"დავდგამ "ვეფხისტყაოსანს" და გავყიდი! ხომ იძახიან, რუსეთი მტერიაო, სწორედ იმ მტერს - რუსეთს მივყიდი" - კვირის პალიტრა

"დავდგამ "ვეფხისტყაოსანს" და გავყიდი! ხომ იძახიან, რუსეთი მტერიაო, სწორედ იმ მტერს - რუსეთს მივყიდი"

რა ბედი ელის თეატრს, რომელსაც შენობა ერთ ლარად გაუყიდეს?!

"აგერ მიდევს სააკაშვილის წერილი, რომელიც 2005 წელს გამომიგზავნა. მწერდა, ბატონო ამირან, თქვენს თეატრს ხელს არავინ ახლებს, რეკონსტრუქციას დავიწყებთო, არადა, მალევე სულ გაყიდეს ერთ ლარად! "ზარალამ" იყიდა"

"ივანიშვილის დახმარება რომ არა, არც სახლი მექნებოდა, არც თეატრი და ცოცხალიც არ ვიქნებოდი"!

"საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თეატრის შენობა ერთ ლარად გამიყიდა. არსებობს ერთი პიროვნება, რომელსაც პლეხანოველები "ზარალას" ეძახიან. მას ეკუთვნის ყოფილი სასტუმრო "ივერიას" შენობა და რაც კი რამ არის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიაზე. ასეთი ცხოვრება აუწყვია "თავისი შრომით"... ეს შენობაც მან იყიდა და მიამატა საკუთარ "ნაშრომს". პრეზიდენტს რომ უთხრეს, თეატრს რა ბედი ელისო, უთქვამს ვინც მთლიანად შენობა იყიდა თეატრსაც ის მიხედავსო", - გვითხრა რამდენიმე წლის წინ პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელმა, ამირან შალიკაშვილმა, დავინტერესდით ახლა რა მდგომარეობაა თეატრში?

ამირან შალიკაშილი:

- პიროვნებებზე არ ვლაპარაკობ, სახელმწიფოსთან მაქვს საქმე, რომელმაც სახელმწიფო თეატრის შენობა გამიყიდა. აგერ მიდევს სააკაშვილის წერილი, რომელიც 2005 წელს გამომიგზავნა. მწერდა, ბატონო ამირან, თქვენს თეატრს ხელს არავინ ახლებს, რეკონსტრუქციას დავიწყებთო, არადა, მალევე სულ გაყიდეს ერთ ლარად! "ზარალამ" იყიდა, მაგრამ ის დამნაშავე არ არის. 37 მილიონი ჩადო სახელმწიფო საქმეში და მე ასი ათასი დოლარი გადამიხადა. ეს თანხა დღესაც ბანკში მიდევს ხელუხლებლად, მაგრამ მაგ ფულით რა თეატრს ავაშენებ?! ოთხი თვის წინ ბიძინა ივანიშვილს შევხვდი... რობიკო სტურუას ვუთხარი, შეხვედრა მინდა-მეთქი და მან მითხრა ჩემს გვერდით იარე, სადაც დავჯდები, შენც იქ დაჯექიო... რობიკო დაჯდა პარტერში, იქვე იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მოვიდა, გადამეხვია და მომიკითხა... ვუთხარი ბიძინას, არ ვარ კარგად, რადგან ჩემი თეატრის საქმე კარგად არ არის-მეთქი. ეს ძალიან ეწყინა და თქვა, ბავშვობაში დავყავდი დედაჩემს თქვენ სპექტაკლებზე, ვიცი რომ საბჭოთა კავშირში თქვენ ხართ პანტომიმის თეატრის დამაარსებელიო... შევჩივლე არავინ არ მაქცევს ყურადღებას-მეთქი, იქვე იდგა კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, ბიძინამ დაუძახა და უთხრა თეატრს მიხედეო! კულტურის მინისტრმა თავი დაუკრა, მაგრამ ოთხი თვე გავიდა და როგორც მომხედა მინისტრმა, მობრძანდით და ნახეთ!

- ნაწყენი ბიძინა ივანიშვილზე ხართ თუ მიხეილ გიორგაძეზე?

- არ შეიძლება ყველაფერზე ხელს ბიძინა ივანიშვილისკენ ვიშვერდეთ, მან მე პირადად გადამარჩინა! ივანიშვილის დახმარება რომ არა, არც სახლი მექნებოდა, არც თეატრი და ცოცხალიც არ ვიქნებოდი! ცოცხალს უნდა მომხედონ, თორემ, რომ მოვკვდები სულაც არ მინდა დიდუბეში და მთაწმინდაზე დაკრძალვა, ბაბუაჩემის გვერდით დამასაფლაონ გურიაში! არცერთი მთავრობისთვის არაფერი არ მითხოვია. ყოველთვის მაძლევდნენ დაკვეთას, რასაც ვასრულებდი და მინაზღაურებდნენ... ახლა ისეთი მთავრობა მოვიდა, არაფერს მიკვეთავს და მეუბნება გააკეთეო!

- როგორც ვიცი, თეატრისთვის ახალი შენობა უნდა აშენდეს...

- სამი ადგილია მონიშნული: მუშტაიდის ბაღი, ალექსანდროვის ბაღი და რუსთაველზე... არა და არ გადაწყდა სად უნდა აშენდეს. ამასწინათ ნარმანიასთან გამოიძახეს ჩემი შვილი და უთხრეს სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ პანტომიმის თეატრის მშენებლობაო... ესეც ტყუილი მგონია, აღარაფრის მჯერა!

საქართველოში არასოდეს არ იყო კულტურის სამინისტრო ღარიბი. არ დაიჯეროთ, რომ იძახიან გვიჭირსო! ორი წელია "ვეფხისტყაოსანზე" ვმუშაობ, ნახევარ მილიონს ვითხოვ დასადგმელად და ჯერჯერობით არ მაძლევენ... მოიყვანონ კომისია და დაიანგარიშონ რამდენი სჭირდება... უნდა მომცენ ეს თანხა, რადგან საქმე "ვეფხისტყაოსანს" ეხება, "რწყილი და ჭიანჭველა" ხომ არ არის?!

საუკუნის სპექტაკლი იქნება, რომელიც ყოველთვის საამაყოდ დარჩება! მე უკვე აღარსად ვმალავ, რაც მაქვს გადაწყვეტილი! მაინც დავდგამ "ვეფხისტყაოსანს" და გავყიდი! ხომ იძახიან, რუსეთი მტერიაო, სწორედ იმ მტერს - რუსეთს მივყიდი! ვიცი, რომ დიდი სკანდალი იქნება, მაგრამ სულ არ მენაღვლება! დღეს რუსეთში რუსთაველის ძეგლი ხელუხლებლად დგას და აქედან გამომდინარეც ჩანს, რომ "ვეფხისტყაოსნის" ფასი იციან! სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ კარგ ფასად იყიდიან! ბოლოსდაბოლოს საცვლებით გამოვიყვანო მსახიობები სცენაზე? - სპექტაკლს მაღალი დონის კოსტიუმები ჭირდება, მხატვარი, კომპოზიტორი და ასე შემდეგ... დალოცვილი "ვეფხისტყაოსანი", რა შექსპირი, რის შექსპირი... იმ შექსპირს თავის პატრონი ჰყავს! თეატრალურ სცენაზე ძნელად დასადგმელია "ვეფხისტყაოსანი" და ამიტომ ვარიდებთ თავს. არადა, წელს შოთა რუსთაველის საიუბილეო წელიწადია...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)