"ომარის მაგდა იმ დონეზე უყვარდა, არავის ეტყოდა, რომ მას ცოლი ღალატობდა" - რა ჩვენება მისცა ომარ ქაფიაშვილის ძმამ?!
ქმარ-შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს დილით განახლდა, თუმცა მას წინ უძღვოდა ინციდენტი, რაც შესვენებისასაც გაგრძელდა.
პროცესის დაწყებამდე, მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე და დედა ლია შამუგია ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც მხარეები სხდომათა დარბაზში შედიოდნენ.
ბრალდებულის დედასა და ომარ ქაფიაშვილის ახლობელს შორის მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, თუმცა ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც მანდატურებმა ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრები სხდომათა დარბაზში შეიყვანეს.
შესვენებაზე კი კიდევ ერთი ინცინდენტი მოხდა. საპირპარეშოში შესულ ომარ ქაფიაშვილის დედას, დარეჯან (ლილი) მინდიკაურს, შიგნით მაგდა პაპიძის დედა და და დახვდნენ. თვითმხილევლთა თქმით, პაპიძის დედამ, ლია შამუგიამ დარეჯნა მინდიკაურს სახეში ხელი გაარტყა და ჩხუბი დაუწყო. ფიზიკური დაპირისპირებაში მამაკაცებიც ჩაერთნენ, თუმცა დაპირისპირება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მალევე განმუხტეს. ქაფიაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ დაპირისპირება ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დედისა და დის მიერ იყო პროვოცირებული. საპირისპიროს ამტკიცებენ ლია შამუგია და ლანა პაპიძე. როგორც ისინი აცხადებენ, ფიზიკური დაპირისპირება ქაფიაშვილის ოჯახის წევრების მიერ იყო ინსპირირებული. პოლიციამ მომხდარის მოკვლევა უკვე დაიწყო, სასამართლო პროცესიდან დასაკითხად გაიყვანეს როგორც ლია შამუგია, ისე დარეჯან მინდიკაური.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდებას 9 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, მათ შორის გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ძმა, მალხაზ ქაფიაშვილი და ბრალდებულ მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე.
უკვე დასრულდა მალხაზ ქაფიაშვილის დაკითხვა. მისი თქმით, იმ პერიოდში თურქეთში იმყოფებოდა და ოჯახთან ხშირი მიმოეწერა ჰქონდა, მათ შორის მაგდა პაპიძესთან რომელზე, როგორც მალხაზ ქაფიაშვილი ამბობს, კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
"ბოლო ხანებში მაგდა "ფეისბუკზე" ხან მპასუხობდა, ხან - არა, ან მოკლე პასუხებს მცემდა. ჩემ ძმასაც "ვაიბერის" საშუალებით ვუკავშირდებოდი. ბოლოს 19 დეკემბერს, შვიდის ნახევარზე ვესაუბრე, მესიჯი მომწერა და პასუხი ცხრის წუთებზე დავუბრუნე, თუმცა არ მისვლია, რადგან უკვე გაითიშა მისი ტელეფონი. 20 დეკემბერს, საღამოს "ფეისბუკში" რომ შევედი, უამრავი მესიჯი დამხვდა, ყველა მწერდა, რომ ნახავ ამ წერილს ჩაალაგე ჩემოდანი და სასწრაფოდ ჩამოდი, ჩემი იქაური ნომერი არავინ იცოდა და მთხოვდნენ მოგვწერეო, დავწერე "ფეისბუკში" ჩემი ნომერი და მეგობარმა დამირეკა, მითხრა, ომარი ავარიაში მოყვა, რეანიმაციაშია და მძიმედ არისო, გავარდი "ფეისბუკიდან" 10 წუთი ცუდად ვიყავი, უკან რომ შევედი, სტატია ვნახე, მანგდა პაპიძემ ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები მოკლაო. გავგიჟდი, როგორ ჩამოვედი არ მახსოვს, აქ ისეთი სურათი დამხვდა ძმა და ძმისშვილი დახოცილი და ყოფილი რძალი დაჭერილი. მერე გავიგე ყველაფერი, რაც მოხდა.
სახლში ორი მიცვალებული გვესვენა და იმის ნაცვლად, ლანას და დედამისს ეგლოვათ, დადიოდნენ და ეძებდნენ წიგნებს და მაგდას ნივთებს. მაგდას დედა, ლია შამუგიამ მითხრა, მჯერა რომ მაგდას გაკეთებულია, მაგრამ ხალხის დასანახად ვამბობ, რომ არ არის მაგდას გაკეთბული, რადგან მაგდა ბავშვის დედაა და ამას იმიტომ ვამბობო. დამაინტერესა რა იყო ამ წიგნებში და მეც დავიწყე ძებნა. კორიდორში კარადა იდგა, რომელიც გასაღებით იყო ჩაკეტილი, ეს კარადა გავხსენი და ვიპოვე მაგდას ჩანაწერები სასიყვარულო ურთიერთობაზე და რაღაც პარკი...
მანამდე არ ვიცოდი, რომ ჩემ რძალს საყვარელი ჰყავდა, ამის გარკვევა რომ დავიწყე, გავიგე, რომ ეს იყო ოთარ ბერძენიშვილი, მაგდა რომ იძახის რომ ომარი მიყვარდაო, ეს ტყულიაო, თავიდანვე არ უყვარდა, რომ ყვარებოდა სხვასთან სიარულს არ დაიწყებდა. ეჭვი ერთი პროცენტითაც არ მეპარება, რომ მკვლელობა მაგდას ჩადენილია... იმ დღეს მეზობლები დედაჩემთან იყვნენ და ნახეს, მაგდა წარა-მარა შედიოდა ოთახში, როგორ გარეცხა გადასაფარებელი და როგორ გამოვიდა სარეცხის მანქანიდან ვარდისფერი სითხე.
გამორიცხულია, რომ ომარის ფეხით წაეყვანა ბავშვი ხაჭაპურის საჭმელად, ჯერ ერთი, საღამოს არ წაიყვანდა, თანაც ფეხით. მაგდას ბავშვის ჰყავდა მანქანაში ჩაგუდული, ჩემი ძმა დიდი ხნის მოკლული ჰყავდა და ალბათ ვერ მოახერხა მისი მანქანაში ჩატენვა... მაგდა პაპიძე ისეთი ქალი იყო, ეს მკვლელობა მისი ჩადენილი რომ არ ყოფილიყო, მთელ საქართველოს ფეხზე დააყენებდა. დედაჩემს უნახავს ომარი დაბლა, მაგდა ჩამჯდარა მანქანაში და ნაგვის ურნაში გადაუგდია ნივთმკიცებულებები, შემდეგ მობრუნებულა და დედას თავზე დასდგომია და უყურებდა. მაგდას ვიცნობდი, როგორც გიჟ და შვილზე გადაყოლილ დედას, მაგრამ რეალობა ის არის, რომ მან მოკლა შვილი...
წინა დღეებში ომარის თავისი ერთ-ერთი ძმაკაცისთვის დაურეკავს და უკითხავს სად შეიძლება გავაკეთო ტელეფონის ზარების და მესიჯების ამონაწერიო, ომარი ეჭვობდა, რომ მისი ცოლი ვიღაცასთან დადიოდა და ალბათ ამისთვის სჭირდებოდა, სანამ ომარი გაიგებდა, მაგდამ იქამდე მოიშორა და დაასწრო... პანაშვიდებზე ლანაც იძახდა, რომ მაგდამ დაასწრო ომარისო. ჩემი რძალი ფიზიკურად ძლიერი იყო, ფრენბურთს თამაშობდ... ომარის მაგდა იმ დონეზე უყვარდა, არავის ეტყოდა, რომ მას ცოლი ღალატობდა მაგრამ ამას რომ გაიგებდა, არ ვიცი, მერე რას იზამდა".
ამის შემდეგ, ბრალდებულმა პაპიძემ რამდენიმე შეკითხვა დაუსვა მალხაზ ქაფიაშვილს. "ჩემ შვილზე ამ ადამიანს დიდი ამაგი აქვს და ამას არასოდეს დავუკარგავ, დედასთან (დარეჯან მინდიკაური) მომიწია ხმის აწევა და ამას განვიცდი", - განაცხადა პაპიძემ, რასაც ხმაური და გინება მოჰყვა ბრალდებულის მისამართით, ამის გამო, რამდენიმე ადამიანს სასამართლო პროცესი დაატოვებინეს.
მალხაზ ქაფიაშვილის შემდეგ დაიკითხება რამდენიმე მოწმე, მათ შორის მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე.
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)