პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა - კვირის პალიტრა

პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. უზენაეს სასამართლოში მათ დამტკიცებას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. კენჭისყრა ასეთი შედეგით დასრულდა: ანა დოლიძე 34 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი; თამარ ლალიაშვილი 27-მომხრე, 2 - წინააღმდეგი; ნონა თოდუა 22- მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.

შესაბამისად, უზენაეს სასამართლოში გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი არც ერთი მოსამართლეობის კანდიდატი არჩეული არ არის.

კენჭისყრის დასრულებისას პარლამენტის ორმა წევრმა, მურმან დუმბაძემ და გია ჟორჟოლიანმა მოითხოვეს, რომ მათი ხმა ანა დოლიძის კანდიდატურას დამატებოდა. თუმცა ორი დეპუტატის მხარდაჭერამ ანა დოლიძის არჩევაზე გავლენა ვერ მოახდინა.

ანა დოლიძის განცხადებით, ხმის მიცემა -არ მიცემით პარლამენტარები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებენ.

„საქართველოში უნდა დამკვიდრდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის კულტურა. ჩვენ ისტორიულად ეს კულტურა არ გვქონია და უნდა გავითავისოთ, რომ ხმის მიცემით ან არ მიცემით თითოეული პარლამენტარი იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. დღეს გამოხატული ნებით პარლამენტის წევრებმა აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ მიმართულებაზე რა მიმართულებაც მიმდინარეობს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება არამარტო რეფორმა, არამედ ტრანსფორმაცია. ეს ნიშნავს ღიაობას, რადიკალურ რეფორმებს. რაც უფრო დაგვიანდება ახალი სისხლის შეტანა სასმართლო სისტემაში, მით უფრო დაგვიანდება სასამართლო სისტემის ძირეული ცვლილება“.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით