"დიანა ჯოჯუას მეუღლე დავით თარხან-მოურავის რეკომენდაციით შეიყვანეს საარჩევნო სიაში" - რატომ დატოვა მანუჩარ მაჩაიძემ "პატრიოტთა ალიანსი"?
მანუჩარ მაჩაიძემ "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა. პარტიის დატოვების მიზეზებზე კი kvirispalitra.ge-ისთან ისაუბრა:
- გარკვეულ საკითხებში "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოლიტსაბჭოს, მისი თავმჯდომარის, დავით თარხან-მოურავისა და ჩემი შეხედულებები ერთმანეთს არ დაემთხვა, ამიტომ იძულებული ვიყავი პარტია დამეტოვებინა. ძირითადი საკითხი იყო ის, რომ "რუსთავი 2"-ის ტელეწამყვანის, ქალბატონი დიანა ჯოჯუას მეუღლე, ბატონი ნიკოლოზ რამიშვილი, ბატონ თარხან-მოურავის რეკომენდაციით შეიყვანეს საარჩევნო სიაში, რისი წინააღმდეგიც ვიყავი. ამ კანდიდატს პოლიტსაბჭოში ჩემ გარდა ყველამ დაუჭირა მხარი, ამის გამო პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია.
ასეთ ხალხთან, როგორიც არის რამიშვილი, რომელიც, როგორც დადგინდა, ვანო მერაბიშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერების მეგობარია, ერთ პარტიაში ვერ ვიქნები იმიტომ, რომ ეს ხალხი არის სულ სხვა პოლიტიკური შეხედულებების, სხვა მენტალიტეტის, მსოფლმხედველობის, მე სულ სხვა ვარ და ვფიქრობ, რომ ასეთი ხალხი "პატრიოტებთან" არ უნდა იყვნენ. ამ გადაწყვეტლების მიღება გამიჭირდა, რადგან "პატრიოტთა ალიანსის" დამფუძნებელი ვარ და ხალხს ვემსახურებოდი, მაგრამ გამოვიდა სულ სხვა რაღაც. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთ პარტიაში ვერ ვიქნები.
საერთოდ პოლიტიკა კომპრომისების ძიებაა, მაგრამ ეს ისეთი საქმეა, რომ აქ კომპრომისზე ვერ წავალ.
ახლა მუშაობას საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით, ისევ მოვემსახურები ხალხს, როგორც აქამდე და იმას გავაკეთებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი, ოღონდ დამოუკიდებლი დეპუტატის სტატუსით, ამის უფლებას კანონი მაძლევს.
თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)