თაზო ლიპარტელიანი, იგივე გრინჩი დაიღუპა - მომხდარზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა - კვირის პალიტრა

თაზო ლიპარტელიანი, იგივე გრინჩი დაიღუპა - მომხდარზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა

მუსიკოს თაზო ლიპარტელიანის, იგივე გრინჩის გარდაცვალების ამბავი საზოგადოებისთვის სოციალური ქსელით გახდა ცნობილი.

"როგორ მიყვარდა ეს ადამიანი, როგორ მიყვარდა მისი სახლი, სადაც უამრავი დრო გვაქვს გატარებული, სადაც შევიძინე ძალიან ბევრი ახალი მეგობარი და მოვისმინე ძალიან ბევრი ახალი მუსიკა. გრინჩის წასვლასთან ერთად, ახლა მგონია, რომ ჩემი თინეიჯერობის პატარა ძვირფასი ნაწილიც გაიყოლა თან.. და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემი...", - დაწერა "ფეისბუკმომხმარებელმა" გიორგი კიკონიშვილმა პირად გვერდზე.

თაზო ლიპარტელიანი ჯგუფ "Kung Fu Junkie"-ს წევრი იყო. საზოგადოებამ კი წლების წინ, "რუსთავი 2"-ის პროექტ "ჯეობარიდან" გაიცნო. მოგვიანებით, მან მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობა აქტიურად დაიწყო და საზოგადოებას მუდმივად აოცებდა თავისი ინდივიდუალურობითა და მრავალფეროვნებით...

არსებული ინფორმაციით, მუსიკოსი ჩამომხრჩვალი იპოვეს. მეგობრების თქმით, ის მათ წრეში ყველაზე პოზიტიური ადამიანი იყო და გარეშემომყოფთ თავისი სილაღით მუდმივად აოცებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუსიკოს თაზო ლიპარტელიანის გარდაცვალების ფაქტზე, საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.