ზოგადი უნარების უფასო კურსი და 10 000 ლარის მოგების შანსი სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს - კვირის პალიტრა

ზოგადი უნარების უფასო კურსი და 10 000 ლარის მოგების შანსი სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს

საქართველოში აბიტურიენტებს უნიკალური შესაძლებლობა გაუჩნდათ, ზედმეტი ფინანსური დანახარჯებისა და ზოგჯერ მოსაწყენი რამდენიმესაათიანი გაკვეთილების გარეშე, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ინოვაციური მეთოდით - ონლაინრეჟიმში მოემზადონ და, ამასთან, 10 000 ლარის მოგების შანსი მიიღონ. ამისთვის მხოლოდ nebula.ge-ზე დარეგისტრირებაა საჭირო.

დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" "ნებულას" აღმასრულებელი დირექტორი სანდრო დოლიძე საუბრობს:

- "ნებულა" ციფრული-საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომლის შექმნაზეც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. საიტი მომხმარებელს ცოდნისა და, შესაბამისად, ეროვნულ გამოცდებზე შედეგის მაქსიმალურ ოპტიმიზაციაში ეხმარება - ის მოიცავს სრულყოფილ კურსს, რომელიც თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად ურჩევს უმოკლეს გზას უმაღლეს ქულამდე.

საიტზე განთავსებულია ამომწურავი ვიდეომასალა, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი და, ამასთან, მოიცავს ყველა საჭირო თემასა და საკითხს.

გარდა ამისა, საიტი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს თავის ტესტებზე სავარჯიშოდ და გამოცდის სიმულაციას.

ამ ყველაფრის წესრიგში მოსაყვანად ჩვენ შევქმენით ანალიტიკური ალგორითმიც - ერთგვარი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აბიტურიენტის მიერ დაწერილი სიმულირებული გამოცდების შედეგებს აანალიზებს და შედეგის გასაუმჯობესებლად ოპტიმალურ კურსს გეგმავს.

ანალიზის შედეგად ის იგებს, რომელ ამოცანას მოანდომა ყველაზე დიდი დრო, რა ტიპის ამოცანები ვერ ამოხსნა, რომელ მაგალითზე იმუშავა დიდხანს და ეგონა, რომ სწორი პასუხი გასცა, მაგრამ არასწორი აღმოჩნდა და ა.შ. სწორედ ამ მონაცემების დამუშავების შემდეგ, "ნებულას" ხელოვნური ინტელექტი აბიტურიენტს შესაბამისად ულაგებს ვიდეოგაკვეთილებს.

მაგალითად, თუ ანალიტიკურმა ალგორითმმა აღმოაჩინა, რომ მომხმარებელი პროცენტებზე ამოცანების ამოხსნას საჭიროზე მეტ დროს ანდომებს და ბევრ შეცდომას უშვებს, საიტზე პირველ გაკვეთილად სწორედ პროცენტების თეორიულ ახნას ამოუგდებს. ამით საიტი აგებინებს აბიტურიენტს, რომ პირველ რიგში, აი, ამ საკითხში მოიკოჭლებს და მეტი მუშაობა სჭირდება.

- თქვენ გარდა, სხვა ჯგუფიც მუშაობდა საიტის შექმნაზე?

- საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნის პროცესში ჩავრთეთ როგორც ლექტორები, ასევე აბიტურიენტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, საბოლოო პროდუქტი სწორედ ჩვენი მოსწავლეებისთვის ყოფილიყო მაქსიმალურად გასაგები და კომფორტული. საიტი ხომ სწორედ მათთვის არის შექმნილი. ამჟამად საიტზე ზოგადი უნარების გამოცდისთვის სრულყოფილად მომზადებაა შესაძლებელი.

- თუ აბიტურიენტს დამატებითი კითხვა მაინც გაუჩნდა, ინდივიდუალური კომუნიკაცია გათვალისწინებული გაქვთ?

- რა თქმა უნდა, ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვპასუხობთ კითხვებს, თუმცა, როგორც წესი, მომხმარებლებს დამატებითი კითხვები არ უჩნდებათ ხოლმე - საიტი ძალიან გასაგები და ინტუიციურია. ამჟამად საიტის უფასო ვერსიას 7000-ზე მეტი აბიტურიენტი იყენებს.

- რა განსხვავებაა ფასიან და უფასო ვერსიას შორის და რა თანხის გადახდაა საჭირო "ნებულას" სრული კურსით სარგებლობისთვის?

- უფასო ვერსია მოიცავს შეზღუდული რაოდენობის ვიდეოგაკვეთილებს, მხოლოდ 1 სიმულირებული გამოცდის დაწერის უფლებასა და სავარჯიშო გარემოთი შეუზღუდავად სარგებლობის უფლებას.

სრული პაკეტის ფასი 100 ლარს შეადგენს ერთჯერადად; ანუ გადახდა ხდება მხოლოდ ერთხელ და არა ყოველთვიურად. შეძენილი კურსით სარგებლობა აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებამდე შეუზღუდავად შეეძლება.

სრული პაკეტის მომხმარებლებისთვის უკლებლივ ყველა ვიდეოა ხელმისაწვდომი და მათ 1 გამოცდის მაგივრად, 24 გამოცდის დაწერის საშუალება აქვთ. ჩვენი ანალიტიკური ალგორითმი, როგორც ვთქვით, სწორედ სიმულირებული გამოცდის შედეგებს ამუშავებს და შემდეგ უდგენს ინდივიდუალურ კურსს აბიტურიენტს. რაც მეტი გამოცდა იქნება, მით უფრო ზუსტი იქნება "ნებულას" ხელოვნური ინტელექტი აბიტურიენტის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენისას.

ცოტა ხნის წინ "კვირის პალიტრასთან", საქართველოს ბანკსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სოციალური პროგრამა ავამოქმედეთ.

24 მაისს პრესკონფერენცია გვქონდა საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, სადაც გავაჟღერეთ ეს კარგი ამბავი - სოციალურად დაუცველი აბიტურიენტებისთვის ფასიანი კურსი თანხის გადახდის გარეშე იქნება ხელმისაწვდომი! პარტნიორებისა და სპონსორების საშუალებით, მათ მხოლოდ მარტივი აპლიკაციის შევსება უწევთ, სადაც სახელსა და გვართან ერთად, პირადი ნომერიც უნდა მიუთითონ. ამის შემდეგ, მათივე თანხმობით, მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტროსთან გადავამოწმებთ და თუ დაგვიდასტურდა, რომ პირი ნამდვილად სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, სამი სამუშაო დღის განმავლობაში ფასიან პროგრამაზე წვდომას ვანიჭებთ.

მისასალმებელია, რომ ონლაინსწავლება სულ უფრო პოპულარული ხდება, განვითარებულ ქვეყნებში ონლაინგაკვეთილები აკადემიურ ფორმატსაც კი უსწრებს გამოყენების ინტენსიურობით.

- როგორც გავიგეთ, "ნებულას" მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი ცოდნით 10000 ლარი მოიპოვონ. ცოტა დაწვრილებით რომ გვითხრათ, რა არის ამისთვის საჭირო?

- პროცედურა საკმაოდ მარტივია - "ნებულას" ფასიანი ვერსიის მომხმარებლებს შორის, ვინც უმაღლეს ქულას მიიღებს ზოგადი უნარების გამოცდაზე, გადაეცემა 10 000 ლარი. ეს ფული მოხმარდება მის მიერ არჩეულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დაფინანსებას. თუკი მას უკვე ექნება სრული ან ნაწილობრივი გრანტი, თანხის დარჩენილი ნაწილი მას სტიპენდიის სახით დაენიშნება.

- უნარების გარდა, საიტზე სხვა საგნების დამატებაზე არ ფიქრობთ?

- ამ კითხვას მომხმარებლებიც ხშირად გვისვამენ. ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის კურსის დამატებაზეც აქტიურად ვმუშაობთ. კონკრეტულ ინფორმაციას მომხმარებელს ეტაპობრივად მივაწვდით.

რუსუდან შელია

R