"ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი არ მაქვს" - კვირის პალიტრა

"ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი არ მაქვს"

ბლიცინტერვიუს კითხვებს რეჟისორი თემურ ჩხეიძე პასუხობს:

ბედისწერა არის...

- ამბობენ, ბედისწერა არ არსებობსო, რასაც ვერ დავეთანხმები, თუმცა არც ის არის სწორი, ფეხი ფეხზე გადაიდო - მაინც ასე მიწერია და არაფერს გავაკეთებო... ცხადია, არსებობს გარემოებები, რომელსაც ვერსად გაექცევი, მაგრამ კაცი მაინც თვითონ ქმნის საკუთარ ცხოვრებას.

დრამა თუ კომედია?

- ჩეხოვს აქვს ნათქვამი, ყველა ძაღლი თავისი ხმით ყეფსო და მეც, როგორც ჩანს, დრამისკენ უფრო ვიხრები. ჩემს ცხოვრებასა და შემოქმედებაში ჭარბობს დრამა, ორივე, მნიშვნელოვანია და, საჭირო... ცხოვრებაც ხომ ზუსტად ასეა, დრამას კომედია მოსდევს და პირიქით...

ბავშვობაში მინდოდა...

- ბავშვობაში ძალიან მინდოდა ნავთის გამყიდველობა. ჩემი ქუჩის თავში ნავთი იყიდებოდა. ნათლად მახსოვს, გამყიდველი ავზიდან იღებდა ჭურჭლით ნავთს და ბიდონებში ისე ძალიან ლამაზად ასხამდა, რომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ხანდახან საგანგებოდაც კი მივდიოდი მის საყურებლად.

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

- ახლობლების წასვლა ამ ქვეყნიდან ძალიან გცვლის, ცხადია, ეს არ არის ძირეული ცვლილება, თუმცა შემდეგ სხვაგვარად ვუყურებთ სამყაროს და უფრო ვაფასებთ ცხოვრებას. ყოველი წამი უნდა გამოვიყენოთ ერთმანეთის მოსაფერებლად.

ვნანობ...

- ვნანობ დაკარგულ დროს. ზოგიერთი რამ, რასაც ნანობ, შენზე სულაც არ არის დამოკიდებული, მაგრამ კაცნი ვართ და ყველას დაგვიშვია შეცდომა; ამიტომ მეც ვნანობ ბევრ რამეს, მაგრამ თავიდან რომ ვიწყებდე, ხანდახან მგონია, რომ მაინც ისე მოვიქცეოდი, რადგან ეს არის ჩემი ხასიათი.

ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი...

- ჩემი მშობლები, ჩემი მასწავლებლები. ყველა მათგანის მადლობელი ვარ და ვამაყობ, რომ საუცხოო ადამიანები მყავდნენ ოჯახშიც, სამეგობროშიც...

რისკი გამართლებულია, როცა...

- ჩემი პროფესია სხვაგვარად წარმოუდგენელია, თუ არ გარისკე, ვერაფერს მიიღებ, ასე რომ, თითოეული სპექტაკლის დადგმა, როლისთვის მსახიობის არჩევა - ყველაფერი სარისკოა. ბედნიერი ვარ, რომ ხშირად ეს რისკები ამართლებდა...

ვაპატიებ, როცა..

- თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ ვარ ის კაცი, ადამიანი რომ მოიძულოს და დაკარგოს. ბევრჯერ მტკენია გული, ბევრისგან მწყენია, მაგრამ მიპატიებია.

მეგონა, რომ...

- ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. მეგონა, ჩემს ასაკში ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი მექნებოდა... ასე ვფიქრობდი, ასე მეგონა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მაქვს...

თამთა ასათიანი