი კი ღამეში დაიკარგა".

კახი კავსაძე და ბელა მირიანაშვილი

კახიმ ბელა პირველად ინსტიტუტის დერეფანში დაინახა, თანაკურსელს ელაპარაკებოდა. ის თანაკურსელი გურანდა გაბუნია აღმოჩნდა. გულიანად იცინოდნენ რაღაცაზე. მოჰკრა თვალი და მორჩა: "აი აქ (შუბლზე იდებს ხოლმე ხელს, როცა იმ დღეს იგონებს) გადამეკეტა ყველაფერი!" უგონოდ შეუყვარდა ბელა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ვერაფერს უბედავდა.

ორსულობის პერიოდში საშინელი ვირუსი შეხვდა, ანტიბიოტიკებს არ იღებდა, რომ ნაყოფი არ დაზიანებულიყო. გრიპი გართულდა და ფილტვების ანთებაში გადაუვიდა. მკურნალობამ ანთება კი ჩაუქრო, მაგრამ რთული მშობიარობის შემდეგ ბელას ჯანმრთელობა გაუარესდა.

კახი დიდ სიყვარულს დიდი სიყვარულით და გააფთრებით პასუხობდა - ჩუქნიდა ყვავილებს, მაგრამ, უბრალოდ, თაიგულს კი არა, მთელ ბუჩქ იასამანს… ჩუქნიდა ვერცხლის სამკაულებს, რაც ძალიან უყვარდა ბელას, მაგრამ ერთ ან ორ სამკაულს კი არა - მთელ ჩემოდან ვერცხლეულს.

„მე ჩემს გრძნობებს ბელასამდი იმით ვწონიდი, რომ მისთვის ყველაფრის გაღება შემეძლო. მიფიქრია: 2 თირკმელი მაქვს, 2 ფეხი, 2 ხელი, ორი თვალი, ოღონდ მორჩეს და ყველაფერს მივცემ-მეთქი. გული ხომ ერთი აქვს ადამიანს – იმასაც მივცემდი, მაგრამ ის ისეთი იყო, დამერწმუნეთ, არ მიიღებდა. ბელა თავად იყო ღირსეული. რომ ამბობენ, კახი კარგი ქმარი იყოო, სინამდვილეში ის იყო კარგი, არაჩვეულებრივი… 26 წელიწადი ვიყავით ერთად… ავად იყო, ვეღარ დადიოდა და… მაინც ვეჭვიანობდი. მე ვინც მომწონს, სხვასაც თუ მოსწონს, ეს მანერვიულებს სწორედ...“ - კახი კავსაძე.

სოფიკო ჭიაურელი და კოტე მახარაძე

კოტე და სოფიკო 1980 წელს დაქორწინდნენ... სოფიკო დარწმუნებული იყო, რომ კოტესთან ბედისწერამ შეახვედრა.

„ცხოვრებაში, მით უმეტეს - პირადში, არ მოქმედებს არანაირი კანონი. ადამიანის ბედის დავთარში მისი დაბადებისთანავე იწერება ყველაფერი. მე მეწერა, რომ ჩემს სიცოცხლეში ორჯერ მყვარებოდა,“ - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში სოფიკომ

კოტესთან ქორწინება მეუღლისა და ორი შვილის პატრონისთვის საოცრად გმირული და ამასთან რისკიანი ნაბიჯი იყო. სოფიკომ ეს ნაბიჯი გადადგა, რადგან მასაც თავგანწირულად უყვარდა.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