რას ასაჩივრებს ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილი ევროსასამართლოში?! - კვირის პალიტრა

რას ასაჩივრებს ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილი ევროსასამართლოში?!

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატი ევროსასამართლოში სარჩელს აგზავნის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯამალაშვილის ადვოკატმა, გიორგი ფოფხაძემ განუცხადა, სარჩელი, რომლითაც ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი სამართლიან სასამართლოს ითხოვენ, უკვე მომზადებულია და ევროსასამართლოში მომავალ კვირას გაიგზავნება.

ფოფხაძის ინფორმაციით, სარჩელში დეტალურადაა აღწერილი ის, რომ "ზურაბ ჯამალაშვილი უკანონო პატიმარია, ვინაიდან მას აღკვეთის ღონისძიება 72 საათიანი ვადის დარღვევით შეეფარდა".

"პირველ რიგში, დარღვეულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლები. ჩვენ ვითხოვთ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ასევე გამოძიების პერიოდში გამოვლენილია რამდენიმე დარღვევა, მათ შორის საპროცესო კანონმდებლობების უხეში დარღვევები. ბუნებრივია, მავანი იტყვის, რომ არ არის დამთავრებული შიდა პროცედურები, მაგრამ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით ეს შიდა პროცედურები უკვე სრულად ამოწურულია და დარღვევა სახეზეა, მისი გასაჩივრება აღარ შეიძლება. ასევე ჩვენი საჩივარი ეხება ზურაბ ჯამალაშვილის უკანონო პატიმრობას. გვინდა, რომ ევროსასამართლომ მისცეს ამას თავისი შეფასება. გვჯერა და გვწამს, რომ სასამართლო ამას სულ რამოდენიმე ხანში განიხილავს და თავის სიტყვას იტყვის", - განუცხადა გიორგი ფოფხაძემ "ინტერპრესნიუსს".

ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში გუშინაც დაუტოვა და ის, სააპელაციო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების რიგით მე-8 განჩინებას გაასაჩივრებს.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: "FBI-ს გარეშე ვერაფერს გახდებიან" - რას ჰყვება დაკავებული ჯამალაშვილის შვილი, რომელმაც "ჯაშუშური ვირუსი" შექმნა