ბომბავდნენ თუ არა კახეთიდან ავღანეთს? - კვირის პალიტრა

ბომბავდნენ თუ არა კახეთიდან ავღანეთს?

საბჭოთა სტრატეგები კახეთიდან თეირანზე ბირთვული საჰაერო დარტყმების მიყენებას არ გამორიცხავდნენ

დედოფლისწყაროსთან (ყოფილი წითელწყარო) მდებარე დიდი შირაქის სამხედრო აეროდრომიდან საბჭოთა გამანადგურებელ-ბომბდამშენებს თურქეთისა და ირანის ჩრდილოეთ ნაწილებში განთავსებული სტრატეგიული ობიექტები უნდა გაენადგურებინათ, სხვა იარაღთან ერთად, ბირთვული ბომბების გამოყენებითაც...

"კვირის პალიტრას" დედოფლისწყაროს რაიონიდან სხვადასხვა დროს რამდენიმე მკითხველი დაუკავშირდა, რომლებიც ითხოვდნენ, სიცხადე შეგვეტანა კახეთში მოარულ ლეგენდაში, თითქოს დიდი შირაქიდან საბჭოთა პერიოდში ავღანეთს ბომბავდნენ.

რუბრიკის "სრულიად (არა)საიდუმლოდ", საშუალებით ვეცდებით, ეს ლეგენდა ნაწილობრივ გავაქარწყლოთ და დედოფლისწყაროელებს გავაცნოთ, თუ როდის, რატომ და რა მიზნებისთვის აშენდა მათ რაიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბჭოთა სამხედრო აეროდრომი.

დიდ შირაქში აეროდრომის აშენების ინიციატივა ეკუთვნის გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ნანეიშვილს, რომელიც 1950 წელს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 34-ე საჰაერო არმიის სარდალი გახლდათ. თელავის აეროდრომიდან აფრენის შემდეგ ნანეიშვილის "ბოსტონს" ტექნიკური პრობლემები შეექმნა და გენერალმა ორმოტორიანი თვითმფრინავი ავარიულად მდინარე ალაზნის ახლოს მინდორზე დასვა. ნანეიშვილს ისე მოსწონებია ეს ადგილი, ყველა ღონე უხმარია, რომ მოსკოვში მიეღოთ გადაწყვეტილება, შირაქის ველზე, სოფლების - ზემო ქედისა და არხილოსკალოს ახლოს სამხედრო აეროდრომის აშენების შესახებ.

ასე აშენდა დიდი შირაქის აეროდრომი. თავდაპირველად აეროდრომს არ ჰქონდა ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რაც შიგაწვისძრავიანი თვითმფრინავების ბაზირებისთვის დიდი პრობლემა არ იყო. მოგვიანებით, როდესაც საბჭოთა ავიაციაში მასობრივად გამოჩნდა რეაქტიულძრავიანი საბრძოლო თვითმფრინავები, დიდ შირაქში ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ბეტონის ფილები დააგეს...

დიდი შირაქის აეროდრომზე განთავსებული იყო ალექსანდრე ნეველის სახელობის წითელდროშოვანი 168-ე გვარდიული გამანადგურებელ-ბომბდამშენთა საავიაციო პოლკი, რომლის შეიარაღებაში 1977 წლამდე Су-7Б ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენთა სამი ესკადრილია შედიოდა.

ამ ტიპის თვითმფრინავებს არაბები აქტიურად იყენებდნენ ექვსდღიან ომში ისრაელთან (1967 წ.), ინდოელები ინდოეთ-პაკისტანის მესამე ომში (1971 წ.), ეგვიპტელები ოქტომბრის ომში (1973 წ.) და სირიელები ისრაელის წინააღმდეგ.

არსებობს ვარაუდი, რომ ამ გამანადგურებელ-ბომბდამშენების არაერთმა საბჭოთა მფრინავმა, რომლებიც თავის დროზე დიდ შირაქში მსახურობდნენ, მონაწილეობა მიიღო არაბი და ინდოელი პილოტების მომზადებაში და თვითონაც ბომბავდნენ ეგვიპტის აეროდრომებიდან ისრაელის არმიის დანაყოფებს.

70-იანი წლების ბოლოსთვის უკვე მოძველებული Су-7Б-ები იმ დროისთვის თანამედროვე Cy-17 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენებმა შეცვალა. ამ გამანადგურებელ-ბომბდამშენს 10 პილონზე 3,6 ტ საერთო მასის ბომბები და რაკეტები მიჰქონდა და მისი საბრძოლო მოქმედების რადიუსი დამატებითი საწვავის ავზების გარეშე 590 კმ-ს აღწევდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დედოფლისწყაროდან აფრენილი Cy-17M3-ების საბრძოლო მოქმედების რადიუსში ხვდებოდა არა მარტო ირანის ჩრდილოეთი ნაწილი (ქ. თავრიზის ჩათვლით), არამედ თეირანიც კი, თუკი Cy-17M3-ებს საწვავის ორ დამატებით ავზს ჩამოჰკიდებდნენ.

