ბედნიერად დასრულებული უბედური შემთხვევა
მანქანა ტრიალ-ტრიალით დაეშვა ფერდობზე და მდინარეში ჩავარდა. შიგნით მსხდომებმა, როგორც ჩანს, გონება დაკარგეს. გოგონებმა იმარჯვეს, უკვე მორევში შეთრეული მანქანიდან დაზარალებულები ამოიყვანეს და სასწრაფოს მოსვლამდე პირველი დახმარებაც აღმოუჩინეს
შესაძლოა, თავს დიდი უბედურება დაგატყდეს და შემდეგ მიხვდე, რომ სწორედ ეს უბედურება გახდა შენი ბედნიერების სათავე. ლაშა კ.-მ თავისი უცნაურად დაწყებული სიყვარულის ისტორია მიამბო.
ლაშა: - კარგა ხნის წინ, მეგობრებთან ერთად, დასავლეთ საქართველოში მივდიოდი. ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში რომ შევედით, მეგობარმა მითხრა, აქ, მაღლა მთაში, შენი მოგვარე ნათესავები მყავსო და შეეცადა, მთის ის მხარე დაენახვებინა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.
მე საჭესთან ვიჯექი და წამით გზისთვის თვალის მოცილება სავალალო გაგვიხდა. მოსახვევში უცებ შემოვარდა ტრაილერი. თავის ასარიდებლად მანევრი გავაკეთე და ხევშიც გადავეშვით. მანქანა ტრიალ-ტრიალით დაეშვა ფერდობზე. როგორც მერე გაირკვა, ოთხივეს გონება დაგვიკარგავს. მოგვიანებით, ამ ამბის შემსწრემ, ელგუჯა ბიძიამ, რომელმაც გვიპატრონა, მოგვიყვა, - როგორც კი გადავარდით, მყისვე ავტომობილი გაჩერდა და იქიდან ოთხი გოგო გადმოვიდა და ხევისკენ, ციცაბოზე დაეშვნენ. ამასობაში კი წყალი ნელ-ნელა ავსებდა მანქანასო. მოკლედ, ამ გოგონებს უკვე მორევში შეთრეული მანქანიდან ამოვუყვანივართ. ელგუჯა ბიძიას ვუსმენდით, მაგრამ გვეგონა, აბუქებდა, ზღაპარს ჰგავდა მისი მონათხრობი. მას შემდეგ დავიჯერეთ, ექიმმა რომ გვითხრა, იმ გოგონებმა სასწრაფოს მოსვლამდე ჩაგიტარეს პირველი დახმარება. ძალიან გაგიმართლათ, რომ ისინი გადაგვეყარენ, თორემ შესაძლოა, სამაშველო საქმის უცოდინარს ამოეყვანეთ და არასწორი მოძრაობებით ან დახმარების მცდელობით დაღუპულიყავითო. როგორც კი გონს მოვედით, დალეწილ-დაგლეჯილები ფიქრით თავს ვიმტვრევდით, ნეტავ ვინ იყვნენ ჩვენი მხსნელებიო. ჯერ კიდევ მილიცია იყო და არავინ იკლავდა თავს მომხდარის სრული აღწერით, ამიტომაც იმედიც აღარ გვქონდა, რომ ოდესმე იმ საოცარ ქალებს მივაგნებდით. იმდენს ვფიქრობდი, რომ გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ჩემი მხსნელი გოგო მესიზმრებოდა.
მოკლედ, ფეხზე დავდექი თუ არა, ძებნა დავიწყე, ბიჭებმა ხელი ჩაიქნიეს, - ღმერთმა გადაუხადოთ სიკეთით ჩვენს ნაცვლადო. მე კი ძებნა განვაგრძე. მილიციელებს შევუჩნდი, იქნებ რაღაც დეტალი გქონდეთ ჩანიშნული-მეთქი და ერთ დღეს ერთ-ერთი მათგანი მირეკავს, მგონი, თქვენს გოგონებს მივაკვლიეო. მანქანის მძღოლის სახელი, გვარი და თბილისში მისი მისამართი მომცა. იმავე დღეს მივადექი შინ და კინაღამ მუხლები მომეკვეთა, როდესაც კარი სწორედ იმ გოგომ გამიღო, ვისაც სიზმრებში ვხედავდი. ვუთხარი, ვინც ვიყავი. ცუდად ხართო? და ფერდაკარგული შინ შემიყვანა. ასე დაიწყო ჩემი და სოფოს სიყვარული. პროფესიონალი მოცურავე და სკაუტი აღმოჩნდა ქალი, რომელიც ჩემს გადასარჩენად ჯერ კლდეზე დაეშვა, შემდეგ კი მდინარის მორევს შეება. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილს გადამარჩინა, დიდხანს მაწამა, სანამ ცოლობაზე დამთანხმდებოდა. საერთოდ, უცნაურები არიან ქალები. რაც არ უნდათ, იძულებით ვერაფერს გააკეთებინებთ. მეტიც, როგორც გადარჩენა შეუძლიათ, ისე გაგწირავენ. სოფო ზედაც არ მიყურებდა. ერთხელ გამწარებულმა ვუთხარი, არ სჯობდა, მდინარეში მიგეტოვებინე და ასეთ სატანჯველში არ ჩაგეგდე-მეთქი. ისე შემომხედა, უსიტყვოდ მითხრა, - თუ გინდა, ახლა გადახტი მდინარეში, შენთვის ხელს არ გავანძრევო. იმედი რომ გადამეწურა, მაშინ დამიტკბა და მითხრა, - ჯანდაბას, ვიქნები მთელი სიცოცხლე შენი მაშველიო. არის კიდეც.
ჩემმა მეგობრებმაც გაიცნეს სოფოს მეგობრები და მას მერე მხსნელებთან, ნათესავებივით ახლობლობენ. ხუმრობენ ხოლმე, - თურმე იმისთვის ვიხოცებოდით, რომ შენ და სოფოს ერთმანეთი გაგეცნოთო. მოკლედ, ჩემზეა ნათქვამი, რაც არ გკლავს, გაცოცხლებსო. კინაღამ ტრაგიკული შემთხვევა სიყვარულით დასრულდა და დღემდე მაცოცხლებს.
სოფო გამრეკელი