“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..” - კვირის პალიტრა

“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”

ის ჯიპი გმირთა მოედანზე შევნიშნე. სახიფათოდ ახლო მანძილზე მომდევდა. საჭესთან ღვთაებრივი ქმნილება იჯდა. ამას საჭეზე დადებული მისი თხელი, დახვეწილი მტევნითა და მაჯით მივხვდი, რომელსაც უკანა ხედვის სარკით გარკვევით ვხედავდი. გავატარე. გვერდიდან შევხედე. მართლა ლამაზი გოგო იყო, ნამდვილი გრაცია.

მარცხენა ხელი დაუდევრად ედო საჭეზე, მარჯვენით მობილური ტელეფონი ეჭირა და ვიღაცას სიცილით ელაპარაკებოდა. აღმართი რომ ავიარე, მარჯვენა მხარე დავიჭირე. ვაჟა-ფშაველაზე მივდიოდი. პეკინზე ჩოჩვით სიარულს, შარტავას ქუჩიდან ბულაჩაურის გავლით გასვლა ვამჯობინე. პირველი შეცდომა აქ დავუშვი, მაგრამ მაშინ ეს ჯერ არ ვიცოდი. აქაც საცობი დამხვდა. სპორტის სასახლეს რომ გავცდი, ის ჯიპი ისევ შევნიშნე. გრაცია ისევ სიცილით ლაპარაკობდა ტელეფონზე. რამდენიმე სანტიმეტრის ინტერვალით მომდევდა. საცობში დისტანციის დაცვა ვის გაუგია-მეთქი, თავი დავიმშვიდე. სარკიდან ვუყურებდი.

ორმოცდაათს რომ გადავცილდი, საკუთარ თავს შევამჩნიე: აღარ შემიძლია რაიმე მშვენიერს გულგრილად ვუყურო. სულ ერთია ქალი იქნება, ხელოვნების ნაწარმოები თუ პეიზაჟი, რომ დავინახავ, მაშინვე ყელში რაღაც მაწვება, გული მიჩუყდება და თვალებზე ცრემლები მადგება ეს წყეული. ნერვოზი გაქვსო, ექიმმა მითხრა, მაგრამ მე ჩემთვის ვიცი, რომ ამ ნაცრისფერ ყოფაში, რომელიც კარგა ხანია ყელში ამოვიდა, მაგრამ რომელსაც მთელი ცხოვრება ვერაფრით დავაღწიე თავი, სილამაზე სინათლის ერთადერთი სხივია. ეს არის ოცნება სრულყოფილ სამყაროზე. ცრემლები ტკივილია უაზროდ დახარჯულ სიცოცხლეზე, უკვალოდ გამქრალ ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე...

სააკაძის მოედანს რომ გავცდით, მოძრაობა ოდნავ გაიხსნა. ავუჩქარეთ. გრაციას ახლა უკვე შეეძლო დისტანციის დაცვა, მაგრამ კვლავ სახიფათოდ ახლოს მომდევდა. გზასაც ვეღარ ვუთმობდი. ბულაჩაურის გადასახვევს რომ მივუახლოვდით, ჩემს წინ მიმავალმა მანქანამ კიდევ უფრო აუჩქარა. გადახვევას თავისუფლად მოასწრებდა, შუქნიშანზე მწვანე ისარი ჯერ ციმციმებდა. მეც მოვასწრებდი და გრაციაც, რომელიც კუდში მომდევდა, მაგრამ მძღოლმა რატომღაც უცებ გადაიფიქრა და მკვეთრად დაამუხრუჭა. დავამუხრუჭე მეც, თან შიშით მაშინვე უკან გავიხედე. გრაცია ვერც კი მიხვდა, რა მოხდა, დამუხრუჭება აზრადაც არ მოსვლია...

შეჯახებას ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს ყუმბარა აფეთქდაო. (იხილეთ გაგრძელება)