„ზაფხული იწყება აქ“ - ბათუმში ტურისტული სეზონი გაიხსნა
„ზაფხული იწყება აქ“ - ამ სლოგანით ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სეზონის ოფიციალურ გახსნასთან ერთად, ზღვისპირა ქალაქში შესამჩნევია უცხოელი ტურისტების განსაკუთრებული სიმრავლე. წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ვიზიტორების მზარდ რაოდენობას განსაკუთრებით 10 სამიზნე ქვეყნიდან ელოდება, სადაც აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის რეკლამირება. პიარ და მარკეტიგნული აქტივოებებისას აქცენტი აჭარაში ზღვაზე დასვენების გარდა რეგიონის ეკოტურისტულ პოტენციალსა და ტურისტულ პროდუქტებზე კეთდება. ამ მიმართულებით კი აჭარის სტუმრებს წელს ბევრი სიახლე ელოდებათ. რითი იქნება წლევანდელი სეზონის გამორჩეული და რა გზებით აპირებს ტურიზმის დეპარტამენტის რეგიონში ტურისტების მოზიდვას, ამ საკითხების შესახებ „კვირის პალიტრა“ აჭარის ტურისმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილს ესაუბრა:
- როგორი იქნება წლევანდელი ზაფხულის ტურისტული სეზონი?
- წლევანდელი სეზონი იქნება გამორჩეული იმით, რომ ტურისტებს ზღვასთან ერთად შევთავაზებთ მთაში და სოფლად სხვადასხვა სახის ტურისტულ პროდუქტებს. ჩამოსულ სტუმარს ზღვის კურორტზე ექნება შესაძლებლობა, რომ დატკბეს ჩვენი არამატერიალური კულტურით, რაც წარმოდგენილი იქნება ფოლკლორით, სამზარეულოთი, ქვევრის ღვინით, რასაც ემატება ბუნებაში გასვლა და აჭარული სტუმართმასპინძლობა მთაში. ეს იქნება განსხვავებული წელი იმ განსაკუთრებული ემოციებით, რომელსაც ზღვისა და მთის უნიკალური კომბინაციით შევთავაზებთ ტურისტებს.
- რას სთავაზობთ რეგიონის სტუმრებს ეკოტურიზმის მიმართულებით?
- საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისებისა და პოპულარიზაციის მიზნით ჩვენ ტურისტულის სააგენტო გარდავქმენით ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოდ. სააგენტო აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ახალი სრულყოფილი ტურისტული მარშრუტების შექმნაზე მუშაობს. წელს, ტურისტებისთვის გვაქვს მირვეთის ველო მარშრუტი, მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტი, ხიხაძირის სათავგადასავლო მარშრუტი და ქედა-შუახევის კულინარიული მარშრუტები. ტურისტულ მარშრუტები სხვადასხვა სერვისებს ითვალისწინებს, მათ შორის მარშრუტში საოჯახო სახლების ჩართვას, ადგილობრივი კერძების დეგუსტაციასა და ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთების გაცნობას. სააგენტო, ასევე გეგმავს აჭარაში არსებული საოჯახო სახლების ბაზის შექმნას, რომელიც თავისი ფოტოებითა და ინფორმაციით დეპარტამენტის ვებ-გვერდზე gobatumi.com განთავსდება.
აჭარის ეკოტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაცია მსურველებს შეუძლია მიიღონ როგორც ჩვენს საიტზე, ასევე ტურისტულ საინფორმაცი ცენტრებში ან ტელეფონის ნომერზე 577 90 90 93.
ამას ემატება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაც, რასაც საგზაო სამსახური თუ ადგილობრივი თვითმმართველობები ახორციელებს. გაადვილდა მთაში ტრანსპორტირება, რაც უფრო მეტ ტურისტს მიიზიდავს.
- რა ღონისძიებები ჩატარდა უცხოელი ტურისტების მოსაზიდად?
- 10 სამიზნე ქვეყანაში - თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, პოლონეთში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, ისრაელში, ლატვიაში, უკრაინასა და რუსეთში ჩავატარეთ ფართომასშტაბიანი სარეკლამო-მარკეტინგული ღონისძიებები. რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური გადაცემები მომზადდა, რკინიგზისა და ავიაკომპანიების საბორტო ჟურნალებში სარეკლამო სტატიები განთავსდა. პიარ აქტივობებიდან აღსაღნიშნავია აჭარის დღეები, რომლებსაც დეპარტამენტმა წელს, პირველად თელ-ავივში, მინსკში, ვარშავაში, ასტანასა და ვილნიუსში უმასპინძლა. რეგიონისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, რომელსაც მედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 450-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა პოპულარიზაცია გაეწია საქართველოს მდიდარ არამატერილურ კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს.
უნდა აღინიშნოს, რომ წელს ასევე აქტიურია კერძო სექტორიც. საბოლოო ჯამში გაწეული სამსახურის შედეგად სახეზე გვაქვს ტურისტების ძალიან დიდი ნაკადები“, - აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა.
- რა კულტურული ღონისძიებებია აჭარაში დაგეგმილი და რა გავლენას მოახდენს ის ტურისტების რაოდენობაზე?
- რეგიონში ტურისტების რიცხვის ზრდას ბათუმში დაგეგმილი კონცერტები და კულტურული ღონისძიებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
6 ივნისი ანსამბლი ერისიონისა და New Yourk Brass Bend კონცერტით გაიხსნება ბათუმში Check in Georgia“ პროექტი. 7 ივნისს კი ბათუმს ეწვევა ამერიკული პოპ როკ ჯგუფი „Maaron 5”. გასული წლის მსგავსად წელსაც ამოქმედდება “ჰით ბათუმის” პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბათუმში ივლისიდან - 10 სექტემბრის ჩათვლით “კორტების სცენაზე" ჩატარდება კონცერტები ქართველი და უცხოელი მომღერლების მონაწილეობით. გარდა ამისა, რეგიონი ტრადიციულად უმასპინძლებს ჯაზ ფესტივალს, ბათუმის ფრინველთა საერთაშორისო ფესტივალს, კლასიკური მუსიკის ფესტივალს, ბათუმის საერთაშორისო კინოს ფესტივალსა და ელექტრონული მუსიკის ფესტივალს.
- სერვისის მიმართულებით თუ გვექნება სიახლეები?
- წელს რეგიონის სტუმრებს აჭარაში ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული სასტუმროები და კვების ობიექტები დახვდებათ. ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, სტუმრებისთვის აღნიშნული ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების გარანტიას გულისხმობს. გარდა ამისა, ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში 1500-მდე ადამიანი გადავამზადეთ ტურიზმის დარგში არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესახებ. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს ჩვენი სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც ტრენინგებს ტურიზის დარგში დასაქმებული კადრებისთვის კვირაში სამჯერ მართავს. ტრენინგების ეს სერია, ვფიქრობთ საბოლოო ჯამში რეგიონში სერვისის ხარისხზე აისახება.
ნინო ხოზრევანიძე