"მუქარა და შანტაჟი არ გამაჩერებს" - ვინ ემუქრება ახვლედიანს და რატომ უწოდებს მის განცახდებებს "ლეგენდებს" ბესელია? - კვირის პალიტრა

"მუქარა და შანტაჟი არ გამაჩერებს" - ვინ ემუქრება ახვლედიანს და რატომ უწოდებს მის განცახდებებს "ლეგენდებს" ბესელია?

პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივნის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, სუს-ის წარმომადგენლები მის ახლობლებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ.

როგორც ”ინტეპრესნიუსს” არმაზ ახვლედიანმა განუცხადა, ცალკეულ ადამიანებს ეუბნებიან, რომ მათ ახვლედიანთან ურთიერთობა დააზიანებთ და რომ ეს ხიფათის შემცველია.

”ვწუხვარ, რომ 2016 წელს, 2012 წლის არჩევნებიდან მე-4 წელს, ”ქართული ოცნების” ხელისუფლება იმავე გზას ადგას, რასაც ადგა არაერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთოების ერთადერთი გზა აქვთ შერჩეული - ეს არის უსამართლო, კანონსაწინააღმდეგო გზა, გზა შანტაჟის, დაშინების. ვწუხვარ, მაგრამ ახლაც ასეა. ”ქართული ოცნება” ამ გზით, რა თქმა უნდა, სრულად შედის ჩიხში და აღარ ტოვებს არანაირ შესაძლებლობას იმისთვის, რომ საზოგადოებამ მას ოდნავ მაინც გამოუცხადოს ნდობა”.

”რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს საკითხს, მაშინაც როცა ”ქართულ ოცნებაში” ვიყავი და განსახვავებულ აზრს ჯერ შიგნით პოლიტსაბჭოს ფორმატში, ხოლო შემდეგ საჯაროდ, სატელევიზიო ეთერით ვამბობდი, კარგად ვგრძნობდი, რომ ჩემი და ჩემი ახლობლების მიმართ სხვადასხვა სამსახურის მხრიდან ყურადღება გაასმაგებული იყო, მაგრამ ბოლო დროს ამ ე.წ. ყურადღებამ უკვე ანომალიური ხასიათი მიიღო. ცალკეულ ადამიანებს ეუბნებიან, რომ მათ ჩემთან ურთიერთობა დააზიანებთ, რომ ეს ხიფათის შემცველია. არ ურჩევენ ჩემთან ურთიერთობას, არც სატელეფონო საუბარს და ეუბნებიან, რომ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება მათ, მათ ოჯახებს, სამსახურში პრობლემები შეექმნათ. ახლა ამაზე მეტს ვერ ვიტყვი მხოლოდ იმიტომ, რომ ვშიშობ, იმ ადამიანებს, ვისაც ასეთი რამ გადახდათ თავს, შეიძლება გაცილებით უფრო მეტი პრობლემა შეექმნათ. ეს არის და ეს. ნორმალურ ვითარებაში ამას უნდა იძიებდეს პროკურატურა და ამაზე კონკრეტული ადამიანები პასუხს უნდა აგებდნენ. ასეთი მუქარა და შანტაჟი არათუ არ გამაჩერებს და გადამაფიქრებინებს იმას, რომ ვიბრძოლო პოლიტიკაში უკეთური ადამიანების წინააღმდეგ, არამედ გაასამაგებული ძალით მზად ვარ თანამოზრეებთან ერთად დავუპირისპირდე ასეთ აღვირახსნილობას, ვამხილო და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ერთი მხრივ, შეჩერდეს ეს უმსგავსობა და მეორე მხირვ, არჩევნების გზით მოხერხდეს საფუძვლიანი ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში”, - განაცხადა ახვლედიანმა.

”სამწუხაროდ, ყველგან ისინი არიან და მე საერთოდ ვერ ვხვდები რა შეიცვალა. სააკაშვილის დროს ჩვენ ველოდით, რომ სუს-ი (არ ვიცი, მაშინ მას რა ერქვა) გვატერორებდა. დღეს როცა ამას პრაქტიკულად არავინ ელის, დღისით და მზისით, ასეთი საქციელით სუს-ის მხრიდან, თუ მისი სახელით, ეს არის უბრალოდ დანაშაული. ვფიქრობ, რომ ამაზე ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა შესაბამის ბატონებს. ხელისუფლებას ასეთი ქმედებისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწევს”, - განაცხადა ახვლედიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივნის ახლობლებზე შანტაჟსა და მუქარას კატეგორიულად გამორიცხავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს და გამორიცხავს, რომ არმაზ ახვლედიანზე ან რომელიმე სხვა პოლიტიკოსზე ხორციელდებოდეს უკანონო მოსმენები ან თვალთვალი. თუ ასეთი განცხადებების ავტორებს აქვთ რაიმე ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია (მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ აქვთ ფოტოები), მიმართონ საგამოძიებო უწყებებს. თუ გამოძიების შედეგად მსგავსი ფაქტი დადასტურება, ვინც არ უნდა იყოს ეს პიროვნება, აუცილებლად აგებს კანონის წინაშე პასუხს”, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.

არმაზ ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

ზაქარია ქუცნაშვილი: ”არამგონია არმაზი გვადანაშაულებდეს ამ თემაში პარლამენტს ან კოალიციას. ჩვენ ქვეყანაში ყველა უბანს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი რგოლი. თუ მას მიაჩნია, რომ უკანონო მოსმენებს ვინმე აწარმოებს, უკანონო მოსმენების კონტროლის უფლება აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს. მისი ადრესატი უნდა იყოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ოფისი და სასამართლო. თუ უკანონო მიყურადებას აქვს ადგილი, ამაზე კანონის თანახმად პასუხისმგებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელიც ზედამხედველობას უწევს ორი გასაღების პრინციპით ნებისმიერ მოსმენას და სასამართლოს, რომელიც აძლევს ნებართვას საგამოძიებო ორგანოს მოსმენების ჩატარებას”.

ეკა ბესელია:მგონია, რომ მოდური გახდა, რომ ადამიანები, რომლებიც განაწყენდებიან მიდიან და იწყებენ პოლიტიკურ აქტიურობას, ცდილობენ ახალი ეტაპი ლეგენდებით დაიწყონ. არ მგონია, ეს ღირსების საკითხი იყოს. არ არის კარგი, როცა თავს იმითი იმკვიდრებ, რომ ასე მოიხსენიებ პოლიტიკურ გუნდს, რომლის ნაწილიც იყავი შენი პოლიტიკური ინტერესებისთვის. პიროვნებულად ეს მას არაფერს შემატებს, თუმცა თუ ის ამ განცხადებას სერიოზულად აკეთებს, ეს უნდა გადამოწმდეს, მაგრამ მე შემიძლია რამდენიმე მაგალითი გავიხსენო, როცა მსგავსი განცხადებები გაკეთდა და მართალი არ აღმოჩნდა”.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით