ნაღდი თბილისური ამბავი
მართვის მოწმობა ჯერ კიდევ მაშინ ავიღე, როცა კომუნიზმს ვაშენებდით. მანქანის მართვას თბილისელი სომეხი რაფიკა მასწავლიდა, ბაჯაღლო კაცი. ძაფივით წვრილი შავი ულვაში, ჭაღარა თმები და სევდიანი თვალები ჰქონდა.
ახლა უკვე ლიბერალურ დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ ეს კაცი მაინც არ მავიწყდება იმიტომ, რომ თბილისური მოძრაობის ბევრი ისეთი დაუწერელი კანონი მასწავლა, ძალიან რომ გამომადგა. დინჯი, დარბაისლური ლაპარაკი იცოდა. ერთხელ ერთი გზაჯვარედინი მშვიდობიანად რომ გადავლახეთ, მანქანა გამაჩერებინა და მკითხა:
- ეს გზაჯვარედინი ეგრე თამამად რატომ გაიარე, შვილო? - მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი.
- იმიტომ, რომ მწვანე ენთო, - ვუპასუხე, - ჩვენი გზა იყო.
- ეხლა ყური დამიგდე და კარგად დაიხსომე, რასაც გეტყვი, - მითხრა რაფიკამ, - გზა ჯერ ჯიგიტისაა, მერე შენი. ეგრე ატჩაინად რომ შევარდი იმ გზაჯვარედინზე, რა იცოდი, რომ იქიდან პრაკურორის მაშინა არ მოდიოდა, შვილო? თავსაც გაიფუჭებდი და მაშინასაც დამიმტვრევდი. მე კიდე პურის ფულს ამ მაშინით ვშოულობ. დვაჟდი მწვანეც რომ ენთოს, ჯერ კარგად გაიხედ-გამოიხედე, ჯიგიტი არ არის, ზნაჩიტ გზა შენია. თუ არადა - არა. გაიგე?
გაუგებარი მხოლოდ ჯიგიტების ვინაობა იყო.
- ვინ არიან და - თითი ასწია რაფიკამ, - პირველ რიგში, ხაზეინის შოფრები. შავ "ვოლგას" ფარდები და ჯალუზები თუ აქ, ზნაჩიტ, ხაზეინის შოფერია და ეჩქარება. გზა იმისია. ტაქსები და მარშუტკები ადნაზნაჩნად გაატარე; და ვოლნი გონშიკი კიდე ნომრით უნდა იცნო. ბლატნოი ნომერი აქ? ზნაჩიტ, ჯიგიტია, უნდა გაატარო. ეგენი ყველა უნდა გაატარო; მაგათ სულ ეჩქარებათ.
- იქნებ მეც მეჩქარება?
- მაინც უნდა გაატარო, ზატო შინ მშვიდობით მიხვალ. კარგად დაიხსომე და არ წააგებ.
ისე კარგად დავიხსომე, რომ დღემდე მახსოვს. მაგრამ დემოკრატიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. "ხაზეინებმა" შავი "ვოლგები" რომ შავი ჯიპებით შეცვალეს, ხოლო ფარდები და ჟალუზები - დამუქებული მინებით, ეს უკვე კარგა ხნის ამბავია. ვინც პარლამენტში არა ზის ან არ ვაჭრობს, ყველა რომ ტაქსაობს, აღარც ეს არის ახალი. მთავარი მაინც ისაა, რომ "ვოლნი გონშიკების" რიცხვი დღითი-დღე იზრდება და ისეთი პირი უჩანს, კიდევ უფრო გაიზრდება. ქალაქში ტევა აღარ არის, ყველა გაჯიგიტდა და ყველას ეჩქარება. ამდენი "ბლატნოი" ნომერი რომ ენახა, რაფიკაც კი დაიბნეოდა.