"ეს იყო გარკვეული პოლიტიკური გარიგება“ - რაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტი და მთავრობა?! - კვირის პალიტრა

"ეს იყო გარკვეული პოლიტიკური გარიგება“ - რაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტი და მთავრობა?!

31 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს ვეტო დაადო და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიაროს და ვეტოს დაძლევაზე საუბარი აღარ იყოს. მთავრობის მეთაურის ამ განცხადების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც ღიად დააფიქსირეს, რომ ქვეყნის პირველი პირის მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ და დიდი ალბათობით, გაიზიარებენ.

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად ასახული არ არის.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა შეთანხმდა და ეს იყო „გარკვეული პოლიტიკური გარიგება და პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილება“.

"ჩვენ დავინახეთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან უფრო მაღლა დადგა პოლიტიკური ინტერესები, ვიდრე კონსტიტუციის უზენაესობა".

ვახუშტი მენაბდის თქმით, პრეზიდენტის ვეტო ბევრ ნაწილში იმეორებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რაც მისასალმებელია, თუმცა რჩება სამი ძირითადი პრობლემური საკითხი, მათ შორის, ყველაზე ფუნდამენტური ის, რომ ორგანული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის კვლავ ძალაში რჩება პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით შემოთავაზებული ვერსია.

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიუთითებს იმაზე, რომ ვენეციის კომისიამ თითქოს გარკვეული დათქმა გააკეთა. სინამდვილეში ვენეციის კომისიამ ის კი არ თქვა, რომ ორგანული კანონის შემთხვევაში არსებობს ლეგიტიმური არგუმენტები 2/3-იან კვორუმთან დაკავშირებით, არამედ თქვა, რომ საქართველოს სახელმწიფოს გაზრდილ კვორუმთან მიმართებაში ერთადერთი არგუმენტი აქვს ორგანულ კანონებთან დაკავშირებით (სხვებზე საერთოდ არანაირი არგუმენტი არ გააჩნია), მაგრამ ეს არგუმენტი არ არის გასაზიარებელიო. დასკვნის ბოლო პუნქტებში ვენეციის კომისია ორგზის საუბრობს, რომ ყოველგვარი 2/3-იანი კვორუმი უპირობოდ უნდა გაუქმდეს და 6 მოსამართლის საჭიროება არ უნდა იდგეს“.

მისივე თქმით, მეორე და მესამე მნიშვნელოვანი პრობლემა შეეხება, ერთი მხრივ, იმას, რომ ერთ მოსამართლეს აქვს უფლება, გადასცეს პლენუმს საქმე, ხოლო პლენუმის 5 მოსამართლე არის საჭირო იმისთვის, რომ უარყოს ეს შეთავაზება, ხოლო მეორე მხრივ, ნორმის შეჩერების საკითხს.

თავად პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე მის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ მოტივირებულ შენიშვნებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სიტყვასიტყვით არის გათვალისწინებული. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს არასამთავრობო სექტორის შეფასებებზე კომენტირებისას განუცხადა, ხშირად ხდება ხოლმე, როცა ”ვენეციის კომისიის მოსაზრებები საკუთარში ერევათ”.

”ახლა ჩვენი მხრიდან მზადდება ამ საკითხზე უფრო დეტალური ანგარიში. ჟურნალისტებს მოგეცემათ შესაძლებლობა ნახოთ, რომ სიტყვა სიტყვით, რაც წერია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, გათვალისწინებულია ჩვენს ვეტოში. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ერევათ თავისი მოსაზრებები ვენეციის კომისიის მოსაზრებებში. რა თქმა უნდა, ყველას მოსაზრება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობასთან მოლაპარაკებებში ამოსავალი წერტილი იყო ვენეციის კომისიის დოკუმენტი. ეს იყო ის დოკუმენტი, რომლის ირგვლივაც ჩვენ ვსაუბრობდით. გასაგებია, რომ ზოგ შემთხვევებში შესაძლოა მოსაზრებები რომელიღაცა ექსპერტის და ვენეციის კომისიის ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, მაგრამ ჩვენთვის ამოსავალი ვენეციის კომისიის დოკუმენტი იყო”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

იხილეთ ასევე: "ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს პრეზიდენტის შენიშვნებს და აღარ იყოს საუბარი ვეტოს დაძლევაზე"

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით