"საუკუნის ბრძოლა", საჩუქარი ბრეჟნევისგან და ჩამორთმეული ტიტული - ლეგენდარული მუჰამედ ალი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"საუკუნის ბრძოლა", საჩუქარი ბრეჟნევისგან და ჩამორთმეული ტიტული - ლეგენდარული მუჰამედ ალი გარდაიცვალა

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. სპორტსმენი არიზონას შტატში, ფენიქსის საავადმყოფოში რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ გაირდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია, ოჯახის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა.

ალი იყო ერთადერთი მოკრივე მსოფლიოში, რომელიც სამგზის მსოფლიო ჩემპიონია მძიმე წონით კატეგორიაში. თავისი 20-წლიანი კარიერის განმავლობაში ალიმ 56 ბრძოლა მოიგო, აქედან 37 ნოკაუტით დაასრულა.

ფოტოგალერეა

ამერიკელ მოკრივეს 1984 წელს, აქტიური სპორტის მიტოვებიდან 4 წლის შემდეგ, პარკინსონის დაავადება აღმოუჩინეს.

1960 წელს რომის ოლიმპიურ თამაშებზე ახალგაზრდა ნიჭიერმა მოკრივემ კასიუს მარსელიუს კლეი-უმცროსმა ნახევრად მძიმე წონაში ოქროს მედალი მოიპოვა. კლეი ისე შთამბეჭდავად იბრძოდა და იმდენად ქარიზმატული იყო, რომ მასმედიამ უმალ კერპად აქცია.

ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე საბჭოთა ჟურნალისტმა, ფერადკანიან მოკრივეს ასეთი შეკითხვა დაუსვა:

"ამხანაგო კლეი, თქვენ, ვინც ასე ასახელეთ საკუთარი სამშობლო, რას იტყვით იმაზე, რომ კანის ფერის გამო არ შეგიძლიათ ამერიკის ზოგიერთ რესტორანში შესვლა?.."

"ჩვენთან, შტატებში, მრავლადაა რესტორანი, სადაც შემიძლია შევიდე, - უპასუხა კასიუსმა, - ასეთი კი გაცილებით მეტია, ვიდრე ისეთი, სადაც ეს მეკრძალება. ამ პრობლემაზე ჭკვიანი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც ჩვენთან ასევე მრავლად არიან... გაიგე ეს და კარგად დაიმახსოვრე, რუსო პროვოკატორო!"

ამ ამბიდან კარგა ხნის შემდეგ, მშობლიურ ქალაქ ლუისვილში ყოფნისას, კასიუსი ერთ-ერთ ბარს მიადგა, რომელსაც კარზე წარწერა ჰქონდა: "მხოლოდ თეთრებისთვის". ოლიმპიური ჩემპიონი ბარში არ შეუშვეს.

- მაგრამ მე ხომ კასიუს კლეი ვარ?! - შესძახა მოკრივემ და თან რომში მოპოვებული ოქროს მედალი გამოაჩინა, რომელსაც ყელზე ჩამოკიდებულს მუდამ თან ატარებდა. ბარის მეპატრონემ ამრეზით მიუგო: - ფეხზე მკიდია შენი მედალი, ზანგებს არ ვემსახურები, მოუსვი აქედან!

ამბობენ, კასიუსის პატრიოტული იდეალები საბოლოოდ სწორედ მაშინ, გამოდევნებულ ბაიკერთა ბანდასთან საქმის გარჩევამ დაამსხვრია, რომლებიც ბარიდან გაბრუნებულ მოკრივეს მდინარე ოჰაიოს ხიდზე დაეწივნენ და "სამხრეთული პურისჭამის წესების" გაკვეთილის ჩატარება დაუპირეს. რა გასაკვირია, რომ მოკრივის მუშტებმა "ჭკუის მასწავლებელთა" შეხედულებები რასობრივ უპირატესობაზე გვარიანად "გააცამტვერა", მაგრამ კლეიმ, მწარე სიმართლით შეძრწუნებულმა, ოლიმპიური ოქრო მკერდიდან მოიგლიჯა და მდინარეში გადაუძახა.

იმ დღიდან ახალგაზრდა კასიუს კლეი სრულებით შეიცვალა. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პატრიოტი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო, თუმცა ამისთვის ის არა მარტინ ლუთერ კინგის პაციფისტურ გზას გაჰყვა, არამედ რადიკალურად განწყობილი მალკოლმ იქსის, ილაიჯა მუჰამედისა და მათი "ისლამის ერის" გავლენის ქვეშ მოექცა. კლეიმ ისლამი მიიღო და შეიცვალა სახელი - მუჰამედ ალი დაირქვა. ამის შესახებ მოკრივემ სამყაროს პროფესიულ რინგზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში სანი ლისტონის ნოკაუტით დამარცხების შემდეგ ამცნო.

ამერიკულმა საზოგადოებამ სახელის, შეხედულებისა და რწმენის შეცვლა მოკრივეს არ მოუწონა. მით უმეტეს, ექსტრემისტული იდეოლოგია "ისლამის ერი" სხვა არაფერი იყო, თუ არა "რასიზმი რასიზმის წილ".

1967 წელს, როცა ალი ვიეტნამში საბრძოლველად გაიწვიეს, ჩემპიონმა უარი თქვა წასვლაზე. ამის გამო, ალის ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს. მასვე აუკრძალეს აშშ-ის ტერიტორიაზე რინგზე გამოსვლა. 1971 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოკრივე გაამართლა. თუმცა დიდ სპორტში დაბრუნების ნება ალის მანამდე დართეს. ის დაბრუნდა, რათა დაებრუნებინა ყველა ის ტიტული, რაც მისი რწმენით, სამართლიანად სწორედ მას ეკუთვნოდა.

"საუკუნის ბრძოლა"

მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყოფილან ისეთი მონუმენტური მასშტაბის სპორტსმენები, რომელთა პირადი დაპირისპირება სპორტის ამა თუ იმ სახეობაში კლასიკური ბრძოლის მაგალითად ქცეულა. ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად ორი უდიდესი მძიმეწონოსანი მოკრივის რინგსა და რინგს მიღმა მტრობის მოყვანა შეიძლება, რომელთა გზები 1970-იან წლებში გადაიკვეთა, "საუკუნის ბრძოლის" მონაწილეები მუჰამედ ალი და ჯო ფრეზერი იყვნენ.

1971 წლის 8 მარტს საუკუნის ბრძოლა "მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართა. ალისა და ფრეზერის პირველი შერკინება იდეოლოგიათა ბრძოლად, რასისტულ ჯიჰადადაც კი მონათლეს.

რინგზე წარმოდგენილმა სანახაობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მე-15 რაუნდში ფრეზერმა ალის ნეკნებსა და ყბაში მაგრად მოსდო და მეტოქე ნოკდაუნში გაუშვა. ეს მუჰამედის პირველი მარცხი იყო რინგზე. რინგიდან ორივე პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთხანს ხმა დაირხა, ფრეზერი ტრავმებისგან გარდაიცვალაო. მაშინ ალიმ დიდსულოვნად განაცხადა, თუკი ეს მართალია, კრივიდან წავალო.

ალისა და ფრეზერს შორის მატჩი-რევანში 1974 წელს გაიმართა. ალიმ ქულებით დამსახურებულად გაიმარჯვა, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ბრძოლა ჩაწყობილი იყო...

მომდევნო ბრძოლა 1975 წლის ოქტომბერში, მანილაში დაიგეგმა. მუჰამედი ჯოს ისევ დასცინოდა, ლანძღავდა, ახლა უკვე გორილას ეძახდა, პრესკონფერენციაზე სათამაშო მაიმუნითაც კი წარდგა. ოღონდ ალი უკვე მსოფლიოს ჩემპიონი გახლდათ - ერთი წლით ადრე ტიტული ფორმენს დაუვიწყარ ბრძოლაში ("აურზაური ჯუნგლებში") წაჰგლიჯა.

ორივემ ბოლომდე, ლამის სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნამდე იბრძოლა. თუკი ალი თვალგახელილი კვდებოდა, ფრეზერი, პრაქტიკულად, ბრმა იყო. ჯოს მენეჯერმა აღარ გარისკა მოკრივის სიცოცხლით და რინგზე პირსახოცი ისროლა. იმავდროულად მოუთხოვია მუჰამედს თავისი მენეჯერისთვის ხელთათმანის მოძრობა – ბრძოლის გაგრძელება აღარც მას შეეძლო.

საჩუქარი ბრეჟნევისგან

1978 წელს, ცივი ომის პერიოდში, მუჰამედ ალი საბჭოთა კავშირში სპორტკომიტეტის მოწვევით ჩავიდა. იქ ყოფნის პერიოდში მუჰამედ ალი თავად ლეონიდ ბრეჟნევმა მიიწვია სტუმრად. მან ალის თავისი წიგნის "მცირე მიწა" ეგზემპლარი და საათი აჩუქა. ამის შესახებ სამშობლოში დაბრუნებულმა მოკრივემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იხილეთ ფოტოგალერეა