აქცია გიგა ოთხოზორიას ხსოვნის პატივსაცემად - "დასანანია, რომ ფრანკფურტის შედარებით მრავალრიცხოვანი ქართველობიდან, მხოლოდ ოთხმა შეძლო მოსვლა" - კვირის პალიტრა

აქცია გიგა ოთხოზორიას ხსოვნის პატივსაცემად - "დასანანია, რომ ფრანკფურტის შედარებით მრავალრიცხოვანი ქართველობიდან, მხოლოდ ოთხმა შეძლო მოსვლა"

ქალაქ ფრანკფურტში, გერმანიაში მაცხოვრებელი ქართველების მიერ, ჩატარდა მდუმარე აქცია 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული, 1986 წელს დაბადებული, გიგა ოთხოზორიას ხსოვნის პატივსაცემად...

მანამდე, იგივე შინაარსის აქცია გაიმართა ქალაქ ჰაიდელბერგში, რომელსაც, დაახლოებით, 22 ადამიანი ესწრებოდა. აქციების მიზანი, აგრეთვე იყო, რუსული აგრესიისა და მცოცავი ოკუპაციის დაგმობა... ქალაქ ფრანკფურტში ჩატარებულ აქციას მხოლოდ ოთხი ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყო გერმანიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი 2016 წლისთვის, ცისია ნინიკელაშვილი... მსგავსი აქციები დაგეგმილია სამომავლოდაც, რომელთა მიზანია, ფართო საზოგადოების ყურადღების გამახვილება რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტზე და მისი გააქტიურება ამ ჩვენთვის მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით. ინფორმაცია აქციების შესახებ მიეწოდათ გერმანულ მედიასა და საქართველოს საკონსულოს ქალაქ ფრანკფურტში... ორგანიზატორებმა თავის გულისტკივილი გაგვიზიარეს:

მარიამ შტილერი, ჟურნალისტი და სალიტერატურო მეცნიერების მაგისტრი:

- დასანანია, რომ შედარებით მრავალრიცხოვანი ფრანკფურტის ქართველობიდან, მხოლოდ ოთხმა ადამიანმა შეძლო აქციაზე მოსვლა. ბევრ მათგანს სამუშაო დღემაც შეუშალა ამაში ხელი. მონაწილეთა სიმცირის გამო, დაგეგმილი მსვლელობაც არ შედგა. ამგვარად, ნამდვილად რთულია, ხმა მიაწვდინო იმ საზოგადოებას, რომლისგანაც დახმარებას ელი, თუმცა კი ოთხი ადამიანის ძალაც ძალაა და ერთჯერ თუ ორჯერ იმედგაცრუებით მაინც არ განელდება ის პატარა ნაპერწკალი, რომელიც უფრო მეტი შემართების საწინდარია.

ლევან მეტონიძე, სოციოლოგი, პოლიტმეცნიერებების მაგისტრი:

- ბევრნი არასოდეს ვყოფილვართ ქართველები, მაგრამ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისათვის, ყოველთვის  სამართლიანი იყო! მთავარია, რომ გვქონდეს ერთმანეთში უფრო მჭიდრო კავშირი. გასაგებია, რომ ემიგრაცია, ეს ახალი ხილია ქართველისათვის, განსხვავებით ებრაელებისაგან, სომხებისაგან და ა.შ. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ დაქსაქსულობა, - ეს არის ხელის შემშლელი საერთო საქმისათვის, რასაც საქართველოს დეოკუპაცია ჰქვია.

ლანა ბუაჩიძე, სოციალური მუშაკი, მაგისტრი: ჩემის აზრით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ქვეყნის გარეთ, აუცილებელი მგონია. იმიტომ რომ, ბოლო დროს, დასავლური პრესა, საქართველოში მიმდინარე კონფლიქტებს ისე აქტიურად აღარ აშუქებს, როგორც ეს ამ რამდენიმე წლის წინ იყო. მართალია, ფრანკფურტში ჩატარებული აქცია მრავალრიცხოვანებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მან დასახული მიზანი მაინც შეასრულა, რადგან ერთგვარი მოტივაცია გახდა გერმანიის სხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველებისთვის, იგივე აქციები დაგეგმონ და რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთნონ. მსგავს აქციებზე ყოველთვის იკვეთება ბირთვი, რომელიც ღონისძიების შემდეგაც ინარჩუნებს ერთმანეთთან კონტაქტს, რის შედეგადაც, შემდგომი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება უფრო ადვილი ხდება. გერმანიაში ნელა, მაგრამ მტკიცედ მიდის სოციალურ-პოლიტიკურად აქტიური ემიგრანტების "ჯაჭვის" ჩამოყალიბება, რომელიც გერმანიის მოქალაქეების ყურადღებას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ამახვილებს და გარკვეული მედიატორის როლს ასრულებს. ჩემი აზრით, ეს პროცესი დღეს თუ არა, რამდენიმე წელიწადში კარგ ნაყოფს გამოიღებს, ამიტომ ვაპირებთ მომავალშიც, ერთმანეთის მხარდაჭერას და საერთო ძალებით, ქვეყნის საზღვრებს გარეთ, საქართველოს პოპულარიზაციას.