დიდი შირაქის გამანადგურებელ-ბომბდამშენთა პოლკს NATO-ს წინააღმდეგაც შეეძლო საბრძოლო მოქმედებების წარმოება. საბჭოთა კავშირ-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის საქართველოს მონაკვეთამდე დიდი შირაქიდან პირდაპირი ხაზით 250 კმ-ზე მეტი არ იყო და კახეთიდან აფრენილ გამანადგურებელ-ბომბდამშენებს ბომბების ჩამოყრა (მათ შორის ბირთვულისაც) ტრაპიზონსა და ერზერუმშიც კი შეეძლოთ.

მესამე მსოფლიო ომის დაწყებამდე საქმე, საბედნიეროდ, არ მივიდა, თუმცა, "დიდმა შირაქელმა" პილოტებმა თავიანთ გამანადგურებელ-ბომბდამშენებით მაინც მოასწრეს ომის ნახვა.

1984 წელს დიდი შირაქიდან პილოტებისა და თვითმფრინავების ჯგუფი ავღანეთში გაიგზავნა საომრად. ფრენები, ძირითადად, ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ყანდაარის აეროდრომიდან ხორციელდებოდა.

ავღანეთიდან დაბრუნებულ "დიდ შირაქელებს" კი სიურპრიზი ელოდათ - მათმა პოლკმა სახელი შეიცვალა და გამანადგურებელ-ბომბდამშენის ნაცვლად ბომბდამშენების საავიაციო პოლკი ეწოდა. სახელის შეცვლა იმით იყო განპირობებული, რომ Cy-17M3 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენების ნაცვლად პოლკის გადაიარაღება 1988 წლიდან Cy-24 ტიპის საფრონტო ბომბდამშენებით დაიწყო.

ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა 36-ე ბომბდამშენთა საავიაციო დივიზია, რომელიც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 34-ე საჰაერო არმიაში შედიოდა. 36-ე ბომბდამშენთა საავიაციო დივიზიის შტაბიც დიდ შირაქში განთავსდა და მასში იქვე დისლოცირებული 168-ე პოლკის გარდა შედიოდა 143-ე (ქუთაისთან, კოპიტნარში, შეიარაღებაში 28 ცალი Cy-24M ტიპის საფრონტო ბომბდამშენი) და 976-ე ბომბდამშენთა პოლკები (აზერბაიჯანში, ქ. კიურდამირი, შეიარაღებაში 29 ერთეული Cy-24).

დიდ შირაქში 1992 წლის დასაწყისისთვის 30 ცალი Cy-24 ტიპის საფრონტო ბომბდამშენი იდგა, რომელთა საბრძოლო ამოცანები Cy-17M3-ებთან შედარებით გაზრდილი გახლდათ, თუნდაც იმიტომ, რომ დიდი შირაქიდან აფრენილი 39,7 ტ-იან Cy-24-ს 7 ტ საერთო მასის ბომბებისა და რაკეტების წაღება 600 კმ რადიუსში შეეძლო.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქართველოში 168-ე ბომბდამშენთა პოლკის ისტორია სრულდებოდა. 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაისვა საკითხი პოლკის სასწრაფოდ რუსეთში გაყვანის შესახებ.

1992 წლის 10 ივნისისთვის 30-ვე Cy-24 ტიპის ბომბდამშენი დიდი შირაქიდან ჩრდილოეთ კავკასიაში, მარინოვკის აეროდრომზე გადააფრინეს. პოლკის პირადმა შემადგენლობამაც იმავე წლის ოქტომბრამდე დატოვა გარნიზონი.

მას შემდეგ დიდი შირაქის სამხედრო აეროდრომის პირდაპირი დანიშნულებით გამოყენება საქართველოს ხელისუფლებას არ უცდია, თუმცა, ხანდახან იქ ქართული მოიერიშეები სხდებოდნენ. გაიძარცვა აეროდრომისა და სამხედრო ქალაქის ინფრასტრუქტურა, მოიპარეს ბეტონის ფილები, დაშალეს შენობები.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს დიდი შირაქის აეროდრომის ახლოს რუსულმა ბომბდამშენებმა (არ არის გამორიცხული, სწორედ მარინოვკის Cy-24-მაც კი) რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს.

დღეს დიდი შირაქის სამხედრო აეროდრომი საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ბეტონისსაფრიანი აეროდრომია, თუმცა, მისი პირდაპირი დანიშნულებით გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მოსაზღვრე აზერბაიჯანთან საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს.