"ელდარი მეხვეწებოდა: აკოცე, კაცო, ნუ გერიდებაო" - ერთაოზ ბრეგვაძე "შერეკილებიდან" და "ცაში აფრენილი" ოზურგეთელი ბიჭის თავგადასავალი
"პირველ მერცხალში" რომ მეთამაშა, ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართებოდა"
"ბიძაჩემმა იფიქრა, ბავშვი გაგიჟდაო და ჩამეკითხა: ფილმს რა ჰქვია, ბიძიაო? - "შერეკილები"-მეთქი, - ვუპასუხე. - აბა, ასპროცენტიანი დამტკიცებული იქნებიო! - ბეჭედი დაუსვა".
"ყოველთვის იმედიანი ვიყავი, მაგრამ ბოლო ხანს პესიმისტი გავხდი. არადა, არც გამოცდილება მაკლდა და არც ცოდნა და კიდევ ბევრი რამის გაკეთებას შევძლებდი", - დანანებით ამბობს მსახიობი დავით ჟღენტი - დაუვიწყარი "შერეკილების" ასევე დაუვიწყარი ერთაოზ ბრეგვაძე, მიზანა ბრეგვაძის შვილი" და არცთუ ხალისიანად იწყებს წარსულის გახსენებას. თუმცა გზადაგზა განწყობა ეცვლება და ხალისიც ემატება.
- ოზურგეთიდან ვარ და სკოლაც იქ დავამთავრე. მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა. სკოლაში დღიურ-კითხვარებს რომ ვავსებდი, იქაც კი ვწერდი, მსახიობობას ვაპირებ-მეთქი. საბედნიეროდ, ოჯახის წევრებმაც არ დამაბრკოლეს და კინოსტუდიაში, რეზო ჩხეიძის მიერ ახლადგახსნილ კინოსამსახიობო სასწავლებელში ვაბარებდი. გამოცდაზე ერთ-ერთი გამომცდელი იყო რეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელიც, თურმე, იმხანად ფილმ "შერეკილებისთვის" მსახიობებს არჩევდა. უფრო ზუსტად, თითქმის დაესრულებინა შერჩევა და ორ კვირაში გადაღებას იწყებდა. ერთაოზ ბრეგვაძის როლზეც შეერჩია ვიღაც, მაგრამ ჩანს, გული ეთანაღრებოდა და მაინც განაგრძობდა ძებნას. პირველივე გამოცდის შემდეგ მისმა ასისტენტმა მომაკითხა, ბატონი ელდარი გიბარებთო. მეორე დღესვე მივედი ძველ კინოსტუდიაში, სადაც ელდარ შენგელაია, "შერეკილების" სცენარის ავტორი რევაზ გაბრიაძე და მხატვარი, ცხონებული თენგიზ მირზაშვილი დამხვდნენ. მახსოვს, ლექსი წამაკითხეს, რაღაცები გამომკითხეს და...
- არ გეუბნებოდნენ, რისთვის დაგიბარეს?
- არა. მხოლოდ ის გავიგონე, რეზო გაბრიაძემ რომ გადაულაპარაკა ელდარს, - აუ, ელდარ, ეგიაო. მაინც ვერ მივხვდი, რა უნდოდათ. მომდევნო დღესაც დამიბარეს, სასინჯი გადაღება ჰქონდათ, თურმე. მარგალიტას როლისთვის სალომე ყანჩელი და ლამარა ჭყონია მოსინჯეს, თუმცა ელდარი თავის იმჟამინდელ მეუღლეს, არიადნა შენგელაიას ამჯობინებდა, საბოლოო სიტყვა კი სამხატვრო საბჭოს უნდა ეთქვა. პარალელურად, მე უკვე ჩამრიცხეს სასწავლებელში და სასინჯი გადაღებიდან მეორე თუ მესამე დღეს, სასწავლებლის შესასვლელთან ელდარმა დამიძახა, - დამტკიცებული ხარ ერთაოზის როლზე, სამ-ოთხ დღეში ჭიათურაში, გადაღებაზე მივდივართო. სცენარიც მომაწოდა. გავოგნდი. ხმას ვერ ვიღებდი. თავი სიზმარში მეგონა. წარმოგიდგენიათ? - ოზურგეთიდან ჩამოსულ 18 წლის ბიჭს ელდარ შენგელაია მთავარ როლში მიღებდა! გაბრწყინებული სახით სასწრაფოდ შინ, ბიძაჩემთან გავიქეცი და სცენარი მივაწოდე, - ნახე, მთავარ როლში მიღებენ-მეთქი. ბიძაჩემმა იფიქრა, ბავშვი გაგიჟდაო და ჩამეკითხა: ფილმს რა ჰქვია, ბიძიაო? - "შერეკილები"-მეთქი, - ვუპასუხე. - აბა, ასპროცენტიანი დამტკიცებული იქნებიო! - ბეჭედი დაუსვა. გავგიჟდი, სცენარი რომ წავიკითხე: ერთია, მთავარ როლში რომ ხარ, მაგრამ სულ ჩემი ტექსტი მხვდებოდა, ფაქტობრივად, ფილმიც ჩემს გმირზე იყო. მოკლედ, წავედით გადაღებაზე, ჭიათურაში. თავიდან ძალიან გამიჭირდა ჩემიანების გარეშე, მშობლები და დედმამიშვილები ძალიან მენატრებოდნენ, მაგრამ მერე შევეჩვიე.
ისიც მანერვიულებდა, ღამეებიც კი არ მეძინა, ვაითუ კარგად არ გამომივიდეს რამე-მეთქი - ჩემ გარდა, ხომ, ყველა გამოცდილი მსახიობი იყო! მაგრამ მერე გავთამამდი. ელდარიც მაქებდა. სოფელ ითხვისსა და შუქრუთში ფილმის დასაწყისი გადავიღეთ და მიზანას სიკვდილით დავასრულეთ, შემდეგ თბილისში, კინოსტუდიის პავილიონში გადმოვინაცვლეთ. ნახევარი ფილმი - ერთაოზისა და ქრისტეფორეს (მსახიობი ვასილ ჩხაიძე) ქვევრში ჯდომის ეპიზოდები სულ იქ არის გადაღებული. ვასო არაჩვეულებრივი კაცი იყო, ინტელიგენტი, ისიც გურული, ოღონდ ლანჩხუთიდან. მარტოხელა გახლდათ, ერთი შვილი ჰყავდა და ძაღლი - რექსი, რომელსაც ყოველდღე დაასეირნებდა ლეონიძის ქუჩაზე... ერთხელ მაგარი ამბავი შემემთხვა: შევდივარ პავილიონში და ვხედავ, მე ვზივარ. გავშრი, გავოგნდი. ნამდვილად მე ანუ ერთაოზი ვიყავი - წითელი ლოყებით, სამოსით, ქალამნებით, ფეხი ფეხზე შემომედო და... შემეშინდა, ჰალუცინაცია ხომ არ დამეწყო-მეთქი, სხეული მოვისინჯე, მერე ნელ-ნელა მივუახლოვდი მეორე "მეს"და... ფიტული არ შემრჩა ხელში?! თურმე, საგანგებოდ დაემზადებინათ - ცათმფრენში, რომელიც საკმაოდ მაღლა დაფრინავს, ჩემი და ვასოს ნაცვლად სწორედ ის ორეულები სხედან...
ლეონიძის ქუჩაზეა გადაღებული ეპიზოდი, ხუტა (მსახიობი ბორია წიფურია) საჩუქრებით რომ მოდის და ხან ქათამი, ხან ვაშლი რომ უვარდება ხელიდან. მაშინ, ყოველი კადრის გადაღებისას, თითო ქათმის გაგლეჯა და შეჭმა მიწევდა.
- ვეგეტარიანელი რომ ყოფილიყავით, რაღას იზამდით?
- მაინც უნდა შემეჭამა. ისე, როგორ ფიქრობთ, სოფელში გაზრდილ ბიჭს ქათმის ხორცი არ მეყვარებოდა?... ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა გადაღების პერიოდში ბატონ ვასოსთან მქონდა. ოთხი დღის განმავლობაში მივლინებით სოფელ მუხრანშიც გაგვიშვეს - ცათმფრენი სწორედ იქ, სკოლის ეზოში "ავაგეთ".
- ოდესმე ფრენაზე გიფიქრიათ?
- არასოდეს. რას წარმოვიდგენდი, მართლა თუ გავფრინდებოდი... ჩვენი ფრენის კადრი ასე გადავიღეთ: ამწე, დაახლოებით, 15-20 მეტრის სიმაღლეზე ტროსით სწევდა 31-ე ქარხანაში ამერიკელების მიერ სპეციალური მასალისგან აგებულ ჩვენს ცათმფრენს, მერე ამწეს შვეულმფრენი ცვლიდა, მაგრამ იქ უკვე ორეულებს სვამდნენ. ის ტროსი გამჭვირვალეა და ეკრანზე არ ჩანს, ვინც იცის, მხოლოდ ის თუ შეამჩნევს. მე ახალგაზრდა ვიყავი, ყველაფერი მაინტერესებდა და ტროსის შებმა-დამაგრებასაც ვესწრებოდი, ვასო კი, მორჩებოდა თუ არა გადაღება, დასასვენებლად მიდიოდა. მოკლედ, ცათმფრენით პირველი დუბლის გადაღების წინა საღამოს, შინ დაბრუნებულმა მეზობელ ოთახში მცხოვრებ ვასოსაც შევუარე. ვასოს დალევა უყვარდა და საუბრისას ერთი სირჩა რომ გადაჰკრა, ვუთხარი: ვასილ ისაკიჩ, მე იმ ცათმბჯენზე დამჯდომი არ ვარ, არ ვიცი, რა მეშველება-მეთქი. - რატომო? - გაოცდა. - რატომ და ძაფივით მავთულით აქვთ დამაგრებული, ზემოთ რომ აიწევა, ხომ შეიძლება, გაწყდეს და რამე დაგვემართოს. მერე, ვინ აგებს პასუხს ან ჩვენ რა გვეშველება-მეთქი? მეორე დღეს მივედით გადაღებაზე და, - "ნეტ, ნეტო"! - დაიყვირა ვასომ, თან ხელები გაასავსავა. ვერაფრით ჩასვეს ცათმფრენში. მე მშვიდად მივედი და ჩავჯექი. გაგიჟდა, - აკი საშიშიაო? - აა, აქ შენ გურული "ჩორტავიკობა" დაიწყეო, - მომიბრუნდა ელდარი. - არა, ნიკალაევიჩ, გავეხუმრე-მეთქი. - მერე, ამას კიდევ გახუმრება უნდაო? - სერიოზულად მისაყვედურა. ვასოც მიმიხვდა და მშვენივრად იფრინა ჩემთან ერთად... გადაღებას გახმოვანება მოჰყვა. არც მეგონა, გახმოვანებას თუ შევძლებდი, მაგრამ ძალიან გამიადვილდა. თანაც, ვის გვერდით ვიდექი: ეროსი მანჯგალაძის, რამაზ ჩხიკვაძის... უბედნიერესი ვიყავი, ისინი რომ გავიცანი. ეროსი "პატარა მეგობარს" მეძახდა, გახმოვანების შემდეგ ყოველთვის მანქანით მივყავდი შინ, ხოლო თავის ყველა სპექტაკლზე სალაროში მიტოვებდა ბილეთს. თვე-ნახევრის განმავლობაში ერთი სპექტაკლიც კი არ გამომიტოვებია. თანაც, სულ პირველ რიგში ვიჯექი. ერთხელ თანაკლასელი გოგონა მახლდა და, მახსოვს, სცენიდან ბუშტი ჩემკენ გადმოაფრინა, გადმოიხარა და, - ეჰ, დავით, დავითო! - ჩაილაპარაკა. იცით, რა ამაყი ვიყავი? - ეროსიმ სპექტაკლზე მე მომმართა.
- არიადნა შენგელაიას "პორფირეს ხატზე" დაფიცება არ გაგიჭირდათ?
- არიადნა არაჩვეულებრივი ადამიანია. ქართულად ლაპარაკი უჭირდა, თორემ ყველაფერი ესმოდა. საერთოდ, ელდარის ოჯახთან ძალიან ახლოს ვიყავი, ხშირადაც ვსტუმრობდი. ელდარიც მეწვია გურიაში. ბრწყინვალე პიროვნებაა და მინდა, ეს ყველამ იცოდეს. სხვათა შორის, დაფიცების ეპიზოდის გადაღებისას ძალიან ვიძაბებოდი. აბა, როგორია, რეჟისორი გვერდით გიდგას, შენ კი მის მეუღლეს უნდა აკოცო! ელდარი მეხვეწებოდა: აკოცე, კაცო, ნუ გერიდებაო, მე კი ძალიან ვუხერხულობდი. 3-4 დუბლის გადაღება დაგვჭირდა. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო აბრეკ ფხალაძე - ექიმი ნოშრევანი. საერთოდაც, ბრწყინვალე ჯგუფი შეკრიბა ელდარმა. ამ კაცს ამის დიდი ნიჭი ჰქონდა. ყველანი დაუღალავად ვშრომობდით, ტექნიკურ პერსონალსაც კი ვეხმარებოდით. ერთადერთი კომფორტი იყო ის, რომ მანქანა გვემსახურებოდა და არც ჭამა-სმა გვაკლდა, არც პურ-მარილი, განსაკუთრებით - იმერეთში, ჭურის თავზეც კი ვქეიფობდით. მე არ ვსვამდი, თუმცა პირველად მაინც იქ დავთვერი, ბრძნული სადღეგრძელოებიც იქ მოვისმინე.
- მაშინ არ იყავით "ნამეტნავად" შეყვარებული? ან, საერთოდ, ვინმე "ნამეტნავად" შეგყვარებიათ?
- ასეთი სიყვარული 3-4 წლის მერე მეწვია და მივხვდი, რომ "ის ის იყო და ისიც მიხვდა, მე მე ვიყავი". "ის" ჩემი მეუღლე გახდა და დღემდე ასე ვართ ჩვენს სამ შვილთან ერთად. მეუღლე ექიმია; უფროსი ქალიშვილი - თამარი პროფესიით ეკონომისტია, ახლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშაობს; შუათანაა ნინო, რომელიც სკოლაში მუშაობს და უმცროსია ჩემი სეხნია და ნანატრი ვაჟი დავითი. ის ბანკში მუშაობს, ახლახან ცოლიც შეირთო, ძალიან კარგი გოგონა. მინდა, იმრავლონ და იხარონ.
- ბატონო დავით, არაფერი გითქვამთ, "შერეკილების" შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი სამსახიობო ცხოვრება...
- კინოსტუდიის სასწავლებელში, ფაქტობრივად, არ მისწავლია. "შერეკილები" არც იყო ეკრანზე გამოსული, ზაფხულში თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩამრიცხეს. პირველ კურსზე რეჟისორმა რონდელმა "საჰაერო ხიდში", მთავარ როლზე მიმიწვია, პარალელურად, ნანა მჭედლიძემ "პირველ მერცხალში" მეკარის როლზე დამამტკიცა. დღემდე ვნანობ, რომ ქალბატონ ნანას უარი ვუთხარი და "საჰაერო ხიდი" ავირჩიე. ეტყობა, კარგი მრჩეველი არავინ მყავდა როდნელი ნიჭიერი რეჟისორი და ბრწყინვალე პიროვნება იყო. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, თუმცა ფილმმა აშკარად ვერ გაამართლა. ამ გადაღებებმა ია ნინიძესთანაც დამამეგობრა, მოგონებებიც კარგი დამიტოვა, მაგრამ... მერე დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტის კინოსამსახიობო ფაკულტეტი და უნიჭიერესმა პედაგოგმა, რეჟისორმა შალვა გაწერელიამ მოზარდ მაყურებელთა თეატრში წამიყვანა. ცოტა ხანს სატირისა და იუმორის თეატრშიც ვიყავი, პარალელურად, თბილისშიც ჩამწერეს - იმხანად ოდნავ ცნობილ ადამიანებსაც კი უდიდეს პატივს სცემდნენ და აქ "ერთაოზ ბრეგვაძე" ძალიან დამეხმარა, ბინაც კი მომცეს. სამწუხაროდ, მერე ამ ბინის გაყიდვა მომიხდა, პრობლემები დამიგროვდა. ნელ-ნელა კინოსაც და თეატრსაც ჩამოვცილდი. ჯერ კინოთეატრ "თანამგზავრის" დირექტორად ვმუშაობდი, მერე - გლდანის კინოთეატრის დირექტორის მოადგილედ, მერე - ქვეყანა აირია და... კარგა ხანია, უმუშევარი ვარ, ვიავადმყოფე კიდეც და ასეთმა ყოფამ ძალიან დამღალა... ბევრჯერ მიფიქრია და რატომღაც მგონია, მაშინ "პირველ მერცხალში" რომ მეთამაშა, ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართებოდა.
ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)