"კაცს დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - კვირის პალიტრა

"კაცს დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა"

"მკვლელობაში ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა"

რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა ქუთაისში. 50 წლის მაიზერ ბანძელაძე გვიან ღამით, მეზობელმა, დანით სასიკვდილოდ დაჭრა. შემთხვევა ჭომის დასახლებაში, ლესელიძის ქუჩაზე მოხდა, დაჭრილი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბანძელაძე დილით გარდაიცვალა. როგორც მეზობლები ჰყვებიან, მკვლელობას გარდაცვლილსა და მის თანაუბნელს შორის შელაპარაკება უძღოდა.

გარდაცვლილს 2 შვილი და მოხუცი დედ-მამა დარჩა, რომლებისთვისაც მომხდარი ტრაგედია მძიმედ გადასატანი განსაცდელია. მომხდარზე საქმე განზრახ მკვლელობის, 108-ე მუხლით არის აღძრული.

გარდაცვლილის ახლობლებს მომხდარზე ლაპარაკი ძალზე უჭირთ.

ლ. ქ; გარდაცვლილის მეზობელი:

- მაიზერსა და მკვლელობაში ბრალდებულს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხშირად ვხედავდით ერთად. ყველას გვეგონა, რომ მხარში ედგა მაიზერს და ეხმარებოდა, მაგრამ საბოლოოდ იმ ქვეყნად გაისტუმრა.  გარდაცვლილს უმცროსი შვილი ავად ჰყავს, ახლახან   მაიზერის უფროსმა ვაჟმა უცხოეთში წაიყვანა სამკურნალოდ. თავად მაიზერიც უნდა ჩასულიყო მათთან, უკვე ბილეთიც ჰქონდა აღებული, მაგრამ...

იმ ღამეს რა მოხდა, ზუსტად არავინ იცის. ამბობენ, ერთად დალიეს და ამ დროს შეკამათდნენო. დანაშაულამდე ხმამაღლა ლაპარაკობდნენ თურმე; მეზობლებმა გაიგონეს ხმაური და გარეთ გამოვიდნენ, თუმცა უკვე გვიან იყო... კაცს დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა. მალევე წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ უკვე გვიან იყო, ვერაფერი უშველეს...

მკვლელი გაიქცა, როგორც გავიგეთ, თურქეთისკენ გარბოდა თურმე, ალბათ იფიქრა, საზღვარზე გადავალ და რაღას მიპოვნიანო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული მამაკაცი. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივნისს ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1966 წელს დაბადებულ მაიზერ ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, სარფის გამშვებ პუნქტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა", - ვკითხულობთ სპეციალურ განცხადებაში.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)