ყოველი ნაცემი "ნაციონალი" ნიშნავს ნაბიჯს ძალაუფლებისკენ! - "ნაცმოძრაობის" დევიზი "ვარდების რევოლუციამდე..." და ახლაც?! - კვირის პალიტრა

ყოველი ნაცემი "ნაციონალი" ნიშნავს ნაბიჯს ძალაუფლებისკენ! - "ნაცმოძრაობის" დევიზი "ვარდების რევოლუციამდე..." და ახლაც?!

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის #53-ე უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება, რომლის დროსაც "ნაციონალური მოძრაობის" სხვა აქტივისტებთან ერთად, პარტიის ლიდერები: გიგა ბოკერია, ნიკა მელია და თენგიზ გუნავაც გალახეს, ბევრის აზრით, შესაძლოა მომავალი საპარლამენტო არჩევნების ერთგვარ რეპეტიციადაც მივიჩნიოთ.

ერთი ცხადია, "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ იმ ხერხების გამოყენებას ცდილობს, რასაც "ვარდების რევოლუციამდე" იყენებდა, ანუ  დაპირისპირებების პროვოცირებას, ამგვარი ქმედებით 2003 წელს მიზანს როგორ მიაღწიეს, ყველამ კარგად იცის. მათ მშვენივარდ იციან, რომ გამარჯვების შანსი არ აქვთ, შესაბამისად, ყველანაირად შეეცდებიან ქვეყანაში იმგვარი ქაოსი შექმნან, რის ტალღაზეც საკუთარი ვიწროპარტიული მიზნების მიღწევას შეძლებენ.  საბოლოოდ ამით შესაძლოა ყველზე მეტად ქვეყანა დაზარალდეს. ყოველი ნაცემი "ნაციონალი" ნიშნავს ნაბიჯს ძალაუფლებისკენ! - ეს იყო მათი დევიზი "ვარდების რევოლუციამდე", ამ დევიზით მოქმედებენ დღესაც, რაც, ფაქტობრივად, დაადასტურა საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებამაც, როდესაც მან ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს გამარჯვება მიულოცა: "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიპოვა სერიოზული გამარჯვება, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ ყველაფერი შემობრუნდა და დაუბრუნდა სწორ გზას. ეს არის ხალხის დამსახურება. იგივე რაღაც სცადეს, რაც 2003-ში, როცა ნიღბებიანი ხალხი მოიყვანეს, მაგრამ ხალხს არ შეეშინდა და უფრო ბევრი ხალხი მოვიდა…" რა თქმა უნდა, სააკაშვილს არც "ნაციონალების" პროვოკაციები გახსენებია და არც საკუთარი ნებით შექმნილი ნიღბიანთა თუ უნიღბოთა "ზონდერჯგუფები", თუმცა ეს არ ამართლებს სახელისუფლო ძალის მოქმედებას, რომელიც ზუგდიდში ძალიან ჰგავდა "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ხელისუფლებისდროინდელ ქმედებებს. თუ სათანადოდ არ დაისაჯნენ ის ადამიანები, ვინც ამ არეულობაში მონაწილეობდნენ და ხელკეტებით შეიარღებულები უსწორდებოდნენ ოპონენტებს, წინასაარჩევნოდ არაერთი მსგავსი დაპირისპირება და არეულობა შეიძლება ვიხილოთ, რაც საბოლოოდ ქვეყანას ქაოსამდე მიიყვანს.

"ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, ხელისუფლებამ "ზონდერჯგუფი" შექმნა, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს გიორგი არეშიძე. როგორც გოკა გაბაშვილმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მასთან სპორტსმენები მოსამზადებლად შს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსს გეგა გეგეშიძეს მიჰყავს. შემკვეთი და დამფინანსებელი კი, "ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი კახა კალაძეა. (იხილეთ ვიდეო: ვინ არიან კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები?)

ეს თუ ასეა, გამოდის სრულად გადმოუღია "ქართულ ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობის" მეთოდები. თავად კახა კალაძის თქმით: "ყველა იქ მყოფი ადამიანი იყო "ქართული ოცნების" მხარდამჭერი და პარტიის წევრი. რაც შეეხება ხელკეტებს, ეს "ნაციონალური მოძრაობის" საკუთრება იყო და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ"

"ყველა, ვისაც დღეს კეტი ეჭირა ხელში ან მუშტს იქნევდა, ჩვენს სამშობლოს ურტყამდა მუშტს. ყველა, ვინც დღევანდელ ვანდალიზმს წარსული დროის ვანდალიზმზე პასუხით ამართლებს, ჩვენი ქვეყნის პროგრესს და განვითარებას უშლის ხელს; თუ ვართ ცივილიზებული სახელმწიფო, თავისუფალი ადამიანების ქვეყანა და ღირსება გაგვაჩნია, სხვისი დაჩაგვრა, მუშტი და ხელკეტი ვერასოდეს დაგვეხმარება, ვერ გახდება ჩვენი მეგზური უკეთესი საქართველოსკენ. ის, რაც დღეს სამეგრელოში ხდებოდა, ქაოსის გზაა! არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ვის ურტყამდა", - ეს შეფასება კი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გამოაქვეყნა. (წყარო)

ექსპერტ არჩილ გამზარდიას აზრით კი: "ხელისუფლება, რომელსაც ოპონენტად "ნაციონალური მოძრაობა" ჰყავს, უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ ყოფილი მმართველი პარტია ყოველი ფეხის ნაბიჯზე მოაწყობს პროვოკაციებს.

სწორედ იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ძალადობაზე, რასაც გასული ოთხი წელი ადასტურებს, უნდა გაითვალისწინოს თავისი პოლიტიკაც, ყოფილი მმართველების სტრატეგიებიც და დახვდეს მზად "ნაციონალური მოძრაობის" პერმანენტულ პროვოკაციებს - უნდა უზრუნველჰყოს უსაფრთხოების დაცვა და საზოგადოებრივი სტაბილურობა.

ის, რაც მოხდა ერთ ადგილას, არის ნიშანი იმისა, რომ აგონიაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" მსგავს პროვოკაციებს შეეცდება როგორც დარჩენილი თვეების განმავლობაში, ისე, განსაკუთრებით არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ.

ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა აღკვეთოს პროვოკაციები და უზრუნველჰყოს საზოგადოების სიმშვიდე, ასევე აღკვეთოს საზოგადოებრივი დესტრუქციები თუნდაც პროვოკატორების საპასუხოდ". (წყარო)

ანა გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)