"სახელმწიფო არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს" - მელიების 11-შვილიანი ოჯახი და დამსხვრეული სტერეოტიპი - კვირის პალიტრა

"სახელმწიფო არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს" - მელიების 11-შვილიანი ოჯახი და დამსხვრეული სტერეოტიპი

სოფო კვაშილავას და ოთარ მელიას თანაცხოვრების პერიოდი 23 წელს ითვლის. ეს ოჯახი სამაგალითოა და მისაბაძი - სამშობლოს 11 შვილს უზრდიან. ირაკლი 22 წლის არის, ამირანი - 20-ის, ანა - 17-ის, დავითი - 16-ის, ნიკოლოზი - 13-ის, გიორგი - 11-ის, პეტრე - 9-ის, ნინო - 7-ის, ეკატერინე - 5-ის, იოანე - 3-ის, ხოლო ბარბარე ჯერ მხოლოდ 1 თვისაა.

იშვიათად შეხვდებით სხვაგან იმდენ სითბოს, ღიმილიან სახეს, გაბრწყინებულ თვალებს, რამდენსაც მელიებთან სტუმრობისას.

სოფო კვაშილავა:

- ჩვენი მრავალშვილიანობა ეკლესიურმა ცხოვრებამ განაპირობა. მამა ბესარიონს (მენაბდეს) 12 შვილი ჰყავს და მისგან მაგალითი გვაქვს.

ოთარ მელია:

- როდესაც შევუღლდით, ისეთი დრო იყო, ერთადერთი ნათელი წერტილი ამ ქვეყანაში ეკლესია გახლდათ, სადაც ადამიანსა და სულიერებაზე ფიქრობდნენ.

ოთარ მელია პროფესიით მათემატიკოსი, პროგრამისტია და ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს. მომავალი მეუღლე კომაროვის სკოლაში გაიცნო. ერთმანეთი შეუყვარდათ და ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება ნაადრევად, 17 წლის ასაკში მიიღეს.

უმეტეს შემთხვევაში, ამ ასაკში შექმნილი ოჯახები ერთიანობას დიდხანს ვერ ინარჩუნებს, მაგრამ მელიებმა ეს სტერეოტიპი დაამსხვრიეს.

ოთარი:

- ჩემს სამსახურში იციან, რომ მრავალშვილიანი მამა ვარ. უფროსებისგან, თანამშრომლებისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს.

- სახელმწიფოსგან?

- სახელმწიფო არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს. არასდროს არაფრით დაგვხმარებია. ყველას ჰგონია, რომ ან კომუნალურ გადასახადებზე გვაქვს შეღავათები, ან სახელმწიფო სხვაგვარი ფორმით გვეხმარება. სინამდვილეში, საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის კავშირი გაწყვეტილია.

სოფო:

- 1 წელია, რაც ორგანიზაციის "გენი ქართული" წევრი ვარ. ეს ორგანიზაცია მრავალშვილიანმა დედებმა დავაარსეთ და პერიოდულად ვიკრიბებით, მრავალშვილიან ოჯახებში არსებულ პრობლემების შესწავლაზე ვმუშაობთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოვითხოვეთ მონაცემები და აღმოჩნდა, რომ არ არის ცნობილი, საქართველოში რამდენი მრავალშვილიანი ოჯახია. მეტსაც გეტყვით, განსაზღვრული არ გახლავთ, რამდენშვილიანი დედა ითვლება მრავალშვილიანად... როცა იგებენ, რომ ამდენი შვილი გყავს, კერძო ორგანიზაციებისგან, რიგითი ადამიანებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. მაგალითად, რაგბიზე სამი ვაჟი დაგვყავს და მხოლოდ ერთის საფასურს ვიხდით. მუსიკაზე ოთხი ბავშვი დადის და მხოლოდ ორის თანხას ვიხდით. ვისაც კერძო ბიზნესი აქვს, ის შეღავათებს გვიწესებს.

იყო პერიოდი, როცა შვილებს ოქროს და მიწის ნაკვეთებს უტოვებდნენ. ჩვენც ვიფიქრეთ ამაზე და მივედით დასკვნამდე, შვილებს რა შეიძლება დავუტოვოთ იმაზე კარგი, რასაც განათლება ჰქვია?

- განათლებასთან ერთად, თქვენ ხომ მათ ყველაზე დიდ სიმდიდრეს - ერთმანეთს უტოვებთ.

- რა თქმა უნდა!

მელიების შემოსავალი მთლიანად შვილების განათლებაზე ნაწილდება. დღეში 100 ლარი კი მათი ოჯახის ჩვეულებრივი ხარჯია.

იხილეთ სტატია სრულად ჟურნალ "გზის" 1 ივნისის ნომერში