ბიძინა ივანიშვილი: "არ მგონია, პრეზიდენტი "ნაცმოძრაობის" კაცი იყოს" - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილი: "არ მგონია, პრეზიდენტი "ნაცმოძრაობის" კაცი იყოს"

ტელჟურნალსიტებთან შეხვედრისას ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა იუსტიციის საბჭის მდივან ლევან მურუსიძისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზეც ისაუბრა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ უნდა ახსოვდეს საზოგადოებას ნიკა გვარამიას ყოფილი პროკურორობა და არა ლევან მურუსიძის მოსამართლეობა.

"ყველაზე დიდი ტრაგიზმი იყო გირგვლიანის თემა, თუმცა მკვლელობები სხვაც მოახერხა ხელისუფლებამ. მინდა ქრონოლოგიურად მივყვე, რამდენიმე წლის წინ მურუსიძე სასამართლოში მეორედ აირჩიეს, თუმცა მაშინ ხმაური არ აუტეხავს არავის, არც "რუსთავი 2"-ს, არც ენჯეოებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერი ლევან მურუსიძის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს "რუსთავი 2"-ს და "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებს.

"ეს თემა, "ნაციონალური მოძრაობის" აწეულია. მათ რიცხვში პრეზიდენტიც ხშირად მათ წისქვილზე ასხამს წყალს, არ მგონია მათი კაცი იყოს, მგონია, რომ მათგანაც გამოუყენებელია. მაგრამ ბევრი ჩაერთო შემთხვევით ამ საკითხში და ბევრმა დაასხა იმ წისქვილზე წყალი. თემა მათი აწეული იყო და რატომ? ეს ხელწერა მათია. რატომ მაშინ არ აგინებდნენ, მეორე თანამდებობა რომ მისცეს?! - ალბათ იმიტომ, რომ მათ აღარ ემორჩილება. ახლა წარმოაჩინეს, რომ ყველაფერი ლევან მურუსიძემ გააკეთა და არა იმ სისტემამ, რომელიც მათივე შექმნილი იყო. ეს გუნდი ედავება მას, ვისი მსხვერპლიც იყო სასამართლოც და მურუსიძეც", - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.

ექსპრემიერმა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ "კუბლაშვილს პირადად ეახლა, თუმცა მისგან არაფერი გამოვიდა".

"მე ვეახლე კუბლაშვილს და ძალიან ვთხოვე, როგორმე გათავისუფლებულიყო ძველი გუნდის გავლენისაგან და დახმარება აღვუთქვი. მივმართე, რომ არავინ არაფერში ჩაერეოდა და ეს დავიცავით კიდეც პირუთვნელად. თუმცა კუბლაშვილისგან არაფერი გამოვიდა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ექსპრემიერმა ლევან მურუსიძის არჩევისას ადვოკატთა ასოციაციისა და გიორგი მარგველაშვილის როლი გაიხსენა და განაცხადა, რომ "ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრეზიდენტს მიმართა არ დაენიშნა ლევან მურუსიძე".

"ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მიმართავს პრეზიდენტს, რომ არ დაუშვას რომელიმე მოსამართლის არჩევა. გესმით, როგორი ამბავია?! ვინ ჰკითხავს პრეზიდენტს ვის აირჩევს სასამართლო? თანაც ნახეთ ვინ მიმართავს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. აბა ნახეთ როგორია, პრეზიდენტიც ცდილობს, რომ არ დაუშვას. ნახეთ რამდენ შეცდომას უშვებს", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა. მისივე თქმით: "მართალია გიორგი მარგველაშვილი ხშირად "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხავს წყალს, მაგრამ არ მგონია "ნაცმოძრაობის"  კაცი იყოს"!

"ინტერპრესნიუსი"