"მერაბიშვილი სააკაშვილს აგულიანებდა, - თუ ასეთი რამ პრეზიდენტს ერთხელ ვინმემ გაუბედა, სხვებიც გაუბედავენო" - რა ჩვენება მისცა ოქრუაშვილმა? - კვირის პალიტრა

"მერაბიშვილი სააკაშვილს აგულიანებდა, - თუ ასეთი რამ პრეზიდენტს ერთხელ ვინმემ გაუბედა, სხვებიც გაუბედავენო" - რა ჩვენება მისცა ოქრუაშვილმა?

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენება მისცა. ის 2005 წლის ივლისში ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე დაიკითხა.

როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის მიმართ გარკვეული წყენა ჰქონდა, რომელიც უკავშირდებოდა ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრებზე გელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

"სააკაშვილი მთხოვდა ანგარიშსწორებას გელაშვილის მიმართ.  ყველაფერი კი ისე უნდა მომხდარიყო, რომ მოტივი არ გამოჩენილიყო. მე ამ თხოვნაზე უარი განვაცხადე და შემდეგ უკვე, როცა ფაქტი მოხდა და როცა მიხეილ სააკაშვილს ვესაუბრე, დავრწმუნდი, რომ მისი თხოვნა ვანო მერაბიშვილმა შეასრულა ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან ამ თემაზე რამდენიმე შეხვედრა იყო და ერთ-ერთს სამნი - თავად ირაკლი ოქრუაშვილი, ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდნენ.

"ამ საუბრის შინაარსი მე უკვე მოგახსენეთ. ანგარიშისწორებას ითხოვდა ჩემგანნ, იმიტომ რომ მყავდა ისეთი ჯგუფი, რომელიც ერთგულების ნიშნით გამოირჩეოდა", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს აქეზებდა.

"მერაბიშვილი აგულიანებდა და ეუბნებოდა, თუ ასეთი რამ პრეზიდენტს ერთხელ ვინმემ გაუბედა, სხვებიც გაუბედავენო, რომ არ უნდა დარჩენილიყო ყურადღების მიღმა და გარკვეული ზომები უნდა მიგვეღო. ჩავთვალე, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარწმუნებას აზრი არ ჰქონდა. მეორე შეხვედრა იყო, როცა მე ვცდილობდი გადარწმუნებას, მესამე შეხვედრაზე კი პოსტფაქტუმ ვისაუბრეთ, ანუ ეს ყველაფერი მოხდა და ვალერი გელაშვილზე ანგარიშსწორება განხორციელდა", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის კითხვაზე, რატომ არ მისცა ასეთი ჩვენება მან წინასწარი გამოძიებისას, როდესაც ორჯერ დაიკითხა, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაკითხვა ზერელედ და ზედაპირულად მოხდა.

"მე ორჯერ დავიკითხე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამომძიებელი არ იყო დაინტერესებული, ზერელედ და ზედაპირულად მოხდა ჩემი დაკითხვა. თან ეს დაკითხვები იყო სპონტანური", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"