"ჯერ კიდევ გონზე მყოფი იხვეწებოდა თურმე, - გადამარჩინეთო..." - 18 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"ჯერ კიდევ გონზე მყოფი იხვეწებოდა თურმე, - გადამარჩინეთო..." - 18 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები

"სალაპარაკოდ, სოფლის სასაფლაოებთან წაუყვანიათ, როგორც ჩანს, იქ კიდევ იკამათეს და..."

რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა ყვარლის რაიონის სოფელ ალმატში, სადაც 18 წლის დათო კიკნაძე თანატოლმა ცივი იარაღით მოკლა. გარდაცვლილი ბიჭი სოფელ ენისელიდან იყო და ალმატში მამიდასთან სტუმრად იმყოფებოდა.

ბიჭს ჭრილობა გულმკერდის არეში დანით მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცახადებით, დანაშაულში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"დათო მამიდასთან ხშირად მოდიოდა. ძალიან უბრალო, მხიარული და მეგობრული ბიჭი იყო. ის და ეჭვმიტანილი თანასოფლელები იყვნენ და ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ზუსტად არავინ იცის. როგორც ბიჭებმა თქვეს, მკვლელობამდე, რამდენიმე დღით ადრე უნახავთ ერთმანეთი და შელაპარაკება მოსვლიათ..." - ამბობენ ჩვენთან საუბარში ყვარლის რაიონის სოფელ ალმატის მცხოვრებლები.

ცნობილია, რომ დაჭრილი გამგებლის წარმომადგენელმა გოდერძი ჭიტაშვილმა წაიყვანა საავადმყოფოში,"ალმატში ვიყავი მაგ დროს და ჩემი მანქანით წავიყვანე დაჭრილი საავადმყოფოში, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. დანით იყო დაჭრილი. მიზეზი ნამდვილად არ ვიცით. მამიდაშვილმაც იცნო, ვინც გაიყვანა სახლიდან, მისი თანასოფლელი", -  განუცხადა მან კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

გიო, სოფელ ალმატის მცხოვრები:

- დათო, ლამის აქ გაიზარდა, ჩვენს გვერდით, მამიდასთან  ხშირად მოდიოდა და მას ყველა პატარობიდან იცნობდა... სტუმარი არც კი ერქვა, ვერ წარმომიდგენია ისეთი რა უნდა ჩაედინა, რომ სასიკვდილოდ გაემეტებინათ. თქვეს, რომ რამდენიმე ჭრილობა აქვს დანით გულ-მკერდში მიყენებულიო. შელაპარაკება უახლოეს მეგობართანაც შეიძლება მოგივიდეს, მაგრამ სიკვდილისთვის როგორ უნდა გაიმეტო ადამიანი.

- თქვენ იცნობთ მკვლელობაში ბრალდებულს?

- არა, ის დათოს თანასოფლელია, მაგრამ ვიცი, რომ საკმაოდ შარიანი ბიჭია და საერთოდაც, მის ოჯახზე ხმამაღლა საუბარს აქ ყველა თავს არიდებს.

- რატომ?

- არ ვიცი, შარი არ გვინდაო, - ასე ამბობენ...

- ადრეც ხომ არ ჰქონდათ კონფლიქტი ერთმანეთში?

- მე არაფერი გამიგია... როგორც ამბობენ, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე უკამათიათ და ის ეძებდა თურმე. ზოგი ამბობს, რომ მას შემდეგ კიდევ სადღაც შეხვდნენ ერთმანეთს და ისევ კონფლიქტი მოუვიდათ, ზოგმა თქვა, - ტელეფონით იჩხუბესო. ეს მხოლოდ ვერსიებია, სიმართლე მხოლოდ ბარლდებულმა იცის...

როდესაც ეჭვმიტანილი დათოს მამიდის სახლთან მისულა, სალაპარაკო მაქვს და გამომყევიო, - დათო არ მიჰყვებოდა თურმე, - რაც სათქმელი გაქვს, აქ მითხარიო. როგორც თქვეს, ბრალდებულს თან კიდევ ერთი ბიჭი ახლდა, მისი ვინაობაც ცნობილია... სალაპარაკოდ, სოფლის სასაფლაოებთან წაუყვანიათ, როგორც ჩანს, იქ კიდევ იკამათეს და... მამიდამისი სიგიჟის ზღვარზე იყო, - ჩემს ძმას რა პასუხი გავცე, საღ-სალამათი შვილი გამოუშვა ჩემთან და მკვდარი უნდა მივუსვენოო...

კახა მჭედლიშვილი, სოფელ ალმატის გამგებელი:

- ეჭვმიტანილი და დათო ენათესავებიან ერთმანეთს. ადგილი, სადაც მკვლელობა მოხდა, დათოს მამიდის სახლიდან, დაახლოებით, 500-მეტრშია. დანის დარტყმის შემდეგ, ეჭვმიტანილი და მისი თანმხლები პირი გაიქცნენ. დაჭრილმა ბიჭმა 300 მეტრამდე მანძილის გავლა მოახერხა, სისხლისგან დაცლის პირას მყოფი შველას ითხოვდა თურმე... გზაზე დაცემულა და მაშინ უნახავს ჩვენს თანამშრომელს, რომელიც რაღაც საქმიდან მოდიოდა და ყვირილი აუტეხავს, - გვიშველეთო! სანამ სასწრაფოს გამოუძახეს, მან თავის მანქანაში ჩააწვინა და წაიყვანა. ჯერ კიდევ გონზე მყოფი, იხვეწებოდა თურმე, - გადამარჩინეთო... ვიღაცას უკითხავს, - ვინ იყოო? - ჩურჩულით უთქვამს, ეჭვმიტანილის ვინაობა, - შოთიკო გიგიაშვილმა დამარტყა დანაო... ჩვენს თანამშრომელს თავისი მანქანით მიჰყავდა დაჭრილი ყვარლის საავადმყოფოში, რა დროსაც იქიდან მომავალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეხვედრიათ, მაგრამ საწყალი ბიჭი საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა, სისხლისგან დაიცალა...

- გარდაცვლილს დედ-მაშვილი ჰყავს?

- დიახ. უფროსი ძმა დარჩა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)