ბლის "ოქროს ხანა"
თუ თითო უცხოური ძირიდან ორი ვედრო ჩამოდის, სრულმსხმოიარე ქართული ბლიდან 12 ყუთი იკრიფება და თითო ყუთში 36 კილოგრამია. ისინი ჩვენს ხარისგულას ვერც გემოთი შეედრება.
შესაძლოა, ბევრმა არც კი იცის, რომ მაის-ივნისის მოსავალი, ანუ ბალი ჩვენში დიდი ხანია, ექსპორტის პროდუქტად იქცა. მართალია, ამას ჩვენთვის მხოლოდ სიკეთე არ მოაქვს - საქმე იქამდე მივიდა, რომ ბლის ეკოლოგიურად სუფთა და გემრიელი პროდუქცია უკვე ბაზრებამდეც ვერ აღწევს და ჩვენს მოსახლეობას აღარ ჰყოფნის - მაგრამ სამაგიეროდ, ბლის მეპატრონეებს სახლიდან გასვლაც კი არ სჭირდებათ, რომ თავიანთი მოსავლით არსებობის სახსარი მოიპოვონ. ბლის ყველაზე მოსავლიან ადგილად ჩვენში გორის რაიონი, განსაკუთრებით კი - სოფელი სკრა და მისი მიმდებარე სოფლები ითვლება. აქაურებისთვის მაის-ივნისში ბლის "ოქროს ხანა" დგება.
გოგი ოქროშიაშვილი, სოფელ სკრის თემის რწმუნებული: - ჩვენი სოფელი და მისი მიმდებარე სოფლები ჯერ კიდევ სამი ათეული წლის წინ იმითაც იყო ცნობილი, რომ აქ სახელმწიფო მნიშვნელობის სანერგე იყო და ნერგების გამოყვანას სახელგანთქმული სელექციონერი მეცნიერები აკონტროლებდნენ. სწორედ მათ გამოიყვანეს ცნობილი ქართული ბლის ჯიშები, მათ შორის - სახელგანთქმული ხარისგულაც. შემდგომში ცნობილმა მოვლენებმა სკრის სანერგე შეიწირა, მის ადგილზე სხვა ადგილობრივი ლიცენზირებული მცირე სანერგეები გაჩნდა, მაგრამ დაგვრჩა უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი ჯიშის მცენარეები და პროფესიონალი სპეციალისტები, რომელთაც ნამდვილად ვერავინ შეედრება ხილის მოვლასა და გახარებაში. აი, ამ ხალხის გამოყვანილი და მოვლილი უგემრიელესი ბლის ჯიშებით შემოსდის სოფელს შემოსავალი, განსაკუთრებით - ივნისში.
მაისის ბალიც გვაქვს, მაგრამ საექსპორტოდ ივნისის ბალი გაგვაქვს. ხარისგულა, გოგრა, ჭროღა და თეთრი ბლის ჯიშები მთელ საქართველოშია ცნობილი. ისინი იოლად ეგუება ადგილობრივ "ფიცხ" ნიადაგს.
- სახელმა "ხარისგულამ" დამაინტერესა. ასე რატომ ეძახით?
- თუ ამ სახეობის ბალს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ მას გულის ფორმა აქვს, მსხვილი, ხორციანი და თანაც სისხლისფრად წითელია. არსებობს ისეთი ხარისგულაც, რომელსაც გულის ფორმა არა აქვს, სამაგიეროდ, აქვს ფერი და ხორციანობა, ამიტომაც მასაც იმავე სახელს ვეძახით. რაც შეეხება ჭროღას, ეს ცალ გვერდზე შეწითლებული თეთრი ბალია. გოგრასა და ჩვენებურ თეთრ ბალსაც ხომ ყველა იცნობს - სამურაბედ ყიდულობენ.
როგორც კი სეზონი დაიწყება, სოფელ სკრასა და მის მიმდებარე სოფლებში მაცივარ-მანქანები შემოდის, რომელთაც ბლის მოსავალი ფერმერთან ხელშეკრულებით ეზოდანვე მიაქვთ. ბოლო დრომდე ჩვენი ბლის უმეტესი ნაწილი აზერბაიჯანში, უკრაინასა და რუსეთში გადიოდა, ახლა ბაზარზე ევროპაც გამოჩნდა.
ბლის დაფასებამ და მასზე კონკურენციამ ადგილობრივი მოსახლეობისთვის შედეგი უკვე გამოიღო - ხალხი ბლის სანაშენეებს აწყობს. სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში უკონტროლოდ შემოსულმა პროდუქციამ მცენარის მრავალი მავნებელი შემოიტანა და ბლის ნარგავების, განსაკუთრებით - ხარისგულას მდგომარეობამ შეგვაშფოთა - ნერგი 5-6 წელიწადს მიაღწევს თუ არა, ფესვები უზიანდება და ხმობას იწყებს. ამას ფოთოლს მაშინვე შეატყობ - ფერს კარგავს. საბედნიეროდ, ამ დროს მიშველება შეიძლება, მაგრამ ამისთვის მთელი ხე უნდა გადაჭრა, გადასხიპო, ფესვებთან ამოთხარო, გვარჯილა ჩაუყარო და წყალი მიუშვა, რომ ფესვებში რაც შეიძლება ღრმად ჩავიდეს. ამის შემდეგ დაავადება უკან იხევს და ხე ჯანმრთელდება. სწორედ ამის გამო შემოვიდა უცხოეთიდან ბლის ახალი ჯიშები. მათ მავნებელთან ბრძოლა უკეთ შეუძლიათ. გარდა ამისა, უცხოური ჯიშები დარგვის მეორე წელიწადს იძლევა ნიშანს, ორი წლის შემდეგ უკვე ისხამს. გარდა ამისა, უცხოური ჯიშები დაბალია, პლანტაციებად აშენებენ და ხეზე აუსვლელადაც იკრიფება; თუმცა ჩვენი ჯიშები მათზე მოსავლიანია - თუ თითო უცხოური ძირიდან ორი ვედრო ჩამოდის, სრულმსხმოიარე ქართული ბლიდან 12 ყუთი იკრიფება და თითო ყუთში 36 კილოგრამია.
ისინი ჩვენს ხარისგულას ვერც გემოთი შეედრება. საინტერესოა მაღალი ხარისგულას ჯიში, რომელიც ბალამწარაზე ირგვება და საშუალო სიმაღლის ხარისგულა, რომელსაც კურკაზე ამოსულ საძირეზე ახარებენ.
გორის მიმდებარე სოფელ სათემოში ფერმერმა მარიკა ყანდორელაშვილმა ბლის იტალიური ჯიში გაახარა. შარშან გაშენებულმა ბაღმა წელს უკვე ნიშანი მისცა.
- ვაშლიც მაქვს, ატამიც, ქლიავიც და სხვა ხილიც. გასულ წელს კი ბლის ბაღიც გავაშენე. ამისთვის უცხოური ბლის განაშენიანების პროექტში მივიღე მონაწილეობა და კიდეც გავიმარჯვე. რამდენიმე წელიწადი ქართულ ბალს ვრგავდი და ვერ ვახარებდი, ყველა ნერგი მეხუთე-მეექვსე წელიწადს მიხმებოდა დაავადების გამო. მერე იტალიიდან ბლის ნერგები ჩამომივიდა ტრაილერით. ნერგები ერთი კვირა მოგზაურობდა და ცოტათი "მოწყენილები" ჩამომივიდნენ, მაგრამ 450 ძირიდან თითქმის ყველამ გაიხარა. უცხოური კულტურის გახარებაში აგრონომი მეხმარებოდა, თუმცა ნერგის მოძლიერების შემდეგ საქმე წინ იოლად მიდის.
წელს ჩემმა ბაღმა უკვე ნიშანი მომცა. წელს კურკოვანი კულტურისთვის მძიმე, წვიმიანი წელიწადი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემი ბლის მარცვლები აქა-იქ შეთვალებულია, ასე რომ, გემოს მალე გავუსინჯავთ. მეტი მოსავალიც მექნებოდა, მაგრამ არ შეიძლება - სანამ ბლის ვარჯი არ დამსხვილდება, ნაყოფმა არ უნდა დაამძიმოს, ამიტომაც ყვავილები თავიდანვე შევაცალეთ.
- უცხოური ბლის ნერგები დაავადებებისადმი გამძლეობით გამოირჩევა. ამის უნარს რა აძლევს?
- ჩემი აზრით, საძირე. ჩემი პლანტაციის საძირეები იტალიაში, სათბურში საგანგებოდ არის გამოყვანილი იმ ადგილობრივი კურკოვანი მცენარეებისგან, რომლებიც მავნებლებს კარგად უძლებს. ბლის უცხოური ჯიშები ჩვენი ბლის ჯიშებისაგან სხვა ნიშნებითაც განსხვავდება. თვალში საცემია ხეების სიდაბლე და გაშენების წესი - ბლის ბაღი შპალებზეა გაჭიმული, დაახლოებით ისე, როგორც ჩვენი ვაზი. ყვავილობისას ეს პლანტაცია ისეთი ლამაზია, თვალს ვერ მოაშორებ. იმედი მაქვს, მოსავალიც ასეთივე თვალგასახარელი იქნება.
ეთერ ერაძე