"ეჭვიანობდა ოთარი, რომანი სახლში მიიტყუა და მოკლა" - კვირის პალიტრა

"ეჭვიანობდა ოთარი, რომანი სახლში მიიტყუა და მოკლა"

სასიყვარულო მესიჯებს შეწირული სიცოცხლე?

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ შავაძეს 11 წელი მიუსაჯა. შემზარავი დანაშაული ხულოს რაიონის სოფელ შუასოფელში, გასული წლის 21 აგვისტოს მოხდა. გამოძიების მტკიცებით, ოთარ შავაძემ იმ დღეს ბავშვობის მეგობარი რომან შავაძე (ფოტოზე: რომან შავაძე) სახლში მიიტყუა და შურისძიების მოტივით ე.წ. სადგისით მოკლა, შემდეგ თავისა და ქვემო კიდურების არეში მას რამდენიმე დაზიანება მიაყენა, ღამით კი მოკლულის ცხედარი მდინარის ნაპირას დამარხა. დაკარგულ მამაკაცს ოჯახი ორი დღე ეძებდა, მესამე დღეს კი ცხედარი იპოვეს. ძალოვანებმა დანაშაული ოპერატიულად გახსნეს და ბრალი ოთარ შავაძეს წაუყენეს. დაკავებისას ბრალდებული დეტალურად აღიარებდა დანაშაულს და მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებდა, მაგრამ სასამართლოზე ირწმუნებოდა, რომ მისი ჩვენებები ცემა-წამებით იყო მიღებული. მომხდარზე სტატია მოამზადა ჟურნალმა "გზამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ირაკლი ბარძიმაძე, ბრალდებულის ადვოკატი:

- იმ დღეს ოთარი რომანის სახლში მივიდა, სარეცხი მანქანა ჰქონდა გადასატანი და დახმარება სთხოვა. გადადგეს, ამ დროს მაღაზიის გამყიდველმა ოთარს დაურეკა, - შენი მშობლების პენსია წაიღეო. რომანს შესთავაზა, ლუდი დაელია, მაგრამ უარი მიიღო, - ნასვამი ვარო. მისი სახლიდან ერთად გამოვიდნენ, რომანი თავის სახლში დაბრუნდა, ოთარმა კი გზა განაგრძო. ლუდი არ დაულევია, რადგან ბირჟაზე ბიჭები ვერ ნახა და სახლში მალევე დაბრუნდა. ამ დროს გაიგონა, მისი ცოლი როგორ უყვიროდა რომანს, - აქედან გაეთრიეო. იგი ოთარის მეუღლეზე ძალადობდა. ქმარი ყვირილით შევიდა ოთახში. იმის ნაცვლად, რომანი გაქცეულიყო, ოთარს სკამი ესროლა. არადა, პირველ სართულზე, ფანჯარასთან იდგა და გაქცევა შეეძლო. პირიქით, ოთარის მოსაკლავად დანით გაიწია. ბრალდებული ამბობს, სწორედ ამის შემდეგ ავიღე დანა, დავეტაკეთ ერთმანეთს და არ მახსოვს, რამდენჯერ დავარტყი, გონზე რომ მოვედი, მკვდარი ძირს ეგდოო.

- გამოძიების ვერსიით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

- ეჭვიანობა არაფერ შუაშია. კაცი შეესწრო, თავისი ცოლი როგორ იცავდა თავს მოძალადისგან.

ეს დადგენილია, მაგრამ ვინაიდან გარდაცვლილს ბევრი დაზიანება ჰქონდა, მოსამართლემ მიიჩნია, რომ განზრახ მკვლელობა იყო.

...

ბადრი პაქსაძე, მოკლულის სიძე:

- ადვოკატი ცდილობს, გაამართლოს ბრალდებული, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ძალიან ცუდია, საქმე მკვლელობამდე რომ მივიდა. ნორმალური საუბრით უნდა გაერკვიათ ურთიერთობა. ასე რომ მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ, მკვლელი თავის ცოლს მოკლავდა ან გაეყრებოდა, მაგრამ ოთარი დაეყრდნო მეუღლის ნათქვამს და არ მოისმინა მეორე მხარის აზრი. ამას მოჰყვა მკვლელობა. მკვლელმა თავიდან თქვა, რატომ და როგორ მოკლა, მაგრამ მას მერე, რაც ადვოკატმა დაარიგა, სხვანაირად ლაპარაკობს. ეს მკვლელობა მესიჯების გამო მოხდა. ბრალდებულის ადვოკატი რომ ამბობს, საქმე ისე რომ ყოფილიყო, მერწმუნეთ, განზრახ მკვლელობისთვის არ გაასამართლებდნენ ოთარ შავაძეს. არანაირ ფაქტზე წასწრება იქ არ ყოფილა, ეჭვიანობდა ოთარი, რომანი სახლში მიიტყუა და მოკლა. იმისათვის, რომ მკვლელი დაიცვა, ადვოკატმა არ უნდა იკადრო მკვდრის დადანაშაულება. ოთარის ცოლის მოწერილი მესიჯები რომ წავიკითხე, გავოცდი, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამეები მიეწერა გათხოვილ ქალს უცხო მამაკაცისთვის, ვერ წარმომიდგენია. ვადასტურებ, რომანიც პასუხობდა ამ ქალის მესიჯებს, მაგრამ ქალის მოწერილმა მაინც გამაოცა.

იხილეთ სტატია სრულად ჟურნალ "გზის" 2 ივნისის ნომერში